Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 22 ივლისი 2009


დღევანდელი ქართული პრესის მთავარი სალაპარაკო თემა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტია. ამაზე წერს პირველ გვერდზე თითქმის ყველა ქართული გაზეთი. „ბაიდენის მარტივი მესიჯები“ - ასეთია „24 საათის“ მოწინავე სტატიის სათაური. გაზეთი წერს, რომ „ერთ-ერთი ასეთი „მარტივი მესიჯი“ ბაიდენმა უკრაინაში იუშჩენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა, სადაც მან თქვა, რომ ამერიკა არ ცნობს რამე გავლენის სფეროებს და არავის აქვს რომელიმე სახელმწიფოსთვის კარნახის უფლება, თუ რომელ კავშირში შევიდნენო“.

„რეზონანსი“ აქვეყნებს რამდენიმე მიმართვას ბაიდენისადმი. პირველ გვერდზეა გამოტანილი მედიის წარმომადგენლების მიერ მიღებული მიმართვა, სადაც ქართული მედიის პრობლემები 4 მიმართულებითაა წარმოდგენილი. გაზეთი წერს შეხვედრაზე, სადაც ეს მიმართვა მიიღეს, ტელეკომპანია მაესტროს ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი ახალი ინიციატივითაც გამოვიდა, შეიქმნას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელსაც თავად მედიასაშუალებები დააფინანსებენო.

მეორე განცხადება, რომელსაც სათაურად აქვს „ქართველი ხალხის მიმართვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისადმი“, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა მიიღო. „მოლოდინი თქვენს მიმართ დიდია! იმედი საქართველოში არ ჩამქრალა! ბრძოლა რეალური დემოკრატიისათვის გრძელდება!“ - ასე მიმართავენ პოლიტიკოსები ბაიდენს.

„ვერსიის“ სათაური ამ თემაზე გახლავთ: „პოლიტკასტინგი ბაიდენისთვის, ანუ გამოდებატებულები“. ამ საერთო სათაურით გაზეთი ორ სტატიას აქვეყნებს. ერთია ინტერვიუ ახალი მემარჯვენეების ლიდერ დავით გამყრელიძესთან. რა საკითხზე ესაუბრება ბაიდენს თქვენი ალიანსის წარმომადგენელიო, - კითხულობს ჟურნალისტი. „იმაზე, რომ ქვეყანა იმყოფება სერიოზულ კრიზისში და ამ კრიზისის დაძლევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ კომპლექსური ცვლილებებით როგორც მედიასივრცეში, ასევე სასამართლო რეფორმაში და, რაც მთავარია, არჩევნების თავისუფლების კუთხით“, - პასუხობს დავით გამყრელიძე.

ის გაზეთები, რომელთა მოწინავე სტატიაც ბაიდენის ვიზიტს არ ეხება, გუშინწინდელ საპარლამენტო დებატებზე წერენ. „ვაშა დე-ბატებს, ჯერ არნახულს, ჯერ არგაგონილს“ - ასეთია „საქართველოს რესპუბლიკის“ სათაური. „დებატებში“ „ბატები“ წითლად არის გამოყოფილი. გაზეთი ამ სტატიას აქვეყნებს რუბრიკით „ერიჰა“. ავტორი განწყობის გამოსახატავად იშველიებს ლექსს, რომელიც, მისი თქმით, პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა დაწერა: „ოცში მიშას მოხსენებამ გამაჟრჟოლა ტანში, სტალინის დროს არ მსმენია ამოდენა ტაში.“
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG