Accessibility links

logo-print

როგორ ვითარდება აშშ-ისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები


აშშ-ისა და საქართველოს დროშები

აშშ-ისა და საქართველოს დროშები

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის თბილისში ვიზიტის წინა დღეებში ბევრს ლაპარაკობდნენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებასა და ქარტიაზე, რომელიც საფუძვლად უდევს ამ თანამშრომლობას. ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის საკითხებს. რა შეიცვალა ქარტიის გაფორმების შემდეგ აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში და როგორ ვითარდება ის?
თუ აშშ საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ პარტნიორად ითვლება, ასე არ არის ეკონომიკის სფეროში. ამერიკა საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორთა ჩამონათვალშია, მაგრამ მეხუთე-მეექვსე ადგილზე, და მას ჯერ კიდევ წინ უსწრებს რუსეთი.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში აშშ-ის მიერ საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა 15 მილიონი დოლარია, ხოლო იმპორტის მოცულობა - 100 ათასის ტოლი. არადა, რუსეთისგან განსხვავებით, რომლის საზღვრები ჩაკეტილია ქართული პროდუქციისთვის, ხოლო იმპორტი გართულებული, აშშ-თან საქართველო გამარტივებული სავაჭრო სისტემით - ჯი-ეს-პით - სარგებლობს. ეს კი აშშ-ში ათასობით დასახელების ადგილობრივი პროდუქციის დაბალი საბაჟო განაკვეთებით ან უბაჟოდ ექსპორტირების საშუალებას იძლევა. ბიზნესმენთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ახლა კი მოქმედი ბიზნესმენის, გიორგი ისაკაძის აზრით, ბიზნესმენებს მწყობრი წარმოდგენა არ გააჩნიათ არსებული პრეფერენციების შესახებ.

პოლიტიკური თანამშრომლობის მაღალი ხარისხის მიუხედავად, მოკრძალებულია აშშ-დან საქართველოში განხორციელებული კერძო ინვესტიციები. 2008 წელს მათი საერთო მოცულობა დაახლოებით 120 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. არადა, აშშ წლების მანძილზე აქტიურად ლობირებს საქართველოს ტერიტორიაზე ალტერნატიული ენერგოდერეფნების პროექტებს, თუმცა კი ამ სფეროში ცნობილი ამერიკული ინვესტიცია მხოლოდ „ეი-ი-ეს თელასი“ იყო, რომელიც მოგვიანებით რუსეთის კომპანიამ შეიძინა. საქართველოში ამერიკული ინვესტიციების ნაკლებობის მიზეზებს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ისაკაძე საქართველოს არასტაბილურობაში ხედავს:
„ძირითადი ამ შემთხვევაში, ჩემდა სამწუხაროდ, განმსაზღვრელია პოლიტიკა, შესაბამისად, გარე და შიდა პოლიტიკური რისკები.“

გიორგი ისაკაძის აზრით, ეს ვითარება შეიძლება შეიცვალოს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ. ორ ქვეყანას შორის ამგვარი სავაჭრო ურთიერთობის დამყარების ინიციატივა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაჩნდა, თუმცა ჯერჯერობით ინიციატივა რეალობად არ ქცეულა. ბიზნესმენი გიორგი ისაკაძე იმ სარგებელზე საუბრობს, რაც შეიძლება საქართველოს და აშშ-საც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა მოუტანოს:

„ეს მისცემს თუნდაც ამერიკელ ბიზნესმენებს დამატებით ინტერესს, რათა საქართველო გამოიყენონ დამატებითი წარმოებისთვის რეგიონში,რადგან თავისუფალი ვაჭრობა ძალიან ბევრ ფისკალურ და ბიუროკრატიულ ბარიერს აუქმებს.“

ეს, რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. მისგან განსხვავებული მაჩვენებლები აქვს საქართველოს მიმართ აშშ-ის მიერ განხორციელებულ ფინანსურ დახმარებას. როგორც ცნობილია, რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ აშშ-მა საქართველოსთვის 1 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფა გადაწყვიტა. საქართველოს უკვე მიღებული აქვს ამ თანხების დიდი ნაწილი,რომელიც დევნილთა პრობლემების მოგვარებას, ეკონომიკის გაჯანსაღებასა და ენერგეტიკის განვითარებას ხმარდება.
XS
SM
MD
LG