Accessibility links

logo-print

112-ე ელემენტს კოპერნიკის სახელი ეწოდება


ნიკოლაი კოპერნიკი (1473-1543)

ნიკოლაი კოპერნიკი (1473-1543)

უპირველეს ყოვლისა ფიზიკოსებს უმართლებთ ბედი, სიკვდილის შემდეგ მოიპოვონ აღიარება, რომელიც ნობელის პრემიასაც კი ჩრდილში აქცევს ხოლმე. ეს გახლავთ ახლადაღმოჩენილი ქიმიური ელემენტისთვის მათი სახელის მინიჭება. ახლა ჯერი მეცნიერების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურის, ასტრონომ ნიკოლაი კოპერნიკზე მიდგა. მისი სახელი, Copernicium-ი, შემოკლებით Cp, დაერქმევა დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ ყველაზე მძიმე ქიმიურ ელემენტს. აღმოჩენა, და შესაბამისად სახელდების უფლება კი აქვთ გერმანიის ქალაქ დარმშტადტის ჰელმჰოლცის ცენტრის მეცნიერებს, ზიგურდ ჰოფმანსა და მის ჯგუფს, რომლებმაც 13 წლის წინათ აღმოაჩინეს 112-ე ელემენტი.

სულ ახლახან ქიმიკოსთა კავშირმა IUPAC-მ (International Union of Pure and Applied Chemistry) ეს აღმოჩენა ოფიციალურად დაადასტურა. სახელდება ექვსი თვის მანძილზე შეიძლება იყოს დისკუსიის საგანი. ამის შემდეგ კი ის ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში შევა.

„IUPAC-ს მიერ ჩვენი აღმოჩენის ოფიციალური აღიარების შემდეგ აღმოჩენაში მონაწილე მეცნიერი Copernicium-ზე შევთანხმდით 112-ე ელემენტისთვის. ამით გვსურს პატივი მივაგოთ გამოჩენილ მეცნიერს, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე“, თქვა ზიგურდ ჰოფმანმა.

კოპერნიციუმის ატომის ბირთვი 277-ჯერ უფრო მძიმეა წყალბადისაზე. მისი მიღება მხოლოდ ძალზე მოკლე ხნით მოხერხდა თუთიის იონებით ტყვიის ფირფიტის დაბომბვისას წარმოქმნილი ჯაჭვური რეაქციის შედეგად. ჰელმჰოლცის ცენტრში ჩატარებულ ექსპერიმენტებში, რომელთაც შედეგად 112-ე ელემენტის აღმოჩენა მოჰყვა, 21 მეცნიერი მონაწილეობდა გერმანიიდან, ფინეთიდან, რუსეთიდან და სლოვაკეთიდან.

კოპერნიკმა მე-16 საუკუნეში უკუაგდო დიდი ხნის მანძილზე გავრცელებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრში იმყოფება. მან დააფუძნა სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემა, რომლის ცენტრში არის მზე, პლანეტები კი მის გარშემო ბრუნავენ. ბევრი მისი თანამედროვისთვის ამ აღმოჩენით სამყარო დაიშალა. კოპერნიკის აღმოჩენამ უზარმაზარი მნიშვნელობა იქონია თეოლოგიასა და ფილოსოფიაში ადამიანის თვითშეგნებაზე, ვინაიდან ამიერიდან ადამიანი საკუთარ თავს ვეღარ აღიქვამდა სამყაროს ცენტრში.

ახალაღმოჩენილი ელემენტების ნათლიების როლს გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად სახელმწიფოები, რეგიონები და ქალაქებიც კი ასრულებენ ხოლმე. მაგალითად, ჰესენის მიწაზე მდებარე იმავე დარმშტადტის ჰელმჰოლცის ცენტრში აღმოჩენილ 108-ე ელემენტს ჰასიუმი ეწოდა. 110-ე ელემენტს კი - დარმშტადტიუმი. თუმცა დარმშტადტელ მეცნიერთა წინადადებით ელემენტთა პერიოდულ სისტემაში მოხვდნენ ასევე ნილს ბორი (ბორიუმ 107), ლიზე მაიტნერი (მაიტნერიუმ 109) და ვილჰელმ კონტრად რენტგენი (რენტგენიუმ 111).

კოპერნიციუმის შემოღება გაახარებდათ როგორც პოლონელებს, ასევე გერმანელებს. ვინაიდან დიდი მეცნიერის გერმანელი დედა პოლონური ხელისუფლების ქვეშ მყოფი ქალაქი თორუნიდან იყო. კოპერნიკი თავის ნაშრომებს ორ ენაზე - გერმანულად ან ლათინურად წერდა. ამავე დროს პოლონეთის მეფის ერთგული ქვეშევრდომი გახლდათ და კრაკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა. ამიტომაცაა, რომ არ ხერხდება მისი მხოლოდდამხოლოდ პოლონური ანდა მხოლოდდამხოლოდ გერმანული კულტურისთვის მიკუთვნება.
XS
SM
MD
LG