Accessibility links

გაზეთი ”კომერსანტი” აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს რუსეთის ფედერაციაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ მარკ ფრანკოსთან. საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოსაც ეხება, როგორც ევროკავშირსა და რუსეთს შორის შეუთანხმებელ საკითხს. ევროპელი დიპლომატი არ ეთანხმება ჟურნალისტს მოსაზრებაში, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მთლიანობაში გაუარესდა. ფრანკოს თქმით, თუკი ერთ სფეროში გაუარესდა, მეორე სფეროში შეიძლება წინსვლაც შეინიშნებოდეს: ”მაგალითად, თუკი მთიანი ყარაბახის საკითხზე რუსეთმა და ევროკავშირმა შეძლეს გარკვეული ურთიერთგაგების მიღწევა, საქართველოზე, რასაკვირველია, ჩვენი პოზიციები იყოფა, განსაკუთრებით, გასული წლის ომის შემდეგ”, - ამბობს რუსეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, რომელიც თვლის, რომ ”არ არსებობს არც ერთი იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც შეეძლოს ისეთ ორ ქვეყანას შორის ომის თავიდან აცილება, რომელთაც ომი უნდათ. სწორედ ასე მოხდა გასულ წელს”, - აცხადებს მარკ ფრანკო. ჟურნალისტის შეკითხვაზე - ხედავს თუ არა რაიმე გამოსავალს მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო, ფრანკო პასუხობს: ”ეს ახლა დამოკიდებულია თავად რუსეთსა და თვითაღიარებულ რესპუბლიკებზე. მათი დამოუკიდებლობის აღიარება იყო ცალმხრივი ნაბიჯი, რომელმაც შექმნა იურიდიული ბარიერები კავკასიაში სტაბილურობის დამყარების გზაზე. ამან გაართულა მოცემულ რესპუბლიკებსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია. ახლა რუსეთმა და ამ ორმა წარმონაქმნმა თავისი პოზიცია უფრო მოქნილი უნდა გახადონ, რომ წინსვლა შევძლოთ”, - აცხადებს ევროკომისიის წარმომადგენელი რუსეთში. მარკ ფრანკოს პრაქტიკულად არ წარმოუდგენია, რომ რუსეთმა უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, თუმცა პოზიციის შერბილებით ის შესაძლებელს გახდიდა ამ რესპუბლიკების საქართველოსთან დაახლოებას, რაც, ფრანკოს აზრით, ”აბსოლუტურად გარდაუვალია. ნორმალიზაცია იქნება იმისდა მიუხედავადაც კი, თუ ეს ახლა ვინმეს არ მოსწონს.” - ინტერვიუს რუსეთის ფედერაციაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ მარკ ფრანკოსთან 21 ივლისის ”კომერსანტი” აქვეყნებს.

”ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების ”გადატვირთვა” მათ ხარჯზე მოხდეს”, - წერდა გასულ კვირაში ”კომსომოლსკაია პრავდა”. ჯოზეფ ბაიდენის უკრაინასა და საქართველოში ვიზიტი რუსული პრესის ერთ-ერთი თემაა. 21 ივლისის ”ნეზავისიმაია გაზეტას” ავტორი წერს, რომ უკრაინის დიპლომატიურ წრეებში ბაიდენის ვიზიტისას რაიმე დოკუმენტების ხელმოწერას არ ელიან. მათი აზრით, ბაიდენის ვიზიტი მიმართულია უკრაინის ხელისუფლების დამშვიდებისკენ: თვის დასაწყისში, როცა ბარაკ ობამა მოსკოვს ესტუმრა, იუშჩენკომ გამოთქვა შეშფოთება, რომ უკრაინა შეიძლება იქცეს ვაჭრობის საგნად რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ”გადატვირთვისას”. ”ნეზავისიმაია გაზეტა” წერს აგრეთვე, რომ წლის ბოლომდე უკრაინაში სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ვიზიტი შედგება. ავტორი, გაზეთ ”ლევი ბერეგის” ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი კიევში ჩაიტანს ცნობას საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ტეფტის უკრაინაში ელჩად დანიშვნის შესახებ.

ბაიდენის კიევში ვიზიტზე წერს ”იზვესტიაც”. მასში არის უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლის შეფასება. კერძოდ, უკრაინის რადის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ”რეგიონების პარტიის” წარმომადგენელი ლეონიდ კოჟარი ამბობს: ”ამერიკის ახალი ადმინისტრაცია დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების გამყარებით და ის აუხსნის უკრაინის ხელისუფლებას, რომ, ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ვაშინგტონი მხარს აღარ დაუჭერს უკრაინის ანტირუსულ პოლიტიკას. ამერიკელებისთვის უკრაინა, რა თქმა უნდა, ჰორიზონტიდან არ ქრება, ის მომავალშიც დარჩება ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად, თუმცა ბაიდენი აუხსნის ჩვენს ხელისუფლებას, რომ მოსკოვთან ჩხუბი არ არის საჭირო.” - ეს გახლავთ უკრაინელი ოპოზიციონერის მოსაზრება, რომელსაც ”იზვესტია” აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG