Accessibility links

logo-print
პრესა ბაიდენის ვიზიტს ეხმაურება. ”აშშ აგრძელებს თქვენს გვერდით დგომას”, ”ბაიდენის საიდუმლო გეგმა. რა უდევს ”თბილისურ პორტფელში” აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს?”, ”ჩვენ არასდროს მიგატოვებთ” - ასეთია სათაურები.

”რეზონანსი” წერს: ”ცხადია, მისი ვიზიტი ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანია და ამაზე არავინ კამათობს. ისიც ფაქტია, რომ ასეთი დონის სტუმარს საგანგებო დახვედრა სჭირდება და საქართველოში არავინ იტყვის, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული მიღება ცუდი ან უგემოვნო იყო და იგი საქართველოზე შთაბეჭდილებას ვერ შეიქმნიდა. მაგრამ ცოტა გაუგებარი ქუჩებში ამტყდარი აჟიოტაჟია”, - წერს გაზეთი. ”რეზონანსის” ავტორი იმავე სტატიაში შენიშნავს: ”ქუჩების გადაკეტვა რომ ოპოზიციისთვის არ შეიძლება, ეს უკვე ვიცით, მაგრამ, როდესაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს ამას, ცხადია, ყველაფერი შესაძლებელია. გამაღიზიანებელი ის არის, რომ იმ ქუჩაზე დგომა, სადაც ესკორტს უნდა გაევლო, ესეც შერჩევით მოხდა. ძალიან საინტერესოა, რატომ ჰგონია ხელისუფლებას, რომ თუკი ბაიდენი საკმაოდ სწრაფად მიმავალი მანქანის ფანჯრიდან რაიმე ოპოზიციურ ლოზუნგს მოჰკრავდა თვალს, ეს ქვეყნის იმიჯზე ცუდად იმოქმედებდა და საგანგებოდ მიყვანილი ახალგაზრდების მიერ დროშების ქნევა - არა?” - კითხულობს ”რეზონანსის” ავტორი.

ბაიდენის ”საიდუმლო გეგმის” შესახებ წერს ”ყველა სიახლე”. ავტორი ცდილობს გაარკვიოს რა წინადადებებით ჩამოვიდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში, სტატიის დასასრულს კი წერს: ”არ არის გამორიცხული, რომ ალასანია, გავლენიანი ამერიკელი მეგობრების წყალობით, გარკვეულწილად ინფორმირებული იყოს რა წინადადებები ჩამოიტანა თბილისში ბაიდენმა. ამაზე ირიბად მიანიშნებს ”ალიანსის” განცხადების ის ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ ”აშშ-ის მთავრობას შეუძლია გამოიყენოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია რეფორმის ვადების დადგენის მიზნით. ეს ვადები უნდა შეათანხმოს პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ და აშშ-მა პირობა უნდა დადოს, რომ ამ შეთანხმების შესრულების გარანტი იქნება”. ამ გაზეთში დღეს ქვეყნდება ინტერვიუ მწერალ ჭაბუა ამირეჯიბთან. შეკითხვას: ”თქვენი აზრით, მოქმედებს თუ არა დღეს ქართველი ერი - როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია -გონების კარნახით?”, ჭაბუა ამირეჯიბი უპასუხებს: ”ერთიც და მეორეც იმ გონების კარნახით მოქმედებს, რამდენი და როგორიც ღმერთმა მისცა. საკმარისია თუ არა ეს ქართველი ერის გადარჩენისთვის, გონიერმა და უყიდველმა მკითხველმა თავად განსაზღვროს.”

”ალია” ქართველ პოლიტიკოსებს ეკითხება, რა შთაბეჭდილება დატოვა მათზე პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ოფიციალურ სადილზე ჯოზეფ ბაიდენის გამოსვლამ. ლეიბორისტი გიორგი გუგავა: ”ბუნებრივია, მას მხოლოდ სადღეგრძელოს დატვირთვა არ ჰქონდა. მან უსურვა ქართულ სახელმწიფოს წარმატება. მაგრამ ეს წარმატება განპირობებული იქნება მხოლოდ იმით, თუ სააკაშვილი მოსცილდება ამ ქვეყანას”; რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი: ”რაც შეეხება ”ვარდების რევოლუციაზე” აქცენტს, ამაში ხელისუფლების მხრიდან საამაყოს ვერაფერს ვხედავ. როცა 6 წლისთავია რევოლუციიდან და კიდევ ამ რევოლუციაზეა საუბარი, ეს იმას ნიშნავს, რომ მაინცდამაინც დიდი ძვრები არ განხორციელებულა”; საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი: ”პროტესტი არის დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და დემოკრატიული ფასეულობები ამის გარეშე არ არსებობს. სწორედ ამას მიესალმება ბატონი ბაიდენი, რომ საქართველოში პროტესტის გამოხატვის არანაირი კანონიერი ფორმა არ იზღუდება, ყველაზე მწვავე ფორმითაც კი. ანუ იგულისხმებოდა ცალსახად ის, რომ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენთან პრობლემები არ არის. სწორედ ამას მიესალმა ბატონი ბაიდენი.”

”24 საათი” პირველ გვერდს უთმობს ბაიდენის ვიზიტისა და მისი თანმხლები აქციების შესახებ ინფორმაციას. ”საქართველოს რესპუბლიკა” პირველ გვერდზე ჯოზეფ ბაიდენის ბიოგრაფიას სთავაზობს მკითხველს.

”ჯორჯიან ტაიმსი” ბაიდენის ვიზიტს არ აშუქებს. ამ გაზეთში დღეს არაერთი ინტერვიუ ქვეყნდება - მათ შორის, ინტერვიუ პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიასთან, რომელიც მიმდინარე წლის მაისში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მაისაია ამბობს, რომ მის მიერ დანაშაულის აღიარების შესახებ ვიდეოჩანაწერი, რომელიც მისი დაკავების შემდეგ ტელევიზიით გავრცელდა, შედეგი იყო ”დიდი ზეწოლისა“. ე.წ. ”ჩვენება”, ამბობს ის, „რომელიც მაიძულეს წამეკითხა ვიდეოკამერის წინაშე, სხვათა შორის, დაწერილი და შექმნილი იყო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაღალი პირის მიერ, ხოლო ჩემი ხელით დაწერილი ჩვენება დახეული და გადაყრილი იყო ნაგვის ყუთში.” - მისაია განმარტავს, რომ მას ოჯახის წევრებზე ზეწოლის მუქარით აიძულეს ამის გაკეთება. ინტერვიუ ”ჯორჯიან ტაიმსმა” ადვოკატის დახმარებით მოიპოვა.
XS
SM
MD
LG