Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კვლავაც ფიქრობენ ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენაზე


ნიუ-იორკის ბირჟა
ნიუ-იორკის ბირჟა
საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის ინიციატივით, საპარლამენტო უმცირესობის გარდა, ეკონომიკური განვითარების მინისტრიც გამოვიდა. სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები გასულ წელს მომზადდა, მაგრამ საპარლამენტო განხილვის საგნად ჯერაც არ ქცეულა. ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის მთავარ მიზნად მომხმარებელთა უფლებების დაცვა და თანაბარი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბება სახელდება. ამ სამსახურის შექმნას მოითხოვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ინიციატივაც.

ქართულენოვან ინტერნეტში მრავლად შეხვდებით დისკუსიას ანტიმონოპოლიური სამსახურის საჭიროების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი ონლაინ დისკუსია ახლახან ეკონომიკურ წრეებში პოპულარულმა ვებსაიტმა, „ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგმა“, გახსნა. ამ დისკუსიაში მონაწილეთა უმრავლესობა ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას ემხრობა.

ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის ინიციატივით გასული წლის მეორე ნახევარში ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა გამოვიდა. მოგვიანებით - მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობა გადაწყდა - ევროკავშირის წარმომადგენელმა პერ ეკლუნდმა ის პირობები ჩამოთვალა, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს. მათ შორისაა ანტიმონოპოლიური სტრუქტურის ჩამოყალიბება. პერ ეკლუნდმა ისიც ახსნა, თუ რატომ უნდა უპასუხოს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის სტანდარტებს:
„ვფიქრობ, ყველა მთავრობამ უნდა გააკეთოს სარგებლის ანალიზი. ევროკავშირის პოზიციიდან თუ ვიმსჯელებთ, ჩვენთვის საქართველოსთან ვაჭრობა არაფერია, იმიტომ რომ ეს არის 0,1 პროცენტი. საქართველოს კი გაუჭირდება ევროკავშირთან ვაჭრობის გარეშე.“

მოგვიანებით ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის ინიციატივა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ წამოაყენა და ასე ახსნა თავისი მოსაზრება:

„უნდა გამოვიყენოთ მექანიზმები, რათა არ მოხდეს მონოპოლიების წარმოქმნა, თორემ კომპანიას ვერ აუკრძალავ, რომ თავის პროდუქტს 1%–იანი მოგება დაადოს, როცა სხვისთვის 10%–იანი მოგებაა მისაღები. პრინციპული პოზიცია მაქვს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა აღდგეს.“
მიუხედავად ანტიმონოპოლიური სტრუქტურის აღდგენის მომხრების საკმაო რაოდენობისა, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ლალიაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა:
„ჯერჯერობით ისევ ინიციატივის დონეზეა, ყურს არავინ იბერტყავს.“
ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება, რადგან მას ბიზნესისთვის ზედმეტ ბიუროკრატიულ ბარიერად მიიჩნევს, მით უმეტეს, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის“ სააგენტო ფუნქციონირებს. იგი 2005 წელს ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმების შემდეგ შეიქმნა და მის ფუნქციებში, ბევრ სხვასთან ერთად, დემპინგურ ფასებთან ბრძოლა და მონოპოლიური საქმიანობის ფაქტების აღკვეთაც შედის.

ეკონომიკის ექსპერტის დავით ნარმანიას აზრით, ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის აუცილებლობა იმიტომ გაჩნდა, რომ „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის“ სააგენტო არაეფექტურად მუშაობს:
„თუ პოლიტიკური ნება არ იქნა, რომ ეს სამსახური რეალურად ებრძოდეს მონოპოლიებს, ასეთ შემთხვევაში რა სამსახურიც არ უნდა შევქმნათ, თუგინდ სადამსჯელო ფუნქცია ჰქონდეს, ის ვერ იმუშავებს.“
ანტიმონოპოლიური სამსახურის საერთოდ არსებობის წინააღმდეგია „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე–პრეზიდენტი გია ჯანდიერი. მისი აზრით, საქართველოში მონოპოლიებთან დაკავშირებული შიშები გადამეტებულია.
„თუ მთავრობა არ იქნება პირადად მონაწილე მონოპოლიების შექმნაში, მაშინ არც ერთი მონოპოლია - მით უმეტეს, პატარა ქვეყანაში - სახიფათო არ არის, თუ მას გახსნილი აქვს საზღვრები.“

გია ჯანდიერის თანამოაზრეების – ლიბერალური ეკონომიკის მომხრეების - განცხადებებით, მონოპოლიებთან ბრძოლა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ საბაზრო პრინციპებით, რაც ღია საზღვრებს და თავისუფალ ვაჭრობას ემყარება და არა ბიუროკრატიულ სტრუქტურებს.
XS
SM
MD
LG