Accessibility links

ირაკლი ალასანიამ საკუთარი პარტიის შექმნით მის მიმართ არსებულ მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხა. მაგრამ არის ერთი გარემოება, რაც ალიანსის ლიდერს და მის ახალ გუნდს სერიოზული გამოწვევის პირისპირ ტოვებს.

ცნობილია, რომ პოლიტიკაში „მარტოკაცი“ ვერაფერს მიაღწევს. ამის შესანიშნავი დასტური, თუნდაც, ნინო ბურჯანაძის ან ლევან გაჩეჩილაძის კარიერაა. მათი ჭკუისსაწავლი გამოცდილების ფონზე, განსაკუთრებით მოულოდნელი აღმოჩნდა ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება, რომ ორი ძველი პარტიისგან შექმნილი ახალი ალიანსის მარტოხელა ლიდერი გამხდარიყო. მისი მაღალი რეიტინგის გამო, საგანგებო ანალიზის საგნად არ ქცეულა ის საკითხი, თუ რა უნდა გაეკეთებინა ახალგაზრდა ლიდერს პოლიტიკაში სხვების მიერ ნაშენები პარტიების ხარჯზე. რაგინდ პატიოსან მოთამაშეებთან ჰქონოდა საქმე ირაკლი ალასანიას ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების სახით, თავად პოლიტიკის ლოგიკა მიიყვანდა მას იმ ჩიხამდე, სადამდეც უფრო ადრე ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე მივიდნენ.

ასე რომ, ირაკლი ალასანიამ დროული და სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც საკუთარი პარტიის შექმნა გადაწყვიტა. რადგან საკუთარი პარტია ის შანსია, რომლის გარეშე პოლიტიკაში წარმატება, უბრალოდ, გამორიცხულია.

მაგრამ არის კიდევ ერთი უხერხულობა, რომლის დაუძლევლად პარტიის ლიდერობაც კი ვერ შეაჩერებს ალასანიას რეიტინგის ვარდნას.

საქართველოში დაბრუნებისთანავე, ახალგაზრდა ლიდერმა გამოაცხადა, რომ იგი მზად არის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის და მისი კონსტრუქციული ოპონირებისთვის. იმ ფონზე, რომ წლების განმავლობაში ოპოზიცია სულ უფრო მეტად რადიკალური ხდება, ირაკლი ალასანიას მიერ ოპოზიციის როლის ახლებურმა გააზრებამ მას მაშინვე საკუთარი ნიშა შეუქმნა. ეს იყო პოზიტიური გზავნილი უფრო მეტად საზოგადოებისადმი, ვიდრე ხელისუფლებისადმი, რადგან – როგორც მოგვიანებით გაირკვა – ხელისუფლებას ოპოზიცია არც კონსტრუქციული სჭირდებოდა და არც დესტრუქციული. სამაგიეროდ, საზოგადოებას სჭირდებოდა ისეთი ლიდერის გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც სხვებისგან განსხვავებული – უფრო გაწონასწორებული, მომთმენი და თანმიმდევრული იქნებოდა.

მაგრამ მალე გაირკვა, რომ ირაკლი ალასანიას წარმატება/წარუმატებლობის გასაღები მიხეილ სააკაშვილს ეპყრა ხელთ და, თანაც, ამ გასაღების ფასი ძალიან კარგად იცოდა. როდესაც ალასანიამ დიალოგზე და კონსტრუქციულ ოპონირებაზე დაიწყო საუბარი, მაშინ ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რამდენად საშიში აღმოჩნდებოდა მისი რეიტინგისთვის ასეთი, ერთი შეხედვით, სწორი არჩევანი. მართლია, ალიანსის ლიდერი ამბობდა, დიალოგისთვის მზად ვარ და არანაირ პირობებს არ ვაყენებო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მისი პოლიტიკური შეხედულებები საერთოდ არ აინტერესებდა. ასე რომ, პრეზიდენტს ოპოზიციის კონსტრუქციული ლიდერისკენ შემხვედრი ნაბიჯი არ გადაუდგამს და არც ვინმესთვის აუხსნია, რატომ არ გამოიყენა შანსი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მშვიდობის ხიდი გაედო.

სინამდვილეში, სულ სხვა რამ მოხდა: პრეზიდენტი პირისპირ შეხვდა ოპოზიციის ლიდერს, ოღონდ, არა იმას, რომელიც თვეების განმავლობაში დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამდა, – ესე იგი, ირაკლი ალასანიას, არამედ იმას, რომელიც ხალხს ჰპირდებოდა, ჟურნალისტების გარეშე თვითმარქვია პრეზიდენტს არასოდეს შევხვდებიო, – ესე იგი, ლევან გაჩეჩილაძეს. ამ ერთი ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის ორივე ლიდერს სერიოზული დარტყმა მიაყენა – ალასანიას იმით, რომ არ შეხვდა და გაჩეჩილაძეს იმით, რომ შეხვდა.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომავალი თვეების განმავლობაშიც ალასანიას მთავარ გზავნილად ხელისუფლებასთან დიალოგი დარჩება, ხელისუფლება კი ამ გზავნილს კვლავ წაუყრუებს? ცხადია, ირაკლი ალასანიას რეიტინგი სულ უფრო მეტად განილევა. ამიტომ, პარტიის შექმნასთან ერთად, ალიანსის ლიდერს აუცილებლად დასჭირდება ისეთი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლის შესრულება აღარ იქნება დამოკიდებული ხელისუფლების კეთილ ნებაზე. ირაკლი ალასანიას მოუხდება, ახალი შინაარსით შეავსოს საკუთარი ნიშა და თავის პარტიასთან ერთად ცადოს ისეთი სიახლის შეტანა პოლიტიკაში, რაც მას პერსპექტიული პოლიტიკოსის იმიჯს შეუნარჩუნებს და მის მიმართ საზოგადოების ნდობასაც უზრუნველყოფს.

სხვა შემთხვევაში, ირაკლი ალასანიას კარიერა მთლიანად ჩამოეკიდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ საჭიროებებს და ალიანსის ლიდერის წარმატებებიც ისეთივე გულდასაწყვეტი აღმოჩნდება მისი მოიმედე საზოგადოებისთვის, როგორც მისი წარუმატებლობა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG