Accessibility links

logo-print
ისლანდია ევროპაში კონტინენტისგან ყველაზე დაშორებული კუნძული-სახელმწიფოა, რომელსაც საფინანსო კრიზისადმე არ უფიქრია, ევროკავშირის წევრი გამხდარიყო. საფინანსო კრიზისმა ამ მცირე ქვეყანას, სადაც 300 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, იმდენად ავნო, რომ ეკონომიკურ კატასტროფას მთავრობის შეცვლა მოჰყვა. ახალი მთავრობის სოციალ-დემოკრატმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ ისლანდიას ევროპის კავშირის წევრობა სურს. პარლამენტმა მალევე დაუჭირა მხარი ამ ინციატივას, მაგრამ გარეთ, ევროპის კავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში, გერმანიაში, მთავარ პოლიტიკურ ძალას კავშირში ისლანდიის მიღება ჯერ არ სურს

ისლანდიის სურვილს წინ უდგას საფრანგეთის და გერმანიის მკაფიო პოზიცია, რომ ევროკავშირის გაფართოება არ მოხდება, სანამ ლისაბონის ხელშეკრულებად წოდებულ დოკუმენტს, რომელმაც ევროპის კავშირის რეფორმირება უნდა მოახდინოს, არ დაამტკიცებს ყველა 27 წევრი სახელმწიფო. ისლანდია გამორჩეულია იმ მხრივ, რომ ის ნატოს წევრია; ამავე დროს, ევროპის ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს და “შენგენის ხელშეკრულებაშიც” ჩაბმულია. კავშირში გაწევრიანების სურვილის მქონე სხვა ქვეყნები, ხორვატია თუ თურქეთი, სხვა მახასიათებლების მატარებლები არიან. გერმანიის ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიის - ქრისტიან-სოციალური კავშირის - წარმომადგენელი პოლიტიკოსები წინააღმდეგნი არიან ისლანდიის მიღებისა. ევროპის პარლამენტში ქრისტიან-სოციალური კავშირის დელეგაციის თავმჯდომარე მარკუს ფერბერი უშუალოდ ისლანდიაზე ლაპარაკობდა, როცა განაცხადა, ევროპის კავშირს არ შეუძლია ითამაშოს ისლანდიის ეკონომიკურ კრიზისში მაშველის როლიო. ბრიუსელიდან ჩვენთან საუბარში ფერბერმა ისიც განმარტა, რატომ მიიღეს მანამდე ისლანდიაზე უარესი მაჩვენებლების მქონე ქვეყნები:

“გაფართოების დროს, რა თქმა უნდა, იყო პროცესების სტაბილიზების ინტერესი. ესპანეთის, საბერძნეთის და პორტუგალიის შემთხვევაში, საქმე ეხებოდა ევროპის კავშირში მიღებით ამ ხალხების დემოკრატიული მისწრაფებების დაცვას და გაძლიერებას. შუა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შემთხვევაში კი მიზანი იყო ცვლილების და გარდაქმნის პროცესებისთვის ხელშეწყობა ევროკავშირის წევრობით. ისლანდიელები ჩვენი ეკონომიკური სისტემის, ზონის ნაწილი არიან; იქ არ არის საფრთხე, პროცესი სხვა მიმართულებით წავიდეს; პირიქით, ისლანდია ბევრ სფეროში ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობაშია, გადაჯაჭვულია მასთან. ამიტომ ისლანდიის პარლამენტის მოტივაცია, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს სურთ ძლიერ პარტნიორთან ერთად იყვნენ, გაწევრიანებისათვის საკმარისად არ მიმაჩნია.”

ძლიერი ეკონომიკური პარტნიორი რომ დასჭირდათ ისლანდიელებს, გასაგებია. ეს არის ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა ერთ სულ მოსახლეზე საერთო შიდა პროდუქტის თვალსაზრისით და უმუშევართა ძალიან დაბალი რიცხვის გამო. ამ მონაცემებით ის ბევრად უსწრებს არა მარტო ევროკავშირის წევრებს, პოლონეთს თუ ჩეხეთს, არამედ გერმანიას, საფრაგეთს და ბრიტანეთს. მაგრამ საფინანსო კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა მას და მისი ბანკების ნაციონალიზაცია მოხდა.

ფერბერის პარტიის თავმჯდომარემ, ალექსანდერ დობრინტმა, უფრო ზოგადად, მაგრამ იმავე მიზნით განაცხადა, ჯერ ევროპის კავშირის სტრუქტურის შესახებ უნდა ვიმსჯელოთ და მერე უკვე მის გაფართოებაზეო. საქმე ისაა კიდევ, რომ გაფართოების გადადება ამ პოლიტიკურ ძალას არ სურს გავრცელდეს ხორვატიაზე. ეს იყო შემდგომი შეკითხვა მარკუს ფერბერისადმი, რატომ ხორვატიას - კი, ისლანდიას - არაო:

“იმიტომ, რომ ხორვატიაში სწორედ ამ ტრანსფორმაციის პროცესისთვის ხელშეწყობა გვსურს. ესაა ტრანსფორმაცია ქვეყნისა, მიუმხრობელი ქვეყნისა, რომელმაც 90-იან წლებში მძიმე დრო გადაიტანა. ჩვენ გვსურს წვლილი შევიტანოთ რეგიონის სტაბილიზებაში, იმაში, რომ მშვიდობა, თავისუფლება, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები დამკვიდრდეს ამ რეგიონში და ამ თვალსაზრისით ევროკავშირის წევრობა სწორია. ეკონომიკური სტაბილურობა არასოდეს ყოფილა ვინმესთვის ევროკავშირში შესვლის მოტივი.”

გერმანელი პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ქრისტიან-სოციალური კავშირი ამ პოზიციით მოსინჯავს, შეიძლება თუ არა ევროსკეპტიციზმის დეკლარირებით, დღემდე ტაბუდადებული პოზიციით ამ ქვეყანაში ამომრჩევლის მიმხრობა.

კვლავ ისლანდიას მივუბრუნდეთ. გითხარით, რომ ამ ქვეყნის პარლამენტმა, კრიზისის შემდგომი განვითარების ფონზე, გადაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანება ითხოვოს. რეიკიავიკმა იცის, რომ მას უპირატესობა აქვს სხვა კანდიდატებთან. მაგალითად, ხორვატიას გაწევრიანების პრობლემა აქვს ისეთი სადავო საკითხის გამო, როგორიცაა სასაზღვრო უთანხმოება სლოვენიასთან, ევროკავშირის შედარებით ახალ წევრთან. ამასთან, ისლანდიას არ სჭირდება რეფორმების გატარების პირობები: ეს ქვეყანა შესანიშნავად ფუნქციონირებდა მანამდე, სანამ საფინანსო კრიზისის გამო საბანკო სისტემა არ მოიშლებოდა. ბარემ გეტყვით: ორშაბათს ისლანდიის ფინანსთა მინისტრმა გამოაცხადა, რომ გეგმა შეიმუშავა საბანკო სისტემის აღდგენის, სახელმწიფოს გაჯანსაღებისა. გეგმა ორი მილიარდი დოლარის ოდენობისაა და ის, ალბათ, ევროკავშირის გაფართოების სკეპტიკოსთა ყურადსაღებადაც გამოქვეყნდა ახლა. ისლანდიის ევროპასა და ატლანტიკურ არეალში ინტეგრაციის გამო, მოელიან, რომ მისი კავშირში მიღების შესახებ მოლაპარაკება მალე შეიძლება დაიწყოს. სადავო პუნქტი იქნება თევზჭერა. სულ მოკლედ გეტყვით, რომ ამ სფეროს დიდი როლი აქვს ეკონომიკაში, ისლანდიის მცხოვრებთა ათი პროცენტი მეთევზეა და ბევრია თევზი ისლანდიის სანაპიროებთან, სადაც მისი 240 სახეობა ბინადრობს. იქ წყალიც სუფთა და, შესაბამისად, განუმეორებელი ხარისხისაა. მიდის თუ არა დათმობაზე რეიკიავიკი თევზჭერის უფლებების საქმეში, როცა ევროპის კავშირში გაწევრიანებაზე ფიქრს იწყებს, მომავალში გამოჩნდება. ჯერჯერობით არაა ცხადი, თანახმა იქნება თუ არა ევროკავშირი, ხორვატიამდე გაერთიანდეს მასში ისლანდია. ზაგრები 2011 წლისთვის იმედოვნებდა 28-ე წევრი გამხდარიყო. რომც დაიწყოს ბრიუსელმა ისლანდიასთან მოლაპარაკება, თვითონ ისლანდიელებმა უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი - იქ რეფერენდუმი უნდა მოეწყოს. მარკუს ფერბერმა გვითხრა, რომ მანამდე, სანამ ეს რეფერენდუმი ჩატარდება, მისი პროგნოზით, ისლანდია ეკონომიკურად მომჯობინდება და ხალხი ევროკავშირის წევრობაზე უარს იტყვის.
XS
SM
MD
LG