Accessibility links

logo-print

საკნების აქცია დასრულებულია - ოპოზიცია ახალ სტრატეგიაზე მუშაობს


რუსთაველზე "საკნები" აღარ იქნება

რუსთაველზე "საკნები" აღარ იქნება

ოპოზიცია პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციებს საჭიროების მიხედვით განაახლებს, თუმცა რუსთაველის გამზირი აღარ გადაიკეტება. ასეთია გადაწყვეტილება, რომელიც ლიდერებმა დედაქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის პარალელურად მიიღეს. აქციების ჩატარების თაობაზე ოპოზიციას განაცხადი დედაქალაქის მერიაში 26 აგვისტომდე აქვს შეტანილი. რა იქნება შემდგომ, ჯერ, ძირითადად, ოპოზიციის შიდაკონსულტაციების საგანია, თუმცა ფაქტი ერთია - საპროტესტო მოძრაობის ეგრეთ წოდებული საკნების ეტაპი წარსულს ჩაბარდა.

თბილისის ცენტრალურ - რუსთაველის - პროსპექტზე სატრანსპორტო მოძრაობა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის დასრულებისთანავე, 23 ივლისს, საღამოს 20 საათისთვის, აღდგა.მანამდე კი, ვიზიტის დაწყებამდე, საპატრულო პოლიციის მიერ პარლამენტის წინ განთავსებული საკნების ტროტუარებსა და მიმდებარე ქუჩებზე გადატანას პარლამენტსგარეთა ოპოზიციიდან მხოლოდ პარტია „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია შეეწინააღმდეგა, ძირითადად, იმ მოტივით, რომ საკნებში მხოლოდ მისი პარტიის წარმომადგენლებიღა იმყოფებოდნენ.

„საკნებმა თავისი თავი ამოწურა, აქციის ამ ფორმით გაგრძელებას უკვე აღარა აქვს ეფექტი და ახლა დროა ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის ახალი სტრატეგია აამოქმედოს“, გვითხრა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა. მის მოსაზრებას იზიარებენ პარლამენტსგარეთა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ საკნების აქციის დასრულებიდან ახალი სტრატეგიული კურსის არჩევამდე აღებული ტაიმ-აუტი ოპოზიციურ სპექტრში ახალი დაჯგუფებებისა თუ ალიანსების ფორმირებითაც დასრულდეს.

„კონსულტაციები ყველა საკითხზე იმართება“, - ამბობს „მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია, რომლის შეფასებითაც, ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის ბრძოლის გასაგრძელებლად რუსთაველის პროსპექტზე, საკნების ქალაქში ლოკალიზება საკმარისი აღარაა. საპროტესტო მოძრაობის რეგიონებში გაშლა, ძალების გადახალისება, რესურსების გაზრდა, პროტესტის ახალი ფორმების შემუშავება - ეს არის ის ძირითადი მიზნები, რომლებსაც ოპოზიცია 9 აპრილის უწყვეტი 100 დღიანი საპროტესტო ციკლის დასრულების შემდეგ ისახავს, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რა შედეგები მოუტანა ოპოზიციასა და საზოგადოებას აქციამ, რომელმაც პრაქტიკულად სამთვე-ნახევარს გასტანა. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის ეგრეთ წოდებული საკნების პერიოდის შეფასება „დემოკრატიის განვითარების ფონდის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევების ხელმძღვანელს, გიორგი მარგველაშვილს ვთხოვეთ.

„ეს იყო აბსოლუტურად წარმატებული, იმიტომ რომ ხალხის მხარდაჭერა იყო. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლამ ვერ მიაღწია თავის მიზანს, იმიტომ რომ სააკაშვილი დე-იურე რჩება საქართველოს პრეზიდენტად, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ხალხის პოზიციის და ხალხის შეხედულების და მათი, ასე ვთქვათ, გულების გადმობირების თვალსაზრისით, ოპოზიციამ აჩვენა თავისი მდგრადობა და თავისი სერიოზული შესაძლებლობები, რადგანაც უპრეცედენტო საპროტესტო აქციები განახორციელა.“

გიორგი მარგველაშვილი საპროტესტო აქციების განვლილ პერიოდს ლუსტრაციის 100 დღედ მოიხსენიებს, როდესაც საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება მზადაა ყველა ხერხითა და საშუალებით შეინარჩუნოს ძალაუფლება და არაფერს დათმობს. “ასეთი შეფასება მაფიქრებინებს, რომ მისი ავტორი პარალელურ რეალობაში ცხოვრობს. რას ჰქვია არაფრის დათმობას არ აპირებს და არაფერზე არ მიდის. ძალიან კონკრეტული შეთავაზებები იყო და ვიღაცისთვის ეს მისაღებიც აღმოჩნდა“, - ამბობს საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი.

რუსთაველის პროსპექტზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენას 24 ივლისს თავისებურად გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც. მან ოპოზიციას პოლიტიკური დებატების ქუჩიდან პარლამენტში გადატანისაკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ განაცხადა იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში დაბრუნებას ითვალისწინებს:

„უახლოესი დღეების განმავლობაში პარლამენტში მოხდება ინიცირება საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომლითაც საშუალება მიეცემა ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც შარშან უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, დაუბრუნდეს პარლამენტს და მე იმედი მაქვს, რომ სწორედ ეს იქნება ის ნაბიჯი, რომელიც ბევრ პოლიტიკოსს დაეხმარება ქუჩიდან გადავიდეს ინსტიტუციებში, გადავიდეს პოლიტიკურ პროცესში და დაგვეხმარება ყველას, რომ პოლიტიკური პროცესების ცენტრი იყოს პარლამენტში.“

საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის ამ მოწოდებას სიტუაციაზე კანონის მორგების მცდელობად აფასებენ ახალი მემარჯვენეები, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა და ამის გამოსწორების შანსი დღეს პრაქტიკულად ნულის ტოლია. რაც შეეხება საკნების აქციის დასრულებას, მანანა ნაჭყებია მოხარულია, რომ მისი გაერთიანების პარტნიორმა სხვა პოლიტიკურმა ძალებმაც გაიზიარეს „ალიანსი საქართველოსთვის“ მოსაზრება აქციის ამ ფორმით შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ.მანვე აღნიშნა, რომ საკნებმა ქვეყანაში არსებული ვითარების სიმბოლური გამოხატვის ფუნქცია წარმატებით შეასრულა და ახლა ბრძოლის სხვა მეთოდების შერჩევის დროა.
XS
SM
MD
LG