Accessibility links

logo-print

რუსი ჟურნალისტის განცხადებებმა ცხინვალში უკმაყოფილება გამოიწვია


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გერბი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გერბი

რუსეთის საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი მიხაილ ლეონტიევი ოკუპირებული ცხინვალის ხშირი სტუმარია. მას დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში ყოველთვის გულღიად ხვდებოდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ლეონტიევი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დამცველი იყო. ცხინვალში ბოლო სტუმრობისას, ერთ-ერთ დისკუსიაზე, რუსმა ჟურნალისტმა ადგილობრივი საზოგადოებისთვის მოულოდნელი და მიუღებელი მოსაზრებები გამოთქვა. როგორც რადიო თავისუფლებას ცხინვალიდან აცნობეს, სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური მომავლისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე მიხაილ ლეონტიევი ნასვამი მივიდა, დისკუსიისას კი რესპუბლიკას რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი და ცხინვალის რაიონი უწოდა. ამ განცხადებამ განსაკუთრებულად ცხინვალელი ჟურნალისტები აღაშფოთა. ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას ინტერნეტგამოცემა „ირონთაიმსის“ ჟურნალისტმა ირინა ქელეხსაევამ მიხაილ ლეონტიევის გამონათქვამებს ექსცენტრიული უწოდა და კომენტარი დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს სტანისლავ ყოჩიევს სთხოვა. თავის მხრივ, ყოჩიევმა რუსი ჟურნალისტის განცხადებები მის ნასვამ მდგომარეობას დააბრალა და ირინა ქელეხსაევა იმით დაამშვიდა, რომ კრემლში ყველა ლეონტიევის მსგავსად არ აზროვნებს. „გაეროს ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელმა მალხაზ მინდიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჟურნალისტი მიხაილ ლეონტიევი კრემლის რუპორადაა მიჩნეული, ამიტომ ალკოჰოლის ზემოქმედებით მოსაზრებები მან სრულიად გულწრფელად გამოთქვა. მინდიაშვილის განცხადებით, აღიარების მიუხედავად, კრემლი სამხრეთ ოსეთს სახელმწიფოდ არ მიიჩნევს. ქართველი ექსპერტების აზრით, რუსეთს სჭირდება ამიერკავკასიის სეპარატისტული რეგიონების მხოლოდ ტერიტორია, სადაც სამხედრო ბაზები ექნება და საქართველოზე ზეწოლის იარაღად გამოიყენებს. რუსმა ჟურნალისტმა კი ეს ყველაფერი ოსურ საზოგადოებას გულწრფელად უთხრა.
XS
SM
MD
LG