Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შესაძლოა ამერიკელები შეუერთდნენ


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში შესაძლოა ამერიკელები შეუერთდნენ. საქართველოს ხელისუფლებაში ადასტურებენ, რომ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის მისიის სხვა მხარეებისთვის გახსნის, კერძოდ, სადამკვირვებლო მისიაში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვის თაობაზე. ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს სურვილი. ”ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ ამერიკელებს და მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა“, - აცხადებენ საქართველოს ხელისუფლებაში. რამდენად რეალურია საქართველოში ევროკავშირის მისიის გაძლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით?

”თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დაველოდოთ საბოლოოდ როგორი იქნება გადაწყვეტილება”, - გვითხრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელშიც ევროკავშირის 240 დამკვირვებელი იღებს მონაწილეობას, მანდატი ეწურება. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება მისიისთვის მანდატის გაგრძელების საკითხი. მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით ევროკავშირში არის სრული კონსენსუსი. საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ამის შესახებ თბილისში ყოფნისას განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის, საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილტმა. მისიას მანდატი მალე გაუგრძელდება. საქართველოში ვარაუდობენ, რომ მანდატის გაგრძელებისას ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას გააძლიეროს სადამკვირვებლო მისია, სხვათა შორის, ტექნიკური აღჭურვილობითაც. ”არსებობს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეები ამ მიმართულებით“, - თქვა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ. - ”არის პერსპექტივები, არის სატელიტური დაკვირვების პერსპექტივები, რადგან არ უშვებენ მონიტორებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მონიტორებს უნდა ჰქონდეთ საშუალება მოიპოვონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს რუსეთი შეთანხმებებს. ასეთი იდეაც არსებობს და პრინციპულად ახალი საკითხია მისიის გაფართოების საკითხი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მონიტორებით და დგას ამერიკელი მონიტორების დამატების საკითხი. საქართველო მთლიანად უჭერს მხარს ამ იდეას და, მე მგონი, არ არის რთული ასახსნელი, რატომ. ეს იქნება არა მარტო პოლიტიკური გზავნილი, ეს იქნება მისიისთვის უფრო მეტი წონის მინიჭება. საქართველო თვლის, რომ ამ მისიის ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს საერთაშორისო საპოლიციო მისიაში. ჩვენ ამ საკითხზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამ ეტაპზე მყისიერად დგას ევროკავშირის მისიის გაფართოების საკითხი სხვა მხარეებისთვის.”
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს თემა - ევროკავშირის მისიის გაფართოების თემა - წამოიწევს თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტისას, მასთან შეხვედრებისას. ” ის, რომ აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის განხორციელება იმისთვის, რომ რუსეთი დასთანხმდეს საქართველოშო საერთაშორისო საპოლიციო მისიის არსებობას, იქნება მუდმივი თემა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრებისას”, - გვითხრა გიგა ბოკერიამ.

რას შეცვლის ევროკავშირის მისიის გაფართოება მასში ამერიკელი მონიტორების ჩართვის შემთხვევაში? ამაზე გვესაუბრა სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილიც: ”ეს იქნება იგივე მისია, მაგრამ მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც. ეს გაზრდის მისიის ავტორიტეტს და უფრო უსაფრთხოს გახდის მისიის საქმიანობას, რადგან ამერიკელ მონიტორებზე თავდასხმა - ან შესაძლო თავდასხმა - სხვა პოლიტიკური წონის მატარებელია. ”

მისიის მუშაობა საქართველოში უსაფრთხო არ არის. შეგახსენებთ თუნდაც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ივნისის შუა რიცხვებში მომხდარ აფეთქებას. მაშინ დაიღუპა სამედიცინო მანქანის მძღოლი, სამედიცინო მანქანა კი ახლდა ევროკავშირის მონიტორების დაჯავშნულ მანქანას. აფეთქების შედეგად, ევროკავშირის მონიტორების მანქანაც დაზიანდა. ფაქტი ევროკავშირის მისიაზე მიზანმიმართულ თავდასხმად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.
ევროკავშირმა თავისი მისია საქართველოში აგვისტოს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ გამოგზავნა. მისი მანდატი ვრცელდება მთელ საქართველოზე, მაგრამ ევროპელ მონიტორებს არ უშვებენ საქართველოს ოკუპირებულ ზონებში. მისია მხოლოდ სადამკვირვებლო ფუნქციისაა, მაგრამ მის ყოფნას საქართველოში აქვს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა. საქართველოში ევროკავშირის მისიის არსებობის პირობებში რუსეთისთვის რთული გახდა პირობით საზღვრებთან დაგეგმოს და განახორციელოს სერიოზული ინციდენტი იმ მიზნით, რომ ამ ინციდენტზე პასუხისმგებლობა შემდეგ საქართველოს დააკისროს; იმ მიზნით, რომ პროვოკაციები გამოიყენოს ვითარების ესკალაციისთვის. რუსეთის ძალისხმევით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დაიხურა ეუთოსა და გაეროს მისიებისთვის. ევროკავშირი უკვე ერთადერთი და, შესაბამისად, განსაკუთრებული დატვირთვის საერთაშორისო მისიაა საქართველოში. ”განიხილება მასთან ამერიკის შეერთებული შტატების მიერთების შესაძლებლობა. და თუ ასე მოხდა, შესაძლოა გაიოლდეს პროგრესის მიღწევა სადამკვირვებლო მისიის გარკვეული საპოლიციო ფუნქციებით აღჭურვის მიმართულებით”, - წერს თავის ერთ-ერთ ბოლოდროინდელ სტატიაში ცნობილი პოლიტოლოგი ვლადიმირ სოკორი. ამერიკული ”ნიუ-იორკ თაიმსი”, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ პიტერ სემნებიზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ევროკავშირმა ცნობად მიიღო საქართველოს მხარის ინტერესი მისიის სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის გახსნის შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ დღის წესრიგში არ დგას. გიგი ბოკერია კი ამბობს: ”ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი გადაწყდება უფრო სწრაფად, ვიდრე ნაკლებად სწრაფად. ”
XS
SM
MD
LG