Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 24 ივლისი 2009

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი ქართული მედია თითქმის მთლიანად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ვიზიტის გამოხმაურებას ეხება. გაგაცნობთ რამდენიმე პუბლიკაციას.

„ვერსიის“ სტატიას ჰქვია „ბაიდენმა ოპოზიციას „კანტროლკა“ დაახალა“. „აუცილებლად გაგახსენდებათ უკანასკნელი სამი თვის მანძილზე, ყოველ საღამოს, ჯერ მიტინგზე და შემდეგ ტელეეთერით გაკეთებული განცხადებები - საქართველოს პრეზიდენტს ხელს აღარავინ ართმევს, საერთაშორისო დონის შეხვედრებზე საკუთარი ინიციავიტით დადის და ეხვეწება ლიდერებს, დამელაპარაკეთო“, - წერს გაზეთი და განაგრძობს: „ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტით უკვე ყველაფერი ნათქვამია და, როგორც იტყვიან, ბაიდენმა ოპოზიციას „კანტროლკა“ დაახალა“.

„რეზონანსი“ რამდენიმე წერილს აქვეყნებს ამ თემაზე. ბაიდენის გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ყველა მესიჯი ღიად და პირდაპირ გააკეთაო, - უთხრა გაზეთს მიხეილ მაჭავარიანმა. იგივე გაიმეორა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ, ოღონდ დასძინა: „მთავარი კითხვა მაინც რჩება - აქვს თუ არა ამერიკას იმის რესურსი, აქვს თუ არა უფრო ეფექტური სვლები, რომ დაიცვას თავისი მტრებისგან თავისი მეგობრებიო.“

გაზეთი ასევე კითხულობს, რა საჭირო იყო დედაქალაქის ცენტრის სრული პარალიზებაო. „რეზონანსი“ თავისუფლების მოედნის და რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებთა მონათხრობებს აქვეყნებს. ერთი ქალბატონი ამბობს, ჩვილებისთვის რძის პროდუქტების ამოსატანად სახლიდან ადრიანად გამოვედი, მაგრამ არ შემიშვესო. მეორე ამბობს, ჩემი მეზობელი საავადმყოფოში არ გაუშვეს, რომ ავადმყოფი ქმრისთვის გადახვევა გაეკეთებინაო. ჟურნალისტი წერს, თავად შევესწარი, როგორ ხალისობდნენ 9 აპრილის ბაღში წამოწოლილი ფორმიანები გამვლელ გოგონებზეო. „მოსახლეობის პრეტენზიები გაუგებარია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. მათი შეფასებებით, როცა ამხელა ქვეყნის მეორე პირის ვიზიტზეა საუბარი, მოსახლეობამ ერთი დღისთვის პრობლემები არ უნდა შექმნასო“ ,- წერს „რეზონანსი“.

„24 საათის“ პირველ გვერდზეც ჯო ბაიდენის ორ ფოტოს ნახავთ. ერთზე ის სააკაშვილის გვერდითაა გამოსახული, მეორე - დავით ბაქრაძესთან ერთად. ერთი პუბლიკაცია გახლავთ სტატია, სახელწოდებით „ამერიკული ოპტიმიზმი საქართველოსთვის“, მეორე კი ამერიკის ვიცე- პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ტექსტის არაოფიციალური თარგმანია, რომელიც ქვეყნდება სათაურით - „მხარს დაგიჭერთ და ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები“.

ბაიდენის გამოსვლის ერთ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას დღევანდელი „ახალი თაობა“, რომლის სტატიის სათაურიცაა „ბაიდენი: სააკაშვილს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი“.
XS
SM
MD
LG