Accessibility links

logo-print

ამერიკის, ანუ დემოკრატიის, მხარდაჭერის იმედად


ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) და ნიკოლოზ გილაური

ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) და ნიკოლოზ გილაური

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ჩამოსვლას მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად მიიჩნევენ როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. საქართველოში ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტს აღიქვამენ როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას. საგულისხმოა ისიც, რომ დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა საგარეო პოლიტიკის ცენტრმა სწორედ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში სტუმრობას დაამთხვია საქართველოს შესახებ ვრცელი ანგარიშის გამოქვეყნება. სტატიების კრებულში, სახელწოდებით „ყურადღების ცენტრში - საქართველო”, ცნობილი ექსპერტები და პოლიტიკოსები ლაპარაკობენ იმ ხარვეზების შესახებაც, რომლებიც საქართველოში კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, სამართლის დაცვისა და საარჩევნო პროცესის კუთხით არსებობს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში სტუმრობა ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას უკავშირდება. ხელისუფლების ამ მოსაზრებას ოპონენტებიც იზიარებენ, თუმცა ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიიჩნევენ, რომ საქართველოს განვითარებისა და წინსვლის ერთადერთი გზა დემოკრატიის განვითარებაზე გადის. შესაბამისად, ოპოზიციის ლიდერები ამერიკის ადმინისტრაციისგანაც, პირველ რიგში, დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას მოითხოვენ:
„დრო არის საქართველოში ცვლილებებისთვის! დრო არის, რომ საქართველოს ეღირსოს დემოკრატია! დრო არის, რომ საქართველოს ეღირსოს სამართლიანობა და ამის სათქმელად გამოდის ხალხი.“

არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის, თქმით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ხალხის ნაწილი ქუჩაში, თავისუფლების მოედანზე, დახვდება და იქიდან ეტყვის სათქმელს. ჯოზეფ ბაიდენთან ურთიერთობის განსხვავებულ ფორმას ირჩევენ სხვა ლიდერები. „ალიანსი საქართველოსათვის“ არ აპირებს დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღებას, თუმცა 21 ივლისს ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერები ბევრს საუბრობენ დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. „ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ და ამერიკას ერთნაირად მიგვაჩნია, რომ საქართველოს ესაჭიროება დემოკრატიული რეფორმები და მოძრაობა ამ მიმართულებით უკვე რეალურ ქმედებებში უნდა გადაიზარდოს“, ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს დავით გამყრელიძე, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ალასანია აწერენ:

„ჩვენი აზით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელმოწერილი ქარტია შეიძლება გახდეს ის ძირითადი ინსტრუმენტი, რომლითაც აშშ-ის ადმინისტრაცია რეალურად განახორციელებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერას და ასევე საქართველოს მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგს.“

პოლიტიკოსების მსგავსად, მედიის წარმომადგენელთა ნაწილიც მიიჩნევს, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში წინ უნდა წამოსწიოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა. შემთხვევით არაა, რომ ჟურნალისტები და გამომცემლები, რომლებიც 21 ივლისს სახალხო დამცველის ოფისში შეიკრიბნენ, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე მედიაპროცესებით დაინტერესებას სთხოვენ. მედიის დამოუკიდებლობის დასაცავად გაერთიანებული ჟურნალისტების სახელით მიმართვა გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა წაიკითხა:

„საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით ქართული მედიის წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გავამახვილოთ თქვენი ყურაღდება ქართული მედიის პრობლემებზე.
მივიჩნევთ, რომ აშშ-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებაში, ასევე საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის დაცვაში. ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც გავერთიანდით ქართული მედიის დამოუკიდებლობის დასაცავად, მოგმართავთ:

1. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს საქართველოს ნაციონალური სატელევიზიო არხები - როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი - ერთპარტიულისახელმწიფო წნეხისაგან; გამჭვირვალე გახადონ ტელეარხების დამფუძნებელთა ვინაობა და არ ჩაერიონ სატელევიზიო არხების ქონების გადანაწილებასა და შიდა სარედაქციო პოლიტიკაში.

2. შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებულ საქმეს. ჩვენ ვფიქრობთ, „იმედი“, რომელიც სამართლებრივი მანიპულაციების შედეგად ჩამოერთვა პატარკაციშვილების ოჯახს, უნდა დაუბრუნდეს მის ქვრივს.“

ასევე სიტყვის თავისუფლებისა და, ზოგადად, დემოკრატიული პროცესების შეზღუდვის შესახებაა ლაპარაკი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის ცენტრის მიერ 22 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომლის რედაქტორი ადამ ჰაგი წერს, რომ ბოლო წლებში საქართველოში რეფორმების ტემპი შენელდა და მთავრობა შემაშფოთებელ ტენდენციებს ავლენს - როგორც ავტოკრატიული მმართველობის, ისე მედიის თავისუფლებისა და უშიშროების ძალების მოქმედების გამო. ანგარიშში საყურადღებო მოსაზრებას გამოთქვამს ართურ ჰარტმანი, საბჭოთა კავშირში ამერიკის ყოფილი ელჩი. “პრეზიდენტ სააკაშვილს საქართველოს გამთლიანება და გაძლიერება სურს. საუკეთესო გზა ამისთვის დემოკრატიული ფასეულობებისა და თავისუფლების მხარდაჭერაა,” მიაჩნია ამერიკელ დიპლომატს, რომლის ამ მოსაზრებას საქართველოშიც ბევრი იზიარებს.
XS
SM
MD
LG