Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი ვრცელი სიტყვით წარდგა პარლამენტის წინაშე


საქართველოს პარლამენტმა უკვე მოისმინა პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა. შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტის სხვა ანალოგიური გამოსვლების ფონზე 20 ივლისის გამოსვლა იყო განსაკუთრებით დატვირთული დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მოწოდებებით. ინიციატივების დასახელებისას მიხეილ სააკაშვილი მიუთითებდა ინიციატივების განხორციელების ვადებსაც. ” გზა საქართველოს განვითარებისთვის არის რეფორმები, რეფორმები და რეფორმები, ყოველგვარი უკანდახევის გარეშე” , - ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის 20 ივლისის გამოსვლის მთავარი გზავნილი. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დაიწყო დეპუტატების გამოსვლები, იმართება დებატები.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა დაასახელა რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა, დეპუტატებს და საქართველოს მთელ საზოგადოებას ფართო დიალოგში ჩაბმისკენ მოუწოდა იმ პროცესის ხელშესაწყობად, რომელსაც ხელისუფლების მიერ დაპირებული დემოკრატიის ახალი ტალღა ჰქვია.

”არ უარვყოფ, რომ ვითარება რთულია და აქ მოვედი იმისთვის, რომ ერთადერთი გზა ამ გამოწვევების გადასალახავად არის ჩვენი დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერება, პოლიტიკური სისტემის კიდევ უფრო გახსნა. ჩვენ გვიხსენებენ შეცდომებს რეფორმებში. რაღაც შეცდომები იყო, მაგრამ ბევრი არ იყო. დღეს გამოსავალი არის არა უარი რეფორმებზე და კომპრომისი კორუმპირებულ კლანებთან, გამოსავალი არის წინსვლა: რეფორმა, რეფორმა და კიდევ ერთხელ რეფორმა, ყოველგვარი უკანდახევის გარეშე.”

რეფორმა, რეფორმა და ისევ რეფორმა, უკანდახევის და კლანური აზროვნების ადამიანებთან კომპრომისების გარეშე - ეს იყო პრეზიდენტის მოხსენების მთავარი მოწოდება, მიხეილ სააკაშვილის მთავარი გზავნილი. ”მამალაძეების, თარგამაძეების, ჩხარტიშვილის დრო აქ არასდროს დაბრუნდება. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ვაშენებთ ახალ საქართველოს და ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ახალი საქართველოს გასაერთიანებლად და გასავითარებლად”, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. მან საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს და საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები - ამასთან, უფრო წარმომადგენლობითი თბილისის საკრებულოს არჩევნები - 2010 წლის 30 მაისს; არჩევნებამდე - საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირება და ახალი საარჩევნო კომისიის დამტკიცება ისე, რომ კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა დასახელდეს ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების ფართო შეთანხმებით.

კიდევ ერთი ინიციატივა შეეხებოდა არჩევნების მონაწილეობაზე შეზღუდვების მოხსნას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ისე, რომ მათ შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ოღონდ საქართველოში ცხოვრების გარკვეული ცენზით. პრეზიდენტმა თქვა, რომ სექტემბერში პარლამენტში შეიტანს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელმაც უნდა აღჭურვოს მოსამართლე უფლებით დასაჯოს ნებისმიერი პირი, ვინც შეეცდება მასზე გავლენის მოხდენას.
მედიის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის პრეზიდენტის ინიციატივა გულისხმობს ყველა სატელევიზიო არხისთვის სატელიტური მაუწყებლობის საშუალების მიცემას, ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლას, საბჭოს დეპოლიტიზაციისა და მასში სამოქალაქო სექტორის როლის გაძლიერების კუთხით.

კიდევ: მიხეილ სააკაშვილის წინადადებაა უშიშროების საბჭოს სხდომების გაფართოება ისე, რომ სხდომებში მონაწილეობის მიღება შეეძლოს ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებს. ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც შარშან მაისში დახიეს დეპუტატის მანდატები, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შესთავაზა დაბრუნდნენ პარლამენტში. ასევე მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში გამოაცხადა დიდი სახალხო დიალოგი - თქვა, რომ აქამდე ის დიალოგს სთავაზობდა მოსახლეობის უმცირესობას (პოლიტიკურ ოპოზიციას) და ახლა მომხრეა დაიწყოს ფართო დიალოგი უმრავლესობასთან - საქართველოს მოსახლეობასთან. პრეზიდენტმა ხელისუფლების წევრებს მოუწოდა იარონ რაიონებში და ინტენსიურად შეხვდნენ მოსახლეობას, მოისმინონ მათი პრობლემები, მათი წინადადებები. მიხეილ სააკაშვილმა ასევე ისაუბრა პარლამენტის მუშაობის სამომავლო გადანაწილებაზე თბილისსა და ქუთაისს შორის: კომიტეტების სხდომები - თბილისში, პლენარული სხდომების გამართვა ქუთაისში.

გამოსვლაში არ ყოფილა აქცენტები საგარეო პრიორიტეტებზე, თუმცა პრეზიდენტმა თქვა, რომ მთავარი ამოცანა არის საქართველოს დეოკუპაცია და სანამ საქართველოში ფრიალებს 5 ჯვრიანი დროშა და სანამ ხელისუფლებას ხელი არ მოუწერია კაპიტულანტურ შეთანხმებაზე, ლაპარაკი ბრძოლის წაგებაზე მიუღებელია. მაგრამ ამ მოსაზრებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი არ იზიარებს და ეს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ ზოგიერთი დეპუტატის გამოსვლაშიც დადასტურდა:

”ამ უგუნური მოქმედებების კულმინაცია იყო ავანტიურა, რაც სააკაშვილმა განახორციელა მორიგი პროვოკაციის შედეგად, რაც გარდაუვალი მარცხით დასრულდა და ჩვენ ვიმკით შედეგებს”, - განაცხადა პეტრე მამრაძემ. მან ისიც თქვა, რომ ამ მარცხის შემდეგ ”რეჟიმი უნდა წავიდეს” და თქვა, რომ მარცხის შემდეგ აუცილებელია დიალოგის დაწყება რუსეთთან, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა.. ”და ეს არ იქნება ქედის მოხრაო”,ესეც თქვა მამრაძემ. მას მოგვიანებით უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა მიმართა, სირცხვილია პუტინის სიტყვების განმეორება საქართველოს პარლამენტშიო..

ჯონდი ბაღათურიას თქმით, ”7 ნოემბრისთვის არავის უგია პასუხი, ქვეყანას არ ჰყავს სასამართლო, გაბატონებულია უთანასწორობა კანონის წინაშე.”

ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენლის, მაგდა ანიკაშვილის პრეტენზიასაც მოვიყვანთ: „დარწმუნებული ვარ ვერც ერთი აქ ვერ იტყვის, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოცუზრუნველყოფის საქმეში თქვენმა ხელისუფლებამ გაატარა რეფორმა და საზოგადოებამ მიიღო პოზიტიური შედეგი.”

ეს პრეტენზიები უმრავლესობის მხრიდან გაზიარებული არ იქნა. მაგდა ანიკაშვილს პავლე კუბლაშვილმა ურჩია დაათვალიეროს ბოლო წლებში აშენებული საავადმყოფოები. ამასთან, კუბლაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი მიღწევა იყო და არის ფართომასშტაბიანი კორუფციის დამარცხება და საქართველოში კანონიერი ქურდების ინსტიტუტის ამოძირკვა...

აი, ასეთი გამოსვლები იყო პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ. ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ პრეზიდენტს მოუწოდა ვეტო დაადოს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მიტინგებისა და მანიფესტაციების ჩატარების შესახებ. ასევე ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა თავის გამოსვლაში პრეზიდენტი და ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ ვერ შედგა რეალური დიალოგი ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის. ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლებმა ერთმანეთის მიყოლებით აღნიშნეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის 20 ივლისის გამოსვლაში არ იყო სიახლე და არ იყო პოზიტივი.

ამ და სხვა გამოსვლებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ისმენდა საქართველოს პრეზიდენტი და ემზადებოდა დასკვნითი სიტყვით გამოსასვლელად.
XS
SM
MD
LG