Accessibility links

logo-print
დიდი ჯაზ-ორკესტრი, ე.წ. ”ბიგ-ბენდი”, დღეს იშვიათობაა. შესაძლოა, ეს იმით იყოს გამოწვეული, რომ ახალგაზრდები უპირატესობას როკ და პოპ-მუსიკას ანიჭებენ, თუმცა არ არის გამორიცხული, მიზეზი სულ სხვა იყოს: მაღალი კლასის დიდი კოლექტივის შენახვა დიდ თანხებს მოითხოვს, რომლის ანაზღაურება დღევანდელ პირობებში საკმაოდ პრობლემურია. ასეა თუ ისე, დღესდღეობით ნიუ-იორკის ”ლინკოლნ-ცენტრის” ჯაზ-ორკესტრი, უინტონ მარსალისის ხელმძღვანელობით, გამოჩენილ კოლექტივად უნდა ჩაითვალოს. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მარსალისს - პირველ ჯაზურ მუსიკოსს, რომელიც პულიტცერის პრემიის ლაურეატი გახდა - არ მოსწონს თანამედროვე ახალგაზრდობის ზნე-ჩვეულებანი, მათი დამოკიდებულება მუსიკალური ხელოვნების მიმართ. თუმცა, სანამ ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის გმირზე გიამბობთ, რამდენიმე სიტყვას ვიტყვი შუაგულ ნიუ-იორკში მდებარე ”ლინკოლნ-ცენტრის” შესახებ. ამჟამად მას თამამად შეიძლება მსოფლიო კულტურის ცენტრი ეწოდოს. ნიუ-იორკის 62-ე და 65-ე ქუჩებს შორის განლაგებული კოხტა არქიტექტურული ანსამბლი აერთიანებს "მეტროპოლიტენ ოპერის", "ევერი ფიშერ-ჰოლის", "ელისტალი-ჰოლის" და "ნიუ-იორკ სიტი ბალეტის" შენობებს. თითოეული მათგანი დიდი ხანია მაღალი ხელოვნების სინონიმად იქცა. რამდენიმე წლის წინ ”ლინკოლნ-ცენტრის” ტერიტორიაზე ”ჯაზის სახლი” აშენდა, ორი დარბაზით და ხმის ჩამწერი სტუდიით. ამჟამად სწორედ იქ ბინადრობს ”ლინკოლნ-ცენტრის” ჯაზური ორკესტრი, რომელსაც გამოჩენილი აფროამერიკული მესაყვირე უინტონ მარსალისი ხელმძღვანელობს. უინტონი ჯაზური მუსიკოსების ოჯახის წარმომადგენელია. მამამისმა, კომპოზიტორმა და პედაგოგმა, ბი-ბოპის სტილის პიანისტმა ელის მარსალისმა თავის ვაჟიშვილებს საუცხოო მუსიკალური განათლება მისცა: უინტონის ძმა ბრენფორდი ცნობილი საქსოფონისტია - ის ”NBC“-ის “ჯეი ლენოს შოუში” მუშაობს. დელფიო მარსალისი ტრომბონზე, ხოლო ჯეისონი დასარტყამ საკრავებზე უკრავს. მარსალისების მამის შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტზე, ოჯახურ სექსტეტში, თვითონ ელის მარსალისი სოლირებდა. კონცერტის შემდეგ ბრენფორდ მარსალისმა ნიშანდობლივი ფრაზა წარმოთქვა: "ჩვენ არ ვგავართ ერთმანეთს, ჩვენი მუშაობის მეთოდებიც ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება."

უნდა აღინიშნოს, რომ თავის დროზე ჟურნალმა "ტაიმმა" "ლინკოლნ-ცენტრის" ბიგ-ბენდის ხელმძღვანელი უინტონ მარსალისი მუსიკის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში შეიყვანა. საინტერესო დეტალი: მარსალისის ორკესტრს ორმოცი მდივანი და ადმინისტრატორი ემსახურება. რაც შეეხება უინტონის მიერ პულიტცერის პრემიის მიღებას, რის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, ეს პრემია დიდმა დიუკ ელინგტონმაც კი, მიუხედავად ნომინირებისა, ვერ მიიღო.

ძალიან საინტერესოა ჯაზური მუსიკის მარსალისებური კონცეფცია. აი, რას ამბობს უინტონი: "ტყუილია, რომ უწინ ჯაზმენები გაუნათლებელნი იყვნენ: ლუი არმსტრონგს პროფესორი დევისი ძიძაობდა, დიუკ ელინგტონს კომპოზიციას დვორჟაკის მოწაფე მორიან კუკი ასწავლიდა, მაილს დევისმა კი ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯულიარდის სამუსიკო სკოლაში."

მარსალისის ოპონენტები მას ხშირად რეტროგრადობაში სდებენ ბრალს. ამბობენ, რომ მუსიკოსი ცდილობს ჩაახშოს ჯაზის თავისუფალი აღმაფრენა, ცდილობს დააბრუნოს იგი ”კოტონ-კლუბში”, სადაც თავის დროზე ელინგტონი უკრავდა და, თუ სლენგის ენას გამოვიყენებთ, განგსტერები ”კაიფობდნენ”. არ არის გამორიცხული, რომ, გარკვეულწილად, ამის მიზეზი თეთრკანიანი მუსიკოსების მიმართ უინტონის სეგრეგაციული დამოკიდებულება გახდა. ამ თვალსაზრისით, ის საკუთარი ძმის, ბრენფორდის, ანტიპოდად ითვლება.

ამ ბრალდების პასუხად, უინტონ მარსალისი ამბობს, რომ ავანგარდმა დაკარგა მომხიბვლელობა და ავანგარდული რევოლუცია, სინამდვილეში, მხოლოდ უნივერსიტეტებსა და ჟურნალისტთა ცნობიერებაში მოხდა. ცნობილი მუსიკოსის კრედო სცდება ცალკეული მუსიკალური ჟანრის ფარგლებს. ”საჭიროა სტილის შეგრძნება. არ შეიძლება, უბრალოდ, ნოტების კითხვა - ეს იგივეა, რაც კითხვა ენაზე, რომლის ბგერადობა უცნობია”, - ამბობს გამოჩენილი მესაყვირე.
XS
SM
MD
LG