Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში ოპოზიცია არჩევნების ფართომასშტაბიან გაყალბებაზე ლაპარაკობს


საარჩევნო უბანი ბიშკეკში
საარჩევნო უბანი ბიშკეკში
დღეს საპრეზიდენტო არჩევნების დღეა ყირგიზეთში: საარჩევნო უბნები, ადილობრივი დროით, 20 საათზე (თბილისის დროით, 18 საათზე) დაიხურა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი უკვე დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. გამოსვლების მიზეზია პრეზიდენტობის 6 კანდიდატიდან ორის გამოთიშვა საარჩევნო პროცესიდან, მათი განმარტებით, არჩევნების გაყალბების გამო პროტესტის ნიშნად.

სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ალმაზბეკ ატამბაევმა და დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჟენიშბეკ ნაზარალიევმა დღეს განაცხადეს, რომ წყვეტენ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. სოციალ-დემოკრატი კანდიდატის მხრიდან ეს ნაბიჯი იყო რეაქცია ცნობაზე, რომ ისიკ-ყულის რაიონში დააკავეს მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერი. როგორც ალმაზბეკ ატამბაევმა აღნიშნა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ის უარს ამბობს “ყალბ არჩევნებში მონაწილეობასა და პრეზიდენტ ბაკიევის ლეგიტიმიზაციაზე. ის არ იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი. და ეს ხელისუფლებაც სრულიად არალეგიტიმურია”.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ ნაზარალიევის მოტივს, ის აღნიშნავს, რომ არც მემარჯვენეებს ემხრობა და არც მემარცხენეებს: “ვემხრობი უბრალოდ პატიოსან, ნორმალურ არჩევნებს. და როცა აქ, მართლაც განუკითხავად და უპრინციპოდ იქცევიან ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან, ეს, რასაკვირველია, არ არის სწორი”, ამბობს დამოუკიდებელი კანდიდატი, ჟენიშბეკ ნაზარალიევი. მისი და სოციალ-დემოკრატ ატამბაევის მიერ კანდიდატურების მოხსნის მიუხედავად, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩევლებს აუწყა, რომ მაინც შეეძლოთ ხმის მიცემა ნებისმიერი კანდიდატისთვის, რადგან საარჩევნო ბიულეტენში ყველას სახელები რჩებოდა.

არჩევნების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როცა ქალაქ ბალაკჩიში (ისიკ ყულის რეგიონში) ათასამდე ადამიანი შეიკრიბა მერიასთან პარლამენტარ მირბეკ ასანკულოვის განთავისუფლების მოთხოვნით. სწორედ ასანკულოვი ხელმძღვანელობდა რეგიონში სოციალ-დემოკრატი კანდიდატის, ატამბაევის საარჩევნო კამპანიას. გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და ჰაერში ისროლა.


ალმაზბეკ ატამბაევი - ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე საარჩევნო კამპანიას გამოეთიშებოდა, ჟურნალისტებთან საუბარში შეეხო საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების პრობელმას: “ეს არჩევნები ბინძურად ტარდება, ძალიან ბინძურად! რადგან ხელისუფლებას არა სჯერა საკუთარი ძალებისა. ხელისუფლებამ, როგორც იგრძნო, რომ მარცხდება, თამაში დაიწყო. ხელისუფლება უეჭველად დამარცხდება. საკითხავი ის არის, ყურს დაუგდებენ ხალხის ხმას?”

ატამბაევი ირწმუნება, რომ მისი გუნდის წევრები საარჩევნო პროცესის დარღვევის ბევრ შემთხვევას შეესწრნენ. მისი ინფორმაციით, საარჩევნო ყუთებში მასობრივად ყრიდნენ ყალბ ბიულეტენებს. ბიშკეკში “კარუსელის მეთოდს” იყენებდნენ, ამომრჩეველთა სიაში გარდაცვლილებიც ჰყავთ შეყვანილი. “ჩვენ ერთი შენობა შევამოწმეთ და სიაში აღმოვაჩინეთ 8 ადამიანი, რომელიც დიდი ხანია ცოცხალი აღარ არის”, ამბობს ატამბაევი.

ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი უარყოფს არჩევნების მასშტაბური გაყალბების ბრალდებას: “ადმინისტრაციული რესურსები არ გამოგვიყენებია და არც გამოვიყენებთ. პირველივე დღიდან ვეუბნები გუბერნტორებს, მერებს და ყველას - არ მინდა თქვენი, კეთილი ზრახვებით გაწეული სამსახური-მეთქი. არ მჭირდება! მჯერა, რომ ამის გარეშეც ყველაფერი კარგად იქნება. სხვანაირად ვიტყვი: მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელშიც არჩევნები ხარვეზების გარეშე ტარდება. ხალხი ხალხია! არჩევნების მსვლელობაში შესაძლოა, იყოს გარკვეული დარღვევები, მაგრამ ამას არ ექნება ისეთი გავლენა, რომელიც უარყოფითად აისახებოდა არჩევნების მთლიან შედეგზე. არ არსებობს ასეთი რამის თქმის საფუძველი”, ირწმუნება ყირგიზეთის პრეზიდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელი არჩევნები უკვე გამოცხადდა შემდგარად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ელექტორატის 61-მდე პროცენტმა.
XS
SM
MD
LG