Accessibility links

logo-print
12 ივლისი, კვირა
მომეჩვენა, რომ ადრე გათენდა. ჯერ არ ცხელა. ნუნუკას სძინავს. ხელი ავტომატურად პოულობს ტელევიზორის პულტს. ხმა ჩაწეულია და ეკრანზე წერტილ-მძიმის გარეშე მოლაპარაკე პალიკო კუბლაშვილი ჩანს. როგორც ჩანს, გუშინდელ გადაცემას იმეორებენ.
მზარდ თავის ტკივილს ვგრძნობ. ამას ორი მიზეზი აქვს: 1. დღიურის წერა უნდა დავიწყო, ანუ დავიწყო ის საქმიანობა, რომელიც არანარი გამოცდილებაც არ გამაჩნია; 2. გუშინ დალეული ღვინის მოცულობა ტკივილის ინტენსივობის პროპორციულია. დიდი ხანია ღვინო არ დამილევია, მაგრამ ზაზა შათირიშვილი დაბრუნდა შტატებიდან და ჩვენი შეხვედრა, ცხადია, მშრალად ვერ ჩაივლიდა.
მე და თამაზ თუთაშვილს, უნივერსიტეტის აწ გარდაცვლილი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის ყოფილ მოადგილეს, ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოში" შესატანი გვქონდა პროექტი (ფილმი საქართველოში მცხოვრებ ოსებზე) და ზაზას რეკომენდაცია გვჭირდებოდა. ზაზა ჩიკაგოს უნივერსიტეტში მიწვეულ სპეციალისტად მუშაობს. ერთი წელია არ მინახავს. აგვისტოს ომის მერე გაზეთ "რეზონანსს" მისცა ცნობილი ინტერვიუ, რომელსაც სათაურად მისივე ფრაზა ჰქონდა წამძღვარებული: "ტანკებმა ორჭოსანთან გადაუხვიეს". ამ ინტერვიუსადმი დამოკიდებულება ერთგვარ ზნეობრივ ტესტად იქცა ჩვენი საზოგადოებისათვის. ერთი სიტყვით, ამ პუბლიკაციით საკმაო აურზაური გამოიწვია სამშობლოში და თვითონ ჩიკაგოში გაემგზავრა...
მოსაყოლი თავზე საყრელი ჰქონდა, ამიტომ ჩვენთან ამოვედით, ფილოსოფოსი მამუკა ლეკიაშვილიც დავიბარეთ და ნუნუკა სახელდახელო ვახშმის მოსამზადებლად სამზარეულოში გავამწესეთ. ზაზა ჰყვებოდა, რომ ჩიკაგოში ის და ბარაკ ობამას ოჯახი ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ და ობამების გოგო იმავე სკოლაში დადიოდა, სადაც მისი შვილი სწავლობს. ცხადია, ეს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე იყო. საერთოდ, ჩიკაგოს ეს უბანი თურმე იმით ყოფილა ცნობილი, რომ იქ ძირითადად ინტელიგენტი და ღრმად განსწავლული ზანგები, ბოდიში - აფროამერიკელები ბინადრობენ. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ უბირი წინამორბედისგან განსხვავებით, ამერიკის ახალი პრეზიდენტი ფართო ხედვითა და განათლებით გამოირჩევა, კულტურა და კრიტიკული აზროვნების უნარი კი ბავშვობიდან მოსდევს. ეს გარემოება ამერიკასა და მსოფლიოში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს იმედს უსახავს, რომ გათავხედებული უმეცრებით, სულიერი სიცარიელითა და მომხვეჭელობის ჯერ არნახული დონით გამორჩეულ ამ ეპოქაში პრიორიტეტები ოდნავ მაინც გადაისინჯება და გლობალურ ცვლილებათა შორეული ექო, აგვისტოს მერე ისტორიის დინებიდან ფაქტობრივად გაძევებულ ჩვენს ქვეყნამდეც მოაღწევს...
ჩვენი საუბარი საქართველოზე, მიტინგებზე, უცნობის ტელესაკანზე და ოპოზიციის მწირ შესაძლებლობებზე გადმოდის. ნუნუკა პერიოდულად სამზარეულოდან გვიძახის: მოიცათ, მეც მაინტერესებს, მოვალ და მერე გააგრძელეთო. ამასობაში ბნელდება და ღვინოც მთავრდება...
ვდგები და პირდაპირ კომპიუტერისკენ მივემართები. გარდაცვლილი ნუგზარ შატაიძის სცენარის მიხედვით დეტალური ლიბრეტო (ე.წ. "ტრიტმენტი") მაქვს დასაწერი. დარწმუნებული ვარ, ამ სცენარით გენიალური კინოს გადაღება შეიძლება. ნუგზარის თხრობა ბიბლიურად სადა და ეპიურია. ასეთი ტექსტის "გატრიტმენტება" მკრეხელობად და ჩემთვის თითქმის დაუძლეველ ამოცანად მიმაჩნია, მაგრამ სხვა გზა არ არის... ღამით ალბათ ისევ წვიმა იქნება.
***
დედაჩემთან ვარ. მას მერე, რაც ზამთარში ბარძაყის ძვალი მოიტეხა, სულ გული მისკდება, კიდევ არ დაეცეს. ჯოხზე დაყრდნობილი სახლში სიარულს და მაღაზიაში ჩასვლასაც კი ახერხებს, მაგრამ ხელნაწერთა ინსტიტუტში ვეღარ დადის და სახლში უხდება მუშაობა. მიკვირს, როგორ არ გამოაგდეს სამსახურიდან. ჩვენ დროში ეს საკითხი მარტივად წყება. ერთმა მინისტრმა ისიც კი თქვა, ორმოცი წლის თანამშრომელი კი არა, ხე არ მინდა ეზოშიო. ღვთის მადლით, ხელნაწერთა ინსტიტუტში სხვაგვარად ფიქრობენ.
სოფო მირეკავს: კოტიკოს სიცხე აქვსო. თურმე არაფრით არ წვება ლოგინში. რა გასაკვირია - ამ გაგანია ზაფხულში ბავშვი კი არა, ზრდასრული ადამიანიც კი ვერ გაჩერდება ლოგინში. სოფო გერმანიაში უნდა წასულიყო ზაფხულის სკოლაში, ენის სასწავლად, მაგრამ ვიზა არ მისცეს. არ მესმის, რატომ. ეშინიათ, რო იქ დარჩენას მოინდომებს? სამი წლის შვილი ჰყავს, ეს როგორ უნდა მოუვიდეს თავში?! არის რაღაც, ძალიან შეურაცხმყოფელი ევროპული ქვეყნების საელჩოებთან დამდგარ უსასრულო რიგებში, საკონსულოს თანამშრომელთა უაზრო, თუმცა ზრდილობიან უარსა და თავაზიან ღიმილში...
"ქართული აკადემიიდან" მირეკავენ ბატონი თემურ ნანეიშვილი და ნუკრი ქანთარია: ჩვენი განცხადებების, ანალიტიკური წერილებისა და პუბლიცისტური გამოხმაურებების კრებულს ვადგენთ და აუცლებლად მოდიო. ეს საქმე მე და თამაზ ჯოლოგუას გვაქვს დავალებული. თამაზი არაჩვეულებრივი, ფართო პროფილის ფილოლოგია. გენიალურ ტექსტებს პოულობს, კომენტარებსა და საძიებლებს ურთავს და აქვეყნებს. მისი წიგნი დიმიტრი ყიფიანზე სანიმუშოა.
აკადემიაში გაცხარებული კამათი მხვდება ჩვენს მომავალ ტაქტიკასთან დაკავშირებით. თემური და ნუკრი მაგიდის თავში სხედან და მშვიდად უძღვებიან ბობოქარ სხდომას. თამაზი მეორე ოთახში კომპიუტერს უზის და უკვე დაწყებული აქვს მასალების შერჩევა-დახარისხება. საშინელი დახუთულობაა. ჰაერი საერთოდ არ იძვრის. დღესაც ვერ წავწიე წინ შატაიძის სცენარის საქმე.

13 ივლისი, ორშაბათი
დღეს სუხიშვილებთან მივდივარ. წელს ნინო რამიშვილის საიუბილეო წელია. მის ფოტოალბომს უშვებენ და ტექსტის რედაქტირება მთხოვეს. მახსენდება ქალბატონი ნინო, მეფურად მედიდური და, ამავე დროს, ცნობისმოყვარე თვალებით მზირალი. მისი განუმეორებელი მოყოლის მანერა და ხელის მოძრაობა საუბრის დროს. მაშინ წიგნს ვწერდით ანსამბლის შესახებ. ქალბატონმა ნინომ მთელი ეპოქა გაგვიცოცხლა. ვინ არ მოხვდა მის მონათხრობში: მარია პერინი, ვახტანგ ჭაბუკიანი, სტალინი, ლედი კლემენტინა ჩერჩილი, გრიგოლ რობაქიძე, ჯორჯ ბალანჩინი, ჯავაჰარლალ ნერუ... გასაოცარია, მაგრამ მათ ყველას კარგად ესმოდათ ქართული ცეკვის, ქორეოგრაფიული პლასტიკის ენა და ერთნაირი აღფრთოვანებით ხვდებოდნენ ცეკვაში არეკლილ საქართველოს. ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ანსამბლი გლობალიზაციის პირველი მერცხალი იყო ჩვენს ქვეყანაში... მერცხალი, თუ მომავალი განსაცდელის მაცნე? ეს ჩვენმა შვილებმა განსაზღვრონ.

14 ივლისი, სამშაბათი
როგორც ჩანს, გუშინაც პალიკო კუბლაშვილი გამოდიოდა და დღეს დილიდან იმეორებენ. პავლეს ის აწუხებს, რომ "ე.წ. თბილისელები თავს უფლებას აძლევენ წითელ შუქნიშანზე გაიარონ, მარტო იმიტომ, რომ თბილისელები არიან". მისი აღშფოთება იქიდან მომდინარეობს, რომ თვითონ სახელმწიფოსთანა აქვს თავი გაიგივებული და ნებისმიერ ასეთ უსაქციელობას ლამის პირად შეურაცხყოფად და გამოწვევად აღიქვამს. თბილისელობა მას პრივილეგია ჰგონია, თუმცა ისეთი პრივილეგია, რომელსაც ვერც შრომით მიაღწევ, ვერც იყიდი, ვერც მონური ერთგულებისა და ჯალათობის ფასად მიიღებ, ვერც სინდისზე ხელის აღებით დაიმსახურებ. მას რაღაც აუხსნელი, ირაციონალური გაღიზიანება აქვს ამ სიტყვაზე, რაკი ეს სიტყვა, მისი აზრით, დაუმორჩილებლობას, თანამდებობრივი მდგომარეობისა და სოციალური სტატუსის მიმართ ირონიასა და უპატივცემულობას გამოხატავს.
რა იდიოტობაა?! სინამდვილეში, ეს არის აზროვნების წესი და ქცევა ადამიანისა, რომელიც ყოველთვის პიროვნული ღირსების შესაბამისად მოქმედებს, რადგან მიაჩნია, რომ მაღალი თანამდებობა რიგითი სამუშაოა და ამ სამუშაოს შეჭიდებულ პირს ისევე მოეთხოვება ნაცნობისა თუ უცნობის პატივისცემა, ზრდილობა და პატიოსნება, როგორც ჩვეულებრივ მეწაღეს, ხაბაზს, ან ღვინის გამყიდველს; მეორეც - როდესაც სახელმწიფო და ადამიანის ღირსება ერთმანეთს უპირისპირდება, ნორმალური მოქალაქის ვალია, ადამიანის მხარეს დადგეს, ვინაიდან სახელმწიფო სწორედ ადამიანის ღირსების, მისი უფლებებისა და კეთილდღეობის დასაცავადაა გამოგონილი და არა პირიქით. თუ პალიკოს დავუჯერებთ, გამოდის, რომ ძირძველი თბილისელები ყოფილან ანტიგონე, მერკუციო, ათოსი, ფრანსუა ვიიონი, რობერტ ბერნსი, ფედერიკო გარსია ლორკა და ჰენრი მილერი.
პალიკოს შემხედვარეს კრისტიან ბუტემი მახსენდება, იტალიური წარმოშობის ფრანგი პოეტი, რომელიც ატლანტის ოკეანის ნაპირზე, ქალაქ სენ-ნაზერში ცხოვრობს და "ლიტერატურული თარგმანის სახლს ხელმძღვანელობს". კრისტიანი გამაცნო რეჟისორმა ალექსი ჯაყელმა, რომელიც მაშინ სენ-ნაზერის თეატრში იყო მიწვეული "მაკბეტის" დასადგმელად. თუ არ ვცდები, 1999 წელის გაზაფხულზე ბუტემიმ ქალაქის მერიიდან დაფინანსება მიიღო და ორგანიზაცია გაუწია კავკასიური ლიტერატურის კვირეულს. აზერბაიჯანელ და სომეხ ლიტერატორებთან ერთად ჩვენც (ზაირა არსენიშვილი, ლაშა ბუღაძე, გიო ახვლედიანი და მე) პატარა ზღვისპირა სასტუმროში განვთავსდით.
ჩასვლისთანავე კრისტიანმა გვახარა, რომ სასტუმროს ბარში უფასოდ შეგვეძლო ნებისმიერი სასმელის ნებისმიერი რაოდენობით შეკვეთა - დანახარჯს მერია გინაზღაურებთო. დღის განრიგი ასეთი იყო: დილიდან ფრანგი მთარგმნელები აუდიტორიას ჩვენი ნაწარმოებების თარგმანს უკითხავდნენ, მერე ჩვენ უნდა წაგვეკითხა ნაწყვეტი იმავე ტექსტიდან (ლიტერატურის მოყვარულებს აინტერესებდათ ნაწარმოების ჟღერადობა ორიგინალის ენაზე), შემდეგ კი დისკუსია იმართებოდა. ბოლოს მუნიციპალიტეტმა საზეიმო ვახშამი გაგვიმართა. მიკროფონთან სენ-ნაზერის მერი დადგა. მან გრძლად და მოსაწყენად ისაუბრა ქალაქის წარსულზე, აწმყოსა და მომავლის პერსპექტივებზე, განსაკუთრებული ადგილი დაუთმო მერიის ეფექტიან საქმიანობას, იმ პროგრამებს, რომლებიც მისი თაოსნობით ხორციელდებოდა და, სხვათა შორის, კავკასიური ლიტერატურის კვირეულიც ახსენა.
ამ ვრცელი მონოლოგის დროს კრისტიანმა რამდენჯერმე გადმომხედა და თვალი ჩამიკრა, ხმამაღლა მოიხოცა ცხვირი, დალია მთელი ბოთლი ღვინო, იატაკზე ხმაურით დააგდო ჩანგალი... ერთი სიტყვით, ყოველნაირად ცდილობდა, უყურადღებობა და უდისციპლინობა გამოემჟღავნებინა. ბოლოს, როცა სიტყვა მისცეს, როგორც ორგანიზატორს, ჭიქა პირდაპირ იატაკზე დადგა, პიჯაკი გაიღეღა და თქვა: "სანამ სტუმრებს მივმართავდე, მინდა მადლობა გადავუხადო სენ-ნაზერის მოქალაქეებს, რომლებიც ამ გაძაღლებულ და უსულგულო დროში ერთგულებას და ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი. მერიის თანამშრომლებსაც უნდა ვუთხრა მადლობა იმისათვის, რომ თუნდაც საკუთარი რეიტინგის შასანარჩუნებლად ხანდახან იმეტებენ ჩვენივე ჯიბეებიდან ამოღებული ფულის მცირე ნაწილს მოქალაქეთა ასეთი, სრულიად არამერკანტილური ინტერესის დასაკმაყოფილებლად. მაგრამ აქვე, არ შემიძლია არ გამოვხატო გაკვირვება პატივცემული მერის უსასრულო "სპიჩის" (სწორედ ეს ინგლისური სიტყვა იხმარა) გამო. ბატონო მერო, ჩვენი სტუმრები იმ ქვეყნებიდან არიან, რომლებმაც ძლივს დააღწიეს თავი სტალინურ ჯოჯოხეთს. მაგრამ ამ ქვეყნების მოსახლება ახლაც იტანჯება გაუთავებელი სისხლიანი კონფლიქტების, ელექტროენერგიის უქონლობის, უსახსრობისა და შიმშილისგანაც კი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს, ჩვენგან განსხვავებით, არ გააჩნიათ დანაზოგები საბანკო ანგარიშებზე, არც სამედიცინო დაზღვევა აქვთ და არც შვილებისათვის ძვირადღირებული განათლების მიცემის საშუალება. მე სამივე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ეს ყველაფერი საკუთარი თვალითა მაქვს ნანახი. მაგრამ ამის მიუხედავად, ეს ადამიანები სხედან თავიანთ გამოციებულ სახლებში და ზოგჯერ სანთლის, ან ნავთის შუქზე წერენ. როგორც ამ ერთი კვირის მანძილზე გავიგეთ, ისინი წერენ ადამიანის ღირსებაზე, თავისუფალი აზრის აუცილებლობაზე, მშვენიერებისკენ სწრაფვაზე და სამართალზე. მე ისინი ჩვენი უსამართლო და სასტიკი დროის გმირებად მიმაჩნია. და იმის მაგივრად, ასეთ ხალხს მადლობა გადავუხადოთ ჩამოსვლისათვის, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროგრამებზე ველაპარაკებით, თითქოს ეს ამ ადმინისტრატორთა მოვალეობა კი არა, დიდი წყალობა იყოს, თითქოს აქ მოწვევით მათ დიდი პატივი დასდეს კავკასიელ მწერლებს. სინამდვილეში კი საქმე სრულიად საპირისპიროდაა - პატარა სენ-ნაზერი უნდა ამაყობდეს მათი ჩამოსვლით. ისინი არიან თავ-თავიანთი მიწის მარილი, მაგრამ ვინაიდან დედამიწა ერთია, ეს მწერლები ჩვენს სიამაყეს და ღირსებასაც წარმოადგენენ. ახლა კი, გთხოვთ, გაიღიმოთ და დავლიოთ მათი სადღეგრძელო".
მეორე დღეს პარიზში უნდა წავსულიყავით, მაგრამ კრისტიანმა მე და გიო ახვლედიანი ლამის პირდაპირ მატარებლიდან მოგვხსნა - თქვენ, ორნი, ალექსი ჯაყელთან ერთად, ჩემთან უნდა დარჩეთ, ერთი კარგად შევუბეროთო. კრისტიანი მოუვლელობისაგან დროზე ადრე მონჯღრეული, თავგადახდილი მანქანით დადიოდა. სადგურიდან პირდაპირ თავის მეგობრის, ბატონი დედეს კაფეში გაგვაქანა - ფაქტიურად ბრეტანში ხართ და კალვადოსი უნდა გასინჯოთო. დედე ალექსანდრე დიუმას ქსეროასლია - მსუქანი, ულვაშებიანი, შევერცხლილი ხუჭუჭი თმა და მრგვალი შავი თვალები აქვს. კალვადოსს სიდრი მოყვა, სიდრს - ბორდო, ბორდოს - ბურგუნდიული წითელი ღვინო, ბურგუნდიულს - ჩვენი ჩატანილი საფერავი. კრისტიანი ახლა თავისი ოფისის პირველ სართულზე, პოლონელი ემიგრანტის დუქანში მიგვათრევს: "ნაუ, ვი გოუ თუ პოლონელ, თუ დრინქ 'ზუბროვკა'". მე მგონი, იდეური ანტიგლობალისტია და თავის ისედაც ცუდ ინგლისურ ენას კიდვ უფრო ამახინჯებს, სპეციალურად.
სენ-ნეზერის ქუჩებში მივქრივართ. წითელ შუქზე ხან ვჩერდებით, ხან - არა. პოლონელთან თითო ჭიქა გაყინული "ზუბროვკის" მერე ვიღაცასთან სახლში ავდივართ. ირკვევა, რომ ეს ვიღაცა მილოშევიჩის რეჟიმს გამოქცეული იუგოსლავიელი მწერალია, რომელიც არალეგალური მიგრანტია და ფრანგული კანონმდებლობის სრული დარღვევით ბუტემის თავისთან ჰყავს შეფარებული. კრისტიანი კარზე მუშტებს აბრახუნებს და იძახის - "ოფენ, პოლის!" შეშინებული იუგოსლავი კარს აღებს. საკუთარი ხუმრობით კმაყოფილი კრისტიანი პირდაპირ სამზარეულოსკენ მიგვიძღვის და მაცივრიდან "პინო ნუარის" ბოთლს იღებს. დაბნეულ ბრანკოს ვადღეგრძელებთ, მერე მილორად პავიჩის სადღეგრძელოს ვსვამთ. ცოტა ხანში, გაოგნებულ ბრანკოს ვტოვებთ და სართულით მაღლა, კრისტიანის ოფისში ავდივართ სიგარების მოსაწევად. კარს მისი პირადი მდივანი, მაროკოელი მზეთუნახავი ფატიმა გვიღებს. საკიდზე სხვადასხვა ფერისა და წარმომავლობის რამდენიმე ათეული ჰალსტუხი კიდია, თაროები კი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გამოცემული წიგნებითაა გატენილი. ბუტემი იძახის, რომ ამ ჰალსტუხებს თავის უცხოელ სტუმრებს ართმევს ხოლმე, რადგან სენ-ნაზერში ჰალსტუხით სიარული სრული იდიოტობაა. თუ მოგწონთ რომელიმე, შეგიძლიათ წაიღოთო, გვეუბნება. აბა, რად გვინდა? მაშინ, თაროდან ფრანგულად თარგმნილ "კამა-სუტრას" იღებს და სიცილით გვეუბნება: ლაშა ბუღაძეს წაუღეთ, ახალგაზრდა კაცია, გამოადგებაო.
ისევ სადღაც გავრბივართ. მანქანაში მთელ ხმაზე ფრანგული შანსონებია ჩართული. ნაცნობი პოლიციელები ტროტუარიდან თითს უქნევენ, მაგრამ კრისტიანი მათ ყურადღებას არ აქცევს, მანქანას მიაქროლებს და მღერის. უეცრად პატარა სკვერთან ვჩერდებით. იქ თურმე დოლმენია - სტოუნჰენჯის მაგვარი, საგულდაგულოდ გათლილი თეთრი ლოდებით ნაგები უძველესი კონსტრუქცია. მართლა საოცრებაა! ბუტემი ჩვენს რეაქციას აკვირდება და ამბობს: "უცნაურია, არა? არაფერი ისე არ მამშვიდებს, როგორც ეს დოლმენი. მე იმ სახლში ვცხოვრობ, ეს ჩემი ფანჯრებია. როცა ფანჯრიდან უყურებ, ეს ლოდები კიდევ უფრო დამაფიქრებელია, განსაკუთრებით წვიმაში. ავიდეთ, ფრანსუაზა უნდა გაგაცნოთ, ჩემი ცოლი."
გვერიდებოდა უცხო ოჯახში მთვრალებს მისვლა, მაგრამ უარი ვერ ვუთხარით. ფრანსუაზა კოხტა, თვალებსევდიანი ქალი აღმოჩნდა, კრისტიანის სიგიჟეებს შეგუებული. ბინა უცნაური კონფიგურაციის, თუმცა ძალიან მყუდრო გვეჩვენა. იმ ფანჯარასთან ვიდექით, საიდანაც დოლმენი ჩანდა. ამასობაში, ფრანსუაზა ალექსის ეუბნებოდა, რომ კრისტიანისთვის დალევა არაფრით არ შეიძლება, მაგრამ ვერ უკრძალავს, რადგან იცის, რომ კამათს აზრი არა აქვს. ბუტემი პირქუში სახით იდგა და არაფერს ამბობდა, აშკარად გაუფუჭდა გუნება. ფრანსუაზამ ვახშმად დარჩენა შემოგვთავაზა, მაგრამ ჩვენმა მასპინძელმა შორს დაიჭირა: რას ამბობ, ახლა ელზასურ რესტორანში უნდა წავიდეთ თეთრი ღვინის გასასინჯადო. ფრანსუაზამ სევდიანი მზერა გამოგვაყოლა.
პირდაპირ ქალაქის მერიასთან მივქროლდით და გავჩერდით. ალექსი ეუბნება: რას აკეთებ, აქ გაჩერება მხოლოდ მერიის თანამშროლებისთვისაა ნებადართული, დაგაჯარიმებენო. არა უშავს, რესტორანთან გასაჩერებელ ადგილს მაინც ვერ ვნახავთ და ჯობია დამაჯარიმონო. ჩვენ შევწუხდით - მთელი დღეა ფულს იხდი, ამ უძვირეს რესტორანში ნუღა დაიხარჯებიო, ვეუბნებით. ხელი აიქნია და პირდაპირ ჰოლში შეაჭრა. მერე, როცა სუფრასთან ვისხედით და 1992 წლის მოსავლის ღვინოს ველოდებოდით, ბუტემიმ გვთხოვა, ლიტერატურაზე ნუ ვილაპარაკებთ, ცხოველებზე ვისაუბროთო...
***
მერე, როცა თბილისში ჩამოვედი, რამდენიმე დღის შემდეგ სამსახურიდან მოკითხვისა და მადლობის იმეილი გავუგზავნე. პასუხად ფატიმას წერილი მივიღე: გუშინ კრისტიანს გულის ძალიან მძიმე ოპერაცია გაუკეთეს, ძლივს გადაიტანა და ექიმებმა დალევა და სიგარის მოწევა სამუდამოდ აუკრძალესო. იქ ყოფნისას კრისტიანს სიტყვაც არ დასცდენია დაგეგმილი ოპერაციის შესახებ, ისე გვატარა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, რომ ვერაფერს მივხვდით. არ ვიცი, რა მოხდება ხვალ. კრისტიანი ის ტიპი არ არის, უსიტყვოდ რო დაემორჩილოს ვინმეს, თუნდაც ექიმს. ერთხელაც იქნება და მოახტება თავის დანჯღრეულ დრანდულეტს, ჯერ დედეს მიადგება, მერე პოლონელს, მერე ბრანკოს, ბოლოს კი ელზასურ თეთრსაც მიამატებს, სიგარას გააბოლებს და...
გულისხეთქვით ველი ფატიმას იმეილს, თუმცა ეს პალიკოსთვის ალბათ გაუგებარია...

15 ივლისი, ოთხშაბათი
დილის ცხრა საათია და უკვე ძალიან ცხელა. დღეს ვიგრძენი, რომ მზის ძლევამოსილება პიკს მიუახლოვდა. როგორც ძია თომასი იტყოდა, უნდა შევეგუოთ, რომ "ამიერიდან გავარვარებულლოყებიანი, შიშველი ღმერთი ყოველდღე გამოაქროლებს თავის მცხუნვარე ეტლს ცის კაბადონზე და მისი ალმოდებული ოქროს კულულები გაიწეწება აღმოსავლეთიდან მონაბერ ხორშაკში."
დათო ერისთავი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, უნიჭიერესი, სიკეთით სავსე კაცი და მთელი თბილისისათვის საყვარელი პიროვნება მძიმედ ავადმყოფობს. მის სანახავად მივდივარ და ფეხები უკან მრჩება. საშინელებაა, რომ ვერ მეტყველებს, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მყოფი, მაინც ახერხებს ჯანმრთელი ხელით მოგეფეროს და მოგეთათუნოს. ძნელი სათქმელია, გცნობს თუ არა, მაგრამ ეს თბილი რეაქცია მისი ბუნებიდან და კაცთმოყვარეობიდან მომდინარეობს. დათოსთვის არ არსებობს დიდი და პატარა, სახელოვანი და უსახელო - ყველა ადამიანი, თავისი ახდენილი თუ აუხდენელი ოცნებებით, ყოფიერების შიშით და სიმამაცით, ტკივილით და თავდავიწყების ხანმოკლე წუთებით - თანაგრძნობის ღირსია. ეს არაერთხელ უთქვამს ჩვეულებრივ საუბარშიც და სადღეგრძელოშიც. დამძიმებული მოვდივარ დათოსგან.
დღეს პოლიციის სამმართველოსთან 15 ივნისს დაჭერილი ბიჭები გამოუშვეს ციხიდან. თემურ ნანეიშვილი და ნუკრი ქანთარია წავიდნენ მათ დასახვედრად. მე და თამაზ ჯოლოგუამ მოკითხვა დავაბარეთ მათთან, ჩვენ კი ოფისში დავრჩით, რადგან აკადემიის კრებულზე მუშაობა გადამწყვეტ ფაზაში შედის. მე ერთი რამე მინდა ვუსურვო დაჩი ცაგურიას, მიშა მესხს და მათ მეგობრებს - ნუ გაბოროტდებით, ეს ჯალათების გამარჯვება იქნება.

16 ივლისი, ხუთშაბათი
დღეს ირაკლი ალასანიას პარტიის პრეზენტაციაა. ლევან მიქელაძის უეცარი და ბნელით მოცული გარდაცვალების შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ შევა მის გუნდში. ლევანის დონის ინტელექტუალის, პროფესიონალის და უპატიოსნესი კაცის გამოკლება დიდი დარტყმაა. ნინო გოგუაძეს ვურეკავ, ვიგებ, რომ მოწვეული სტუმრები პრეზენტაციაზე არ იქნებიან. მიუხედავად ჩემი მეგობრული ურთიერთობისა შალვა შავგულიძესთან, ბუკა პეტრიაშვილთან, ვიკა დოლიძესთან და თავად ირაკლისთან, ჩემი იქ მისვლა მეტიჩრობა იქნება. დაველოდოთ, რა მოხდება.
მიმაჩნია, რომ ირაკლი ლამის ერთადერთი პოლიტიკოსია საქართველოში, ვისაც ესმის, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს ისე, რომ სისტემაში მომუშავე ადამიანებმა ეს არ აღიქვან პიროვნულ და პროფესიულ ტრაგედიად, ცხოვრების კრახად და უბედურებად. თუ საზოგადოების ერთმა ნაწილმა მეორეზე გამარჯვება იზეიმა (როგორც ეს, მაგალითად 2008 წლის იანვარში მოხდა), მაშინ ქვეყანაში არ იქნება სიმშვიდე და ჩვენ ყველანი ერთად დავმარცხდებით. ეს პიროსის გამარჯვება იქნება. მარტინ ლუთერ კინგისა არ იყოს, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა კონკრეტულად ამ ხელისუფლების ძალადობას, არამედ ძალადობას საერთოდ. ამიტომ ჩვენს მოქმედებებში ძალადობის ყველა ნიშანი უნდა გამოირიცხოს...
დათო ერისთავთან მივდივარ. მაინც ვფიქრობ, რომ მცნობს. დღეს სიცხე აღარა აქვს, მაგრამ გუშინდელზე უფრო მივარდნილი მეჩვენება. წნევას ვუზომავ და პულსს ვუთვლი. ტახიკარდია აქვს. დეიდა ნანა და ლელი შეშფოთებული არიან. გავრბივარ, მომაქვს წამალი. ამან დროებით უნდა უშველოს, მე კი დედაჩემთან უნდა მივირბინო, იმასაც წამლები სჭირდება, პური და ახალი ამბები. საღამოს ისევ სახლში უნდა დავბრუნდე - დილით ნუნუკა უნდა გავამგზავრო სოფელში მთელი ბარგი-ბარხანით.

17 ივლისი, პარასკევი
დილის შვიდ საათზე ვიგებ, რომ ლიფტი გამორთულია, არადა, სავარძლები, პლასტმასის მაგიდა, სკამები და ქვეყნის წვრილ-წვრილი ჩანთებია ჩასაზიდი. რამდენიმე გზის გაკეთება მიხდება. როგორია დილაადრიან მეშვიდე სართულზე რამდენჯერმე ასვლა-ჩასვლა, თანაც ბარგით?
როგორც იქნა, გავამგზავრე. ახლა დღიურის წერა უნდა გავაგრძელო. კომპიუტერთან ვჯდები და რამდენიმე აბზაცის დაწერას ვასწრებ, მაგრამ დენი ირთვება. ყველაფერი წამეშალა. ვიგებ, რომ კაბელი აფეთქებულა. ვინ იცის, როდის გააკეთებენ! არ ვიცი, რა ვქნა, მარინა ვაშაყმაძეს ვერ დავაღალატებ. პროცესორს ვხსნი და ქართული აკადემიის ოფისში გავრბივარ.
ოფისიდან ფორტეპიანოს აკორდები ისმის. ვხვდები, სახლის პატრონის ქალიშვილია, დღეში რამდენიმე საათს უკრავს ხოლმე. როცა ბინა მოგვაქირავეს, გვთხოვეს როიალს ნუ წაგვაღებინებთ, იქნებ აქ მოვიდეს და იმეცადინოსო.
პროცესორს მონიტორთან ვაერთებ და ჩაიკოვსკის პირველი კონცერტის თანხლებით დღიურის წერას ვაგრძელებ. მოდიან თემურ ნანეიშვილი და ნუკრი ქანთარია. ერთხანს ვსაუბრობთ. თამაზ ჯოლოგუა გვიერთდება. თამაზი მეორე კომპიუტერთან ჯდება და "ქართული აკადემიის" კრებულისთვის საჭირო მასალებს ახარისხებს. მე შიგადაშიგ ვეხმარები, ძირითადად დღიურის წერითა ვარ დაკავებული. მოდის ბატონი თენგიზ სანაძე და გვიყვება, რომ მეცნიერებათა აკადემიაში უნივერსიტეტის მეორე კორპუსიდან ფიზიკისა და ქიმიის ფაკულტეტების გაძევების საკითხს განიხილავდნენ. თენგიზ სანაძე გვიხსნის, რომ ეს შენობა კვლევითი ლაბორატორიების საჭიროებათა გათვალისწინებით არის აშენებული, რომ კედლებში ყოველი შვიდი მეტრის გამოტოვებით ძალოვანი კარადები და ელექტროგაყვანილობის შახტებია დატანებული. დღეს ასეთი შენობის აგება მილიარდები დაჯდება და, ცხადია, ამას არავინ გააკეთებს. მეორე კორპუსიდან ლაბორატორიების გატანა, ცხადია, დარგის დაღუპვას ნიშნავს. კიდევ ერთი, დანაშაულის ტოლფასი სიბრიყვე! ვნახოთ, რა გადაწყდება.
მობილურით მირეკავენ. დღეს ჩემი ბიძაშვილის, მერაბ თევზაძის მძახალი ჩამოდის ამერიკიდან და მის საპატივცემულოდ ტაბახმელაში სუფრაა გაშლილი, არმისვლა არ შეიძლება. ნეტა რატომ? არ ვიცი, მაგრამ ესეა. რა ვქნა, ისევ ვხსნი პროცესორს, მანქანაში ვდებ და სულის მაცხონებელი სიგრილისაკენ მივემგზავრები.
გვიან ღამით გავარვარებულ თბილისში ვბრუნდები. შუქი გაუკეთებიათ. პროცესორით ხელში ლიფტთან ვდგავარ და ვლოცულობ, რომ მუშაობდეს. ჩემს სიხარულს საზღვარი არა აქვს, როცა ღილაკი წითლად ინთება, ზემოდან კი ნაცნობი რახრახი მომესმის.

18 ივლისი, შაბათი
დღეს ტელევიზორი არ ჩამირთავს, პალიკოს თავი არა მაქვს. თავიდან გადავიკითხე ეს ნაჯღაბნი. მძიმე სურათია! ამას ყველაფერი შეიძლება დაარქვა დღიურის გარდა, მაგრამ ახლა დრო არ არის, რამე რომ შევცვალო. აღარასდროს მოვკიდებ ხელს ამ საეჭვო საქმიანობას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG