Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სახალხო დიალოგისთვის" ქუთაისელებს საკუთარი თემები აქვთ


ამ კვირაში პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტში გამოვიდა სახალხო დიალოგის ინიციატივით, რაც, მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ყველა ქალაქსა და სოფელში ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩასვლას და იქაური პრობლემების აღრიცხვას გულისხმობს. საქართველოს მთავრობამ ხალხთან შეხვედრების დაგეგმვა მაშინვე დაიწყო, თავად მოქალაქეებში კი, თუ ქუთაისის მაგალითით ვიმსჯელებთ, განსაკუთრებული ენთუზიაზმი ჯერჯერობით არ შეინიშნება. ქუთაისელთა ნაწილი, რომელსაც, საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის მსგავსად, ბევრი პრობლემა დაუგროვდა, ეჭვობს, რომ სახალხო დიალოგი ხელისუფლების პიარ-კამპანიის ნაწილია. ისინი მთავრობის ჩინოვნიკებთან შეხვედრებს არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ამბობენ, რომ დღემდე ბევრი დანაპირები მოუსმენიათ, რეალური შედეგი კი არ უნახავთ.

რადიო თავისუფლების რესპონდენტები ხელისუფლებისგან ითხოვენ პენსიის გაზრდას და ჯანდაცვის ისეთ სისტემას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ჯანდაცვის სფეროში ისინი მაღალ ფასებსა და გაუმართავ სადაზღვევო სისტემას უჩივიან და შიშობენ, რომ, დანაპირების მიუხედავად, არც პენსია გაეზრდებათ, რადგან ამ თემაზე ხელისუფლებამ საუბარიც კი შეწყვიტა.

მილიარდდოლარიანი ეგვიპტური ინვესტიციის მომლოდინე ქუთაისელები განსაკუთრებულ პრობლემად უმუშევრობასაც ასახელებენ. შეგახსენებთ, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე, შეიქმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც რამდენიმე ქართულ-ეგვიპტური საწარმო უნდა აშენდეს. სახალხო დიალოგის მთავარ თემად რადიო თავისუფლების რესპონდენტები სწორედ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ასახელებენ.
XS
SM
MD
LG