Accessibility links

logo-print

ბოსნიელი მწერალი - ირანის მორიგი სამიზნე


ჟელკო ივანკოვიჩი

ჟელკო ივანკოვიჩი

რამდენიმე ცნობილი ბოსნიელი ინტელექტუალი აკრიტიკებს მთავრობას, რომელიც სათანადოდ ვერ გამოექომაგა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან მწერალს. ჟელკო ივანკოვიჩს უსიამოვნო კრიტიკის მოსმენა მოუხდა ირანელი დიპლომატებისაგან, რომლებმაც მწერლის ბოლო წიგნში შემავალ ერთ-ერთ ნოველას ისლამის რჯულზე თავდასხმა უწოდეს.

საუბარია ნოველების კრებულზე, სახელწოდებით “იდენტობის ამოსვირინგება”, რომელიც გასულ თვეში სარაევოში გამომავალ ყოველდღიურ “ოსვობოჟდენიეში” გაგრძელებებით დაიბეჭდა. მწერალმა ჟელკო ივანკოვიჩმა ერთ-ერთ ნოველაში მოიყვანა ციტატა აზარ ნაფისის ბესტსელერიდან “ვკითხულობთ ლოლიტას თეირანში”, რომელშიც ერთი ახალგაზრდა გოგოს ცხოვრებაა ასახული ირანის რევოლუციის დროს და შემდგომ პერიოდში.

რაკი ამ პასაჟის გამოქვეყნება თეირანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ ქუჩის აქციებს დაემთხვა, ირანელმა დიპლომატებმა სარაევოში ეს აღიქვეს როგორც თეირანის მწვავე კრიტიკა და მუსლიმთა საჯარო შეურაცხყოფა.

თავად მწერალი ჟელკო ივანკოვიჩი კი ირანელი დიპლომატების ასეთ რეაქციას მისი უფლებების უხეშ შელახვას უწოდებს:

“ როდესაც მე მადანაშულებენ ბოსნიის რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობის გამწვავებაში, ისინი, დიპლომატები, ერევიან იმ ქვეყნის შიდა საქმეებში, სადაც სტუმრად იმყოფებიან. ისინი წერენ, თითქოს არავითარი განსახვავება არ იყოს ჩემსა და ისეთ სამხედრო დამნაშავეებს შორის, როგორებიც არიან არკანი, კარაჯიჩი, მილოშევიჩი და ტუჯმანი, რომელთა საქმის ბოლომდე მიყვანას ვცდილობ, თურმე. თითქოს ჩემს განკარგულებაში იყოს არმია, პოლიცია და პოლიტიკური მექანიზმები.“

ივანკოვიჩის დასაცავად ბოსნიელი ინტელექტუალები სწრაფად დაირაზმნენ. ბოსნია-ჰერცეგოვინის მწერალთა პენ-კლუბმა და ადამიანის უფლებათა დაცვის ჰელსინკის ჯგუფმა გააკრიტიკეს ირანის საელჩო გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშად შელახვის გამო. მათ კრიტიკას შეუერთდა ასევე ხორვატიის მწერალთა ასოციაცია და გერმანულ ენაზე მოლაპარაკე ქვეყნების მწერლები, მაგრამ არა ბოსნიის ხელისუფლება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ ალკალაიმ თქვა, რომ ის არ იცნობს ივანკოვიჩის საქმეს, თუმცა ისიც დასძინა, რომ, ზოგადად, მწერლების ნებისმიერი ფორმით დაშინების შემთხვევები გამოძიებული უნდა იქნეს.

ყოფილი ბოსნიელი დიპლომატი ჰაირუდინ სომუნი ფიქრობს, რომ, შესაძლოა, ხელისუფლება შეგნებულად არიდებდეს თავს ბოსნიელ მწერალთან დაკავშირებულ დისკუსიაში ჩართვას, ირანთან კარგი ურთერთობის შენარჩუნების მიზნით.

“გარდა ყველა სხვა ურთიერთობისა, უწინარესად უნდა გავითვალისწინოთ ბოსნია-ჰერცეგოვინის პოლიტიკური სტრუქტურა და ისიც, რომ ირანი იყო ბოსნიის მტკიცე მოკავშირე [1992-95 წლების] ომის დროს. ამას აქვს კავშირი ხელისუფლების რეაქციასთან.

ბოსნიის ხელისუფლების ასეთ დუმილს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უპასუხისმგებლოს უწოდებენ, რაც, მათი თქმით, ირანის ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს ქვეყანაში მიმდინარე შიდა დაპირისპირება ბოსნიაში ვითომცდა ანტიმუსულმანური წიგნის გამოცემით გამოწვეული ხმაურით გადაფაროს.

ბოსნიელი მწერლები და უფლებადამცველები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ადამიანის უფლებების დაცვას და ნუ დახუჭავენ თვალებს იმ საგარეო თუ საშინაო პრობლემებზე, რომელზეც ადგილობრივი მედია წერს.
XS
SM
MD
LG