Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ინიციატივა მორიგ "სპექტაკლად" შეფასდა


მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა პარლამენტში
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა პარლამენტში
მიხეილ სააკაშვილის მიერ შეთავაზებული რამდენიმე ინიციატივიდან ერთ-ერთი ეხებოდა ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების დანიშვნასა და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევას, თუმცა ამ წინადადებას ერთნაირად უარყოფითად გამოეხმაურა როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია - ითქვა, რომ ეს მხოლოდ ფორმალური შეთავაზებაა, რომ მასში ახალი არაფერია და რომ ამით პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისში აშშ-ის დელეგაციის ჩამოსვლამდე ხელსაყრელი პოლიტიკური ფონი შეიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ 20 ივლისს პარლამენტში მისულმა მიხეილ სააკაშვილმა ბევრჯერ ახსენა სიტყვა რეფორმა და თქვა, რომ ქვეყანამ რეფორმების გზით უნდა განაგრძოს განვითარება, დაასახელა რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა, 45 წუთის განმავლობაში უმრავლესობის მრავალჯერადი აპლოდისმენტიც დაიმსახურა, 21 ივლისის გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრსა თუ არასამთავრობო სექტორში ისეთივე კრიტიკული იყო, როგორც მანამდე. პრეზიდენტის ფორმალურ შეთავაზებად შეფასდა ასევე მერის პირდაპირი წესით დანიშვნისა და ვადამდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 2010 წლის 30 მაისს დანიშვნის ინიციატივაც.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ინიციატივების პლუსად მიიჩნიეს ის, რომ ყველა ეს წინადადება კონკრეტული და დროში გაწერილია; ასეთი იყო, მაგალითად, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის შეფასება:

”ყველა ეს წინადადება არის კონკრეტული, დროში შეზღუდული და არ არის რიტორიკული წინადადებები, რომ, მოდით, ეს გავაკეთოთ.”

ახალი და მოულოდნელი არაფერი ყოფილა სააკაშვილის წინადადებაში არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციისათვის - ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, ამბობს, რომ შეიქმნა ხელსაყრელი პოლიტიკური ფონი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის წინ:

”ჩვენ ეს ყველაფერი უკვე გვესმის ბოლო სამი თვეა. ბოლო ერთი თვეა თავად გიგი უგულავა აქტიურად აწარმოებს საარჩევნო კამპანიას. ასე რომ, რატომ შეფუთა ეს პრეზიდენტმა სიახლედ, მაგას ვერ მივხვდით.”

ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტს უკავშირებს სააკაშვილის ყველა ინიციატივას არასაპარლამენტო ოპოზიციაც. პოლიტიკური ქულების დაწერა - ასე შეაფასა რადიკალური ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელმა პრეზიდენტის გამოსვლა. კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმა კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მერის პირდაპირი წესით არჩევის ინიციატივით სააკაშვილი მხოლოდ თბილისში დამარცხებას შეეგუა:

”ამ ინიციატივით სააკაშვილი ამბობს, რომ თბილისი მე ისედაც დაკარგული მაქვს. ერთგვარად თითქოს შეგუებულია იმ შედეგს, რასაც თბილისში მიიღებს, მაგრამ არაფერს ამბობს დანარჩენ საქართველოზე, სადაც ასევე დემოკრატიულად არჩეული თვითმმართველობის ხელმძღვანელებია საჭირო. ასე რომ, ეს არ არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომ იქ იგივე პროცესი გაგრძელდება და, ჩემი აზრით, ის კიდევ უფრო ებღაუჭება ძალაუფლებას თვითმმართველობების სახით, რასაც ისედაც ფლობს სააკაშვილი.”

ოპოზიცია მერის პირდაპირი წესით დანიშვნას ჯერ კიდევ 2004 წლიდან ითხოვდა. ასე რომ, პრეზიდენტის მხრიდან დღეს დაკმაყოფილებული ეს მოთხოვნა მათ ბრძოლის ლოგიკურ დასასრულად მიაჩნიათ და ქვეყნის პირველი პირის კეთილ ნებად. ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთ ლიდერს, ფიქრია ჩიხრაძეს, დარჩა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის ერთადერთი სათქმელი ამერიკული დელეგაციისათვის ის იქნება, რომ მან პარლამენტში უპრეცედენტოდ დიდხანს უსმინა ოპოზიციას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის რამდენიმე თვით გადმოწევა კი რეალურად არაფერს შეცვლის.

რას ნიშნავს არჩევნების თარიღის რამდენიმე თვით გადმოწევა და არის თუ არა ხელისუფლების მხრიდან ეს დათმობა? ეს კითხვა სააკაშვილის ინიციატივის გაჟღერებისთანავე გაჩნდა. ხელისუფლება ფიქრობს, რომ არის. ოპოზიციის აზრი მოვისმინეთ. ვკითხეთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც. ზაქარია ქუცნაშვილმა, ხელმძღვანელმა ორგანიზაციისა „კანონი ხალხისათვის“, სააკაშვილის ინიციატივას ასეთი ახსნა მოუძებნა:

”სააკაშვილი ცდილობს არჩევნების ხუთთვიანი ვადით გადმოწევით ათთვიანი ვადა მოიგოს, იქიდან გამომდინარე, რომ დღეიდან 30 მაისამდე ზუსტად ათი თვეა დარჩენილი. ანუ თუ ის ამ თამაშში ჩაითრევს ოპოზიციას და საზოგადოებას, ის მინიმუმ ათი თვით გადაივადებს რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თარიღს.”

სააკაშვილმა თავის გამოსვლაში საარჩევნო კომისიის შეცვლაც ახსენა. ქუცნაშვილის თქმით, ეს აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი ნაბიჯია. არასაკმარისი იმიტომ, რომ დღეს მოქმედი საარჩევნო კანონის პირობებში ადამიანების შეცვლას კომისიებში არანაირი აზრი არა აქვს.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება დაასახელა „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ადგილობრივ თუ სხვა ვადამდელ არჩევნებში მისი პოლიტიკური ძალის მონაწილეობის წინაპირობად.

მან ასევე თქვა, რომ, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების და საარჩევნო კოდექსის შეცვლის გარდა, უნდა მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზაცია, რათა ისინი აღარასოდეს ჩაერიონ არჩევნების პროცესში.
21 ივლისს ასევე ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივ არჩევნებში საპარლამენტო ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG