Accessibility links

logo-print

პირველი ადამიანი მთვარეზე: ცივმა ომმა კოსმოსის ათვისებას გზა გაუხსნა


ნილ არმსტრონგი მთვარის ზედაპირზე

ნილ არმსტრონგი მთვარის ზედაპირზე

ნილ არმსტრონგი ამ დღეებში ბევრს გაახსენდა: ეს არის კაცი, რომელმაც, პირველმა ადამიანთა შორის, ფეხი დადგა სხვა ციურ სხეულზე, მთვარეზე. არმსტრონგი 1969 წელს “აპოლონ 11-ის” ეკიპაჟის მეთაური იყო. ის იშვიათად ლაპარაკობს საჯაროდ, მორიდებულია მედიის წინ , და თუ რამეს ამბობს, უფრო საინჟინრო საქმის მიღწევაზე საუბრობს - თავის თავს, პირველ რიგში, ინჟინრად და მერე ასტრონავტად მიიჩნევს. ამ დღეებში ის ვაშინგტონში სმითსონის ინსტიტუტს ეწვია და თავისი აზრი გამოთქვა იმაზე, თუ როგორ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს კოსმოსის ათვისებაში აშშ და საბჭოთა კავშირი.

ნილ არმსტრონგმა ამერიკის მიღწევებზე კოსმოსის კვლევაში ბევრი იცის. გათვითცნობიერებულია ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებულ კვლევაში, მაგრამ თუკი რამეს ამბობს, უფრო თავის ქვეყანას ეხება ხოლმე. ამჯერად მისი თემა იყო გამალებული კვლევა კოსმოსისა და, ამ მხრივ, შეჯიბრი ორ გოლიათს - აშშ-სა და საბჭოთა კავშირს - შორის იმ დროს, როცა ამჟამად 78 წლის არმსტრონგი აქტიური ინჟინერი და ასტრონავტი იყო. არმსტრონგი აცხადებს, რომ ირონიულად ჟღერს, მაგრამ ორ სახელმწიფოს შორის ცივი ომის დროინდელმა სამხედრო დაძაბულობამ კოსმოსის კვლევის ტექნოლოგიის განვითარება დააჩქარა:

“მეცნირები ამერიკასა და საბჭოთა კავშირში აღიარებდნენ, რომ თუკი შესაძლებელი იქნებოდა ამ მაღალეფექტიანი სამხედრო რაკეტების გამოყენება დედამიწის გარშემო ორბიტაზე სამეცნიერო აპარატურის გასატანად, ეს, დედამიწის საიდუმლოებათა ამოხსნის თუ არა, მათი ახალ ჭრილში დანახვის პერსპექტივას წარმოშობდა.”

1957 წლიდან ეჯიბრებოდნენ საბჭოეთი და შტატები ერთმანეთს კოსმოსში საფრენი ობიექტის გაყვანაში. დიდი იყო ამერიკელების ბრაზი, როცა კრემლმა ერთი კი არა, ორი თანამგზავრი გაუშვა კოსმოსში - “სპუტნიკ 1” და “სპუტნიკ 2”. არმსტრონგი იხსენებს:

“სპუტნიკმა” ამერიკის საზოგადოება შეაძრწუნა: როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, ჩვენ ხომ გვეგონა, რომ ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ქვეყანა ვიყავით? რაიმე უნდა გვეღონა. რაკეტა, რომელსაც ჰქონდა იმის სიმძლავრე და სიზუსტე, ორბიტაზე გაეყვანა თანამგზავრი, იმასაც შეძლებდა, ოკეანის გადაღმა ზუსტ სამიზნემდე მიეტანა ბირთვული ქობინა.”

”სპუტნიკის” გაშვებამ ამერიკის კონგრესს აფიქრებინა, ჩამოეყალიბებინა კოსმოსის კვლევის უწყება, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებდა. 1958 წელს დაარსდა “ნასა”, აშშ-ის სახელმწიფო აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის სამმართველო. ამერიკელების დაუღლელი მცდელობის მიუხედავად, არმსტრონგს ეს კარგად ახსოვს, მათ ჰქონდათ განცდა, რომ ჩამორჩნენ. “მთლიანობაში, საბჭოთა კავშირმა ბევრ სფეროში გაგვასწრო, რაც ამერიკელებს საგონებელში აგდებდა”, ამბობს ის. მთვარეზე მისული პირველი ადამიანის თქმით, მხოლოდ “აპოლონის” პროგრამის განვითარების შემდგომ დაიწყო აშშ-მა საბჭოთა კავშირის დაწევა. არმსტრონგი იხსენებს დაძაბულ ვითარებას “ლუნა 15-თან” დაკავშირებით. ეს ის კოსმოსური ხომალდია, რომელმაც ამერიკელების მთვარის მისიამდე რამდენიმე დღით ადრე აიღო სტარტი და მთვარიდან, მისი სხვა ანალოგების მსგავსად, გრუნტის სინჯი უნდა ჩამოეტანა. სწორედ “აპოლონ 11-ის” გაფრენისას შეიტყვეს არმსტრონგმა და მისმა ეკიპაჟმა, რომ “ლუნა” მთვარის ორბიტაზე იყო:

“ამ ხომალდზე ადამიანები არ იმყოფებოდნენ, მაგრამ მისი საიდუმლო მიზანი მთვარეზე დაჯდომა, ნიადაგის სინჯების მოპოვება და უკან, დედამიწაზე, ჩამოტანა იყო. ეს საბჭოთა კავშირის გამარჯვება იქნებოდა: მთვარიდან დედამიწაზე, ადამიანებთან, დაბრუნებული პირველი ხომალდი.”

“ლუნა 15” ვერ განხორციელდა - მან ავარია განიცადა 21 ივლისს, ერთი დღით ადრე, ვიდრე არმსტრონგი და მისი ამხანაგი, ედვინ ბაზ ოლდრინი, მთვარეზე ფეხს დადგამდნენ.

მას შემდეგ საბჭოთა კავშირმა და აშშ-მა კოსმოსის კვლევაში წარმატებული თანამშრომლობა დაიწყეს. პირველი მცირე ნაბიჯი ის იყო, რომ მოსკოვმა აშშ-ის სამეთაურო ცენტრს ჰიუსტონში “ლუნას” მოძრაობის მონაცემები მიაწოდა იმის დასტურად, რომ ორი ხომალდის მარშრუტი ერთმანეთს არ კვეთდა. არმსტრონგი ფიქრობს, რომ ორ ქვეყანას შორის ამ სფეროში თანამშრომლობა ორივეს ახეირებს. ის და მისი ორი კოლეგა, მათთთან ერთად ეკიპაჟის მესამე წევრი, მაიკლ კოლინსი, რომელიც მთვარეზე იმყოფებოდა, მაგრამ აპარატიდან არ გადმოსულა, მოსკოვთან ურთიერთობათა “გადატვირთვის” მომხრე პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან, აუდიენციაზე იყვნენ ოვალურ ოთახში, თეთრ სახლში. ისინი ფიქრობენ, რომ მთვარეს ახლა მარსზე ასტრონავტების გაგზავნა უნდა მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG