Accessibility links

logo-print

ბაიდენი: რუსეთთან აშშ-ის ურთიერთობის "გადატვირთვა" უკრაინის ხარჯზე არ მოხდება


ჯოზეფ ბაიდენი და ვიქტორ იუშჩენკო

ჯოზეფ ბაიდენი და ვიქტორ იუშჩენკო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს კიევში ვიზიტით დაიწყო ტურნე, რომელიც საქართველოში სტუმრობასაც ითვალისწინებს.

უკრაინაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის გარემოება, რომ ვიზიტი უკრაინის პრეზიდენტობის 4 კანდიდატთან შეხვედრებს ითვალისწინებს. ეს კანდიდატები არიან, ამჟამინდელ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს გარდა, პრორუსული “რეგიონების პარტიის” ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არსენი იაცენიუკი. ამდენად, მომავალი წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში ბაიდენის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემაა, ბუნებრივია, არა ერთადერთი.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა ამერიკელ სტუმართან შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა ისაუბრეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაზე. იუშჩენკომ, ფაქტობრივად, დაადასტურა ნატოში გაწევრიანებისაკენ უკრაინის მისწრაფება, როცა განაცხადა, რომ “როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონშია აღნიშნული, ევროატლანტიკური სტრუქტურები საუკეთესო გზაა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”. იქვე უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს ევროატლატნტიკურ სტრუქტურებში მისი ქვეყნის ინტეგრაციის “თანმიდმევრული და მკაფიო მხარდაჭერისათვის”.

თავის მხრივ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა კიევში, როგორც წინასწარვე ვარაუდობდნენ, განაცხადა, რომ ამერიკა, მართალია, რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვაზე (გაუმჯობესების გაგებით) მუშაობს, მაგრამ ეს უკრაინის ინტერესების ხარჯზე არ მოხდება და რომ პირიქით, უკრაინას სარგებელსაც კი მოუტანს.

გამოვა თუ არა ბაიდენი ამავე შინაარსის განცხადებით თბილისში, მალე შევიტყობთ: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ხვალ ჩავა. როგორც ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი ბრაიან უიტმორი კიევიდან იუწყება, მთლიანობაში, ვიზიტს ორი მიზანი აქვს: “ერთი მხრივ, რუსეთთან ურთიერთობაში გადატვირთვისა და მოსკოვში პრეზიდენტ ობამას ვიზიტის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტი ცდილობს დაარწმუნოს როგორც უკრაინა, ისე საქართველო, რომ შეერთებული შტატები კვლავაც სანდო მოკავშირედ რჩება. მაგრამ მეორე მხრივ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიცე-პრეზიდენტი აპირებს მკაფიო მესიჯით მიმართოს ორივე ქვეყანას, რომ ამერიკის მოკავშირეობა გარკვეულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. უკრაინაში ეს დაკავშირებული იქნება ენერგეტიკული სექტორის რეფორმასთან, საქართველოში - უფრო მეტად დემოკრატიულ რეფორმასთან”.
XS
SM
MD
LG