Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 21 ივლისი 2009


Georgia -- Georgian newspapers. undated
Georgia -- Georgian newspapers. undated
პრესა შეძლებისდაგვარად ეხმაურება ორშაბათ-სამშაბათის ღამით გამართულ პოლიტიკურ დებატებს. ძირითადი ყურადღება პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივებს ეხება.

”სააკაშვილი არჩევნებს ნიშნავს” – ”რეზონანსის” პირველი გვერდის სათაურია. ამ სტატიაში წაიკითხავთ: ”როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტმა ძირითადად იმაზე ისაუბრა, რა რეფორმები გატარდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ რეფორმები კიდევ უნდა გაგრძელდეს და მთავარ რეფორმად დიალოგის გამართვა დაასახელა და არა მარტო პოლიტიკოსებთან, არამედ მთელ საქართველოსთან. მეტი კომუნიკაციის საჭიროების პირობებში კი პრეზიდენტი სხდომათა დარბაზში ისე შევიდა, რომ დარბაზთან მყოფმა ჟურნალისტებმა კი არა, მისმა პირადმა ოპერატორმაც ვერ მოახერხა ამის დაფიქსირება”, - წერს ”რეზონანსი”. ამავე გაზეთის სხვა სტატიაში კი წაიკითხავთ: ”ამ დებატების მთავარი მიღწევა მაინც ის იყო, რომ პრეზიდენტმა პარლამენტის დარბაზში პირადად მოისმინა ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები და, რაიმეს შეცვლის სურვილის შემთხვევაში, ინფორმაცია ნამდვილად გააჩნია.”

”ალია” პრეზიდენტის გამოსვლისას დარბაზში არსებულ ვითარებას აღწერს: ”გაწითლება-დამორცხვება დარბაზში მაშინ დაიწყო, როცა სააკაშვილმა თქვა, შევარდნაძის დრო დამთავრდა და ვისაც ნახვა გინდათ, ”დავაი” კრწანისშიო... ელდარ კვერნაძე ასწრებს ყველას, ისე წამოხტა და შემოსცხო ტაში, გეგონება, შევარდნაძესთან ეგ კი არა, პაპაჩემი თანდილა მუშაობდა წლების განმავლობაში”, - წერს ”ალია”, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლის შესახებ მოსაზრებებსაც აქვეყნებს: ”მას საერთოდ არ უხსენებია 15 ივნისის დარბევა, სადაც ჟურნალისტებიც გაილახნენ. ეს არის ჩემთვის სამარცხვინო. როგორც ჩანს, მე და სააკაშვილს სირცხვილისა და სინდისის სხვადასხვა კრიტერიუმები გვაქვს”, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. პავლე კუბლაშვილი პრეზიდენტის ინიციატივას ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში შესვლის შესახებ განმარტავს: ”ეს მანდატები, რომლებიც დღეს გაუქმებულია, იმის აღდგენა შეიძლება მოხდეს. ბატონი საგანელიძის და ბატონი გამყრელიძის მაგივრად ამომრჩეველმა აირჩია სხვა დეპუტატები. შესაბამისად, მათი მანდატების გადახედვა არ მოხდება, მაგრამ დღეს რეალურად პარლამენტის შემადგენლობა არის უფრო მცირე, ვიდრე უნდა იყოს.”

”24 საათი” ორ ვრცელ სტატიაში დაწვრილებით აღწერს პრეზიდენტის ინიციატივებსა და ორშაბათს გამართულ პოლიტიკურ დებატებს. სათაურებია: ”პრეზიდენტის ინიციატივები” და ”პრეზიდენტის გამოსვლა - საპარლამენტო დებატების მთავარი კატალიზატორი”.

”ახალი თაობა” ეკა ბესელიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. საუბარი ჯოზეფ ბაიდენის თბილისში ვიზიტისას დაგეგმილ აქციასა და ამ საკითხზე ოპოზიციაში არსებულ განსხვავებულ პოზიციებსაც შეეხო. ბესელია ამბობს: ”იყო რამდენიმე ჩვენი კოლეგის მხრიდან გამოთქმული მოსაზრება, რომ არ ჩატარებულიყო ეს აქცია. არგუმენტად სახელდებოდა ის, რომ შეიძლებოდა ამ აქციას ანტიამერიკული განწყობის ელფერი შეეძინა, ხელისუფლებას მოენათლა, რომ ეს არის ანტიამერიკული საპროტესტო განწყობა და ეს ცუდად იქნებოდა ასახული. მე ვფიქრობ, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად შემოგდებული თემა. მხოლოდ მერე გამოჩნდა განცდა იმისა, რომ ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რომ ეს აქცია არ გამართულიყო. საკნების აღების თემა, რომელიც ასევე იქცა საკმაოდ დიდი დებატების თემად, პრაქტიკულად დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილს ძალიან უნდოდა ბაიდენს რუსთაველზე საკნები არ დახვედროდა, ანუ მას უნდოდა იმის დემონსტრირება, რომ პროტესტი დამთავრდა, რომ ეს იყო ქარიშხალი ჭიქაში, რომელსაც გაგრძელება აღარ აქვს”, - ამბობს ბესელია, რომელთან ინტერვიუს ”ახალი თაობა” ბეჭდავს.

”საქართველოს რესპუბლიკაში” კი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარესთან, ვაჟა ლორთქიფანიძესთან, ვრცელ ინტერვიუს წაიკითხავთ. ”რუსეთთან ურთიერთობა ჩვენთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. პრიორიტეტულობას კი სიყვარული და მეგობრობა კი არ განსაზღვრავს, არამედ სტრატეგიული ინტერესი. მით უფრო, რომ ევროკავშირი და ვაშინგტონი აცხადებენ, რუსეთთან ურთიერთობა ჩვენთვის პრიორიტეტულიაო. ჩვენ რა, მაგათზე მაგარი ბიჭები ვართ? მტრულად რომ მოქმედებს რუსეთი, იმიტომ უნდა იყოს პრიორიტეტული მასთან ურთიერთობა. ეს არის პოლიტიკური ანაბანა”, - ამბობს ვაჟა ლორთქიფანიძე ”საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG