Accessibility links

logo-print

რა უთხრა ქართველ ხალხს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა


ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას

ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა დაასრულა თავისიო ტურნე ორ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში - უკრაინასა და საქართველოში. კიევიდან თბილისში ჯოზეფ ბაიდენი 22 ივლისს ჩამოვიდა. 22 ივლისის ღონისძიებების შესახებ უკვე ცნობილია, შეხვედრებით დატვირთული იყო 23 ივლისი. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შემდეგ სააკაშვილის პოლიტიკური ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს, ამის შემდეგ იყო შეხვედრა პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრებთან. ჯოზეფ ბაიდენი უმნიშვნელოვანესი სიტყვით წარდგა საქართველოს პარლამენტის წინაშე, მოგვიანებით კი შეხვედრა გამართა დევნილობაში მყოფ ბავშვებთან. ვიზიტი - უმნიშვნელოვანესი ვიზიტი - დასრულდა.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები და, იმავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები თბილისიდან რუსეთისა და მთელი მსოფლიოსთვის.

”მე ვლაპარაკობ არა მარტო ჩემი სახელით, ასევე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც. თბილისში ეს სტუმრობა მართლაცდა გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს. სწორედ ამიტომ გეგმავდა და სწორედ ამიტომ მომცა მეც დარიგება თბილისში ვიზიტი დამეგეგმა. მე ვიცი, ბევრი წუხს და სვამს შეკითხვას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა მოხდეს. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ არა, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და რომ ეს შეუძლებელია. როგორც პრეზიდენტმა ობამამ ორი კვირის წინ დაადასტურა მოსკოვში, ჩვენ პრინციპების დამცველი ხალხი ვართ. ხალხებმა თვითონ უნდა აირჩიონ პარტნიორები, თვითონ უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ჩვენ წინააღმდეგნი ვართ მეცხრამეტე საუკუნის ცნებებისა, გავლენის სფეროების ადგილი არ არის 21-ე საუკუნეში. ჩვენ არ მივიჩნევთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ჩვენ არ ვაღიარებთ მათ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და მოვუწოდებთ რუსეთს პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, მკაფიოდ ჩამოყალიბებულს, მათ შორის - თქვენი ტერიტორიიდან ყველა შეიარაღებული ძალის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებას.”

როცა ეს ყველაფერი მოხდება, აი, მაშინ იქნება დასრულებული ”ვარდების რევოლუცია”
ეს ითქვა საქართველოს პარლამენტში. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა იყო საკმაოდ ვრცელი, ემოციურიც და უმნიშვნელოვანესი მინიშნებებითაც დატვირთული. ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს გავლენის სფეროებს, რადგან 21-ე საუკუნე არ არის გავლენის სფეროების საუკუნე. რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა არ მოხდება საქართველოს ხარჯზე და ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს და არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად... რა ითქვა კიდევ? ითქვა, რომ საქართველო არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებისა არა მარტო იმიტომ, რომ მასზე გადის ენერგორესურსების გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, არამედ იმის გამოც, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც მოხდა ”ვარდების რევოლუცია” და ქვეყანა, რომელიც ამ რევოლუციით იქცა შთაგონების წყაროდ ამერიკისთვის და იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ახლა ისწრაფიან თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. ”ვარდების რევოლუციის” მნიშვნელობაზე საქართველოს განვითარებისთვის ჯოზეფ ბაიდენმა ხაზგასმით ისაუბრა ვიზიტის პირველ დღესაც, ხოლო ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, თქვა, რომ ”ვარდების რევოლუცია” საქართველოში არ დასრულებულა. საქართველო არის ”ვარდების რევოლუციის ” ქვეყანა და იმისათვის, რომ ბოლომდე აღსრულდეს ის იმედები, რაც ამ რევოლუციას უკავშირდებოდა, საქართველომ უნდა გააგრძელოს და გააღრმავოს დემოკრატიული ცვლილებები. ბაიდენმა გაიხსენა პრეზიდენტ სააკაშვილის დაპირება ”დემოკრატიის ახალი ტალღის” თაობაზე და საქართველოს ხელისუფლებას, მის ოპოზიციას და საქართველოს მთელ საზოგადოებას მისცა რჩევა : ” პოლიტიკური პროცესები განვითარდეს პარლამენტის შენობაში და არა მარტო ქუჩაში; საქართველოს მთავრობის საქმიანობა გახდეს უფრო გამჭვირვალე; მედიის თავისუფლება განმტკიცდეს ისე, რომ მას შეეძლოს ხელისუფლების კონტროლი; გაძლიერდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი.“

ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პარლამენტს მიმართა
”როცა ეს ყველაფერი მოხდება, აი, მაშინ იქნება დასრულებული ”ვარდების რევოლუცია” - ეს ჯოზეფ ბაიდენის სიტყვებია.

პარლამენტში გამოსვლისას მან გაიხსენა საქართველოში თავისი წინა ვიზიტი, როცა ის ჩვენს ქვეყანას, სენატორის რანგში, უმძიმეს დღეებში ესტუმრა, ესტუმრა მაშინ, როცა თბილისთან იდგა რუსეთის ჯარი, როცა იღუპებოდნენ ადამიანები, და თქვა:

”მაშინ მირჩიეს არ წამოვსულიყავი, მაგრამ მე ვიცოდი რატომ არის ჩემი ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი. მე ჩამოვედი აქ და ვთქვი, რომ ვარ და ვიქნები თქვენს გევრდით და ამ ჩემს აღთქმას ამჯერად ვასრულებ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი.”

მოგვიანებით, როგორც უკვე ვთქვით, იყო შეხვედრა სწორედ იმათთან, ვინც, საქართველოს მეგობრების თანადგომის მიუხედავად, საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა - შეხვედრა დევნილ ბავშვებთან. ის შედგა ძალიან უშუალო გარემოში და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დევნილ ბავშვებს თავისი პირადი ტრაგედიის შესახებ უამბო:

”მე 4 ბავშვი მყავს. მაგრამ დიდი ხნის წინ, როცა სენატორი ვიყავი, მე, ჩემი 3 ბავშვი და მეუღლე მანქანაში ვისხედით და კატასტროფაში მოვყევით. ჩემი მეუღლე და ქალიშვილი დაიღუპნენ და ჩემი ორი 2 ვაჟი შეესწრო ამას, თქვენსავით ძალიან ცუდ რამეს შეესწრნენ. ბევრი მეუბნებოდა მაშინ, რომ ჩემს ბავშვებს ეს ტრაგედია დაღს დაასვამდა. მაგრამ ვინც ამას ამბობდა, არ იცნობდა ჩემს ბავშვებს და, საერთოდ, ბავშვებს. ყველაფერი, რაც კი ცუდი გინახავთ, მხოლოდ გაგაძლიერებთ. არსებობს გამონათქვამი ინგლისურად და, ალბათ, არის ქართულადაც: ტრაგედია კაცს ან გააძლიერებს, ან დაასუსტებს... ძალიან ლამაზები ხართ, ბავშვებო.”

შემდეგ სიტყვა ბავშვებს მიეცათ და ახალგორელმა მარიმ, რომლის მამაც შარშანდელ ომს შეეწირა, სტუმარს უთხრა, რომ მისი ოცნება სახლში დაბრუნებაა. შემდეგ სხვა ბავშვი მოჰყვა თავის ისტორიას, თუ როგორ გახდა დევნილი შარშანდელი ომის დროს, რა საშინელება მოხდა მის სოფელში... და სტუმარმა ამ ბავშვს უთხრა:

„ჩემი აზრით, სირცხვილია და საშინელება ის, რაც თქვენს სოფელში მოხდა... და მე მჯერა, რომ შენც და შენი ნათესავებიც დაუბრუნდებით თქვენს სოფელს. ორი რამ უნდა გითხრა. ერთი, რომ დაუბრუნდები შენს სოფელს და მეორე, რომ ჩამოხვალ ამერიკაში. დამპირდი, რომ, როცა ჩამოხვალ, მნახავ.”

ჯოზეფ ბაიდენი თვითმფრინავის ტრაპზე თბილისიდან გამგზავრებისას
ასეთი იყო შეხვედრა დევნილ ბავშვებთან. მანამდე კი, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ ვერ ახდება ქართველებისა და მათი ბავშვების ოცნება მანამ, სანამ საქართველო არ გამთლიანდება... რომ რაც არ უნდა ძნელი იყოს, ქართველებმა უნდა ვიპოვოთ გზები აფხაზებისა და ოსებისკენ და დავარწმუნოთ ისინი, რომ აქ, საქართველოშია მათი კეთილდღეობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების გარანტია... საქართველო უნდა განვითარდეს და გამთლიანდეს მშვიდობიანად და ამერიკის შეერთებული შტატები იქნება მის გვერდით. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ და არ მიატოვებს მას. - ეს იყო ის, რაც ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოში თავისი ვიზიტის დასასრულს თქვა.
XS
SM
MD
LG