Accessibility links

ომში დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო დახმარებას გაუზრდის


ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცს ოჯახის წევრი დასტირის

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცს ოჯახის წევრი დასტირის

ცვლილებები, რომლებიც პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ინიციატივით „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სოციალური დაცვის ახლებურად დარეგულირებას ითვალისწინებს. კანონპროექტით გათვალისწინებულია კონფლიქტურ ზონებში 1998 წელს, 2004 წელს და 2008 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლების ოჯახის შრომისუუნარო წევრებზე პენსიების გაცემა. ცვლილების მიხედვით, ასევე გაიზრდება ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ მებრძოლთა პენსიები.

2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს სამასადმე მოქალაქე დაიღუპა. ამასთან, გარდაცვლილთა დიდი ნაწილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ომის დასრულებიდან რამდენიმე კვირის თავზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ღირსეული არჩევანი გააკეთეს და თავი სამშობლოს შესწირეს.

„სამხედრო ძალები იმისთვის ჰყავს ქვეყანას, რომ მათ თავი გაწირონ და დაიცვან ქვეყანა. ეს ბიჭები არიან პროფესიონალები და მათ შეგნებულად ჩაიცვეს ფორმა და ისინი ემზადებოდნენ თავგანწირვისთვის და შეგნებულად გაწირეს თავი ჩვენი ქვეყნისთვის“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მოგვიანებით სამშობლოს შეწირული ამ ადამიანების ოჯახებს ხელისუფლებამ კომპენსაციები გადასცა და კანონით გათვალისწინებული პენსიებიც დაუნიშნა, თუმცა დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ დახმარება არაადეკვატურია:
„კაცი, რომელიც ქვეყნის დაცვას, ანუ ჩვენი ოჯახების გადარჩენას შეეწირა, იმსახურებს იმას, რომ ოჯახი უპირობოდ იღებდეს მის ხელფასს.“

ჯონდი ბაღათურიამ ეს განცხადება პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის უკანასკნელ სხდომაზე გააკეთა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა უმრავლესობის წევრებს, რომლებიც კონფლიქტურ ზონებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ოჯახის შრომისუუნარო წევრებზე სოციალური დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდნენ, მეტი გულისხმიერებისკენ მოუწოდა, თუმცა პასუხად პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების შესაძლებლობები შეზღუდულია და რომ უმრავლესობის მიერ ინიცირებული ეს ცვლილებებიც დაინვალიდებული მებრძოლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის მნიშვნელოვანი სოციალური დახმარებაა:

„ეს ოჯახები მოიპოვებენ უფლებას, რომ მარჩენალის დაკარგვის გამო მიიღონ პენსია ან კომპენსაცია სახელმწიფოსგან. წინადადება არის, რომ მათ შვილებს მიეცეთ პენსია 22 წლამდე, ნაცვლად დღეს არსებული 18 წლისა. თუ ერთი ოჯახიდან რამდენიმე ადამიანია დაღუპული, მაშინ ყველა მათგანის სანაცვლოდ ოჯახი მიიღებს შესაბამისი რაოდენობის პენსიებს“. ოთარ თოიძის თქმით, ცვლილებები შეეხებათ ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ მებრძოლებსაც, რომლებიც ამჟამად ჩვეულებრივ ინვალიდობის პენსიას იღებენ:

„დღეისათვის ომის ინვალიდობის პენსია არ აღემატება ჩვეულებრივი ინვალიდისას.ცვლილების თანახმად, მათი პენსია გაუტოლდება სამამულო ომის მონაწილის პენსიას, ანუ პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდის პენსია იქნება 129 ლარი.“

ცვლილებების მიხედვით, რომელიც, ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში 2 მილიონი ლარი უჯდება, პენსიას მხოლოდ მარჩენალდაკარგული ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა წევრები შრომისუუნაროები არიან. ოთარ თოიძის განმარტებით, ასევე მომზადებულია ცვლილება, რომელიც ამ შეზღუდვას არ ითვალისწინებს, თუმცა ამ შემთხვევაში ხარჯი სამჯერ გაიზრდება. ცვლილებების განხილვას პარლამენტი სექტემბერში დაიწყებს. შესაბამისად, ომში დაინვალიდებულ და დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები გაზრდილ სოციალურ დახმარებას საშემოდგომო სესიის დასრულებამდე მიიღებენ.
XS
SM
MD
LG