Accessibility links

logo-print

ნარინჯისფერი და ვარდისფერი “გადატვირთვა”?


ჯოზეფ ბაიდენი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში გამართული ვახშმისას

ჯოზეფ ბაიდენი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში გამართული ვახშმისას

უკრაინასა და საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მოგზაურობისას, მის თანმხლებ ჟურნალისტებს შორის იყო ბრაიან უიტმორიც - რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. ამასობაში ის პრაღაში დაბრუნდა, სადაც, მოგეხსენებათ, ჩვენი რადიოს შტაბ-ბინა მდებარეობს, და ქართულ რედაქციაშიც გვესტუმრა.

თავდაპირველად ჩვენი კოლეგის ზოგადი შთაბეჭდილებით დავინტერესდი - ზოგადი შთაბეჭდილებით უკრაინასა და საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ტურნეზე და პასუხად მივიღე - ეს იყო “გადატვირთვის” მეორე ნაწილი, მე მას ნარინჯისფერ და ვარდების “გადატვირთვას” ვუწოდებდიო. აი, როგორ განმარტავს ბრაიან უიტმორი ამ უჩვეულო შეფასებას: “რუსეთთან ურთიერთობის ახლებურად მოწყობისას, ბუნებრივია, ეს გავლენას იქონიებს ურთიერთობებზე საქართველოსთან და უკრაინასთან - შეერთებული შტატების ორ მნიშვნელოვან პარტნიორთან, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან. მაგრამ რას ნიშნავს “გადატვირთვის” მეორე ნაწილი? მას უკრაინაში უკრაინული, საქართველოში კი ქართული აქცენტი ჰქონდა, მაგრამ არის საერთო თემებიც. პირველი თემაა ის, რომ ვცილდებით, პირველ რიგში, პირად ურთიერთობებზე ორიენტირებულ ურთიერთობებს (რაც შეერთებულ შტატებს ამ ორივე ქვეყანასთან ჰქონდა) და მეტ ყურადღებას ვაქცევთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს”.

სულ ერთია, ვინ არის და ვინ იქნება საქართველოს, თუ უკრაინის პრეზიდენტი, მთავარია, ქვეყანამ განამტკიცოს პროგრესი დემოკრატიზაციის გზაზე - ასეთია განწყობა შეერთებული შტატების ხელმძღავნელობაში, დასძენს ჩვენი კოლეგა, რომელსაც ეს შთაბეჭდილება, ერთი მხრივ, ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებებით შეექმნა, მეორე მხრივ კი იმ ფაქტით, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინასა და საქართველოში ოპოზიციონერებსაც შეხვდა. ის შეხვდა, ფაქტობრივად, ყველა იმ პირს, რომელიც პრეზიდენტობის მეტ-ნაკლებად პერსპექტიულ კანდიდატად არის მიჩნეული.

“მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში დემოკრატიის განსახიერება. საქართველოში დემოკრატიის განსახიერებაა დემოკრატიული ინსტიტუტები”, ამბობს უიტმორი. ის შეგვახსენებს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმაც მკაფიო განცხადება გააკეთა პარლამენტში გამოსვლის დროს: საქართველოს ამ მხრივ საკმაოდ დიდი სამუშაო აქვს გასაწევი! “მის გამოსვლებს კიევსა და თბილისში შევაფასებდი, როგორც ერთგვარ “მძიმე სიყვარულს”. ქვეყანას ეუბნებიან: “მხარდაჭერას გაგიწევთ, მაგრამ ამერიკელების მოკავშირეობა პასუხისმგებლობასაც უკავშირდებაო”, დასძენს ჩვენი კოლეგა.

ბრაიან უიტმორს ვკითხე ასევე, საქართველოში ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტის დროს იყო თუ არა საუბარი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ამერიკელების შესაძლო ჩართვის საკითხზე. პასუხად მივიღე, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები დიდ სიფრთხილეს და დიპლომატიურობას ავლენენ ამასთან დაკავშირებით პასუხის გაცემისას. როგორც უიტმორი ამბობს, “ისინი, ფაქტობრივად, ერთსა და იმავეს იმეორებენ: თუ ევროპელები მიგვიწვევენ, საკითხს განვიხილავთო. რაც უნდა მოინდომო, როგორც უნდა დასვა შეკითხვა - სხვას მათ ვერაფერს ათქმევინებ, რაც, ალბათ ლოგიკურია. ეს სადამკვირველო მისია ევროპელების საქმეა და ობამას ადმინისტრაცია, ვფიქრობ, ძალიან დიდ სიფრთხილეს გამოიჩენს, არ მოინდომებს უხეშად ჩარევას ევროპელების პროექტში”.

ჩვენს კოლეგასთან საუბარში, რომელიც უკრაინასა და საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს ეხებოდა (ვიზიტს, რომელიც ოროდე კვირაში მოჰყვა მოსკოვში პრეზიდენტ ობამას სტუმრობას), ბუნებრივია, თავს ვერ ავარიდებდით რუსეთის საკითხის წამოჭრას.

უიტმორმა, პირველ რიგში, აღნიშნა, რომ მისთვის მოულოდნელიც კი იყო სიმკაცრე, რომლითაც ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებები გამოირჩეოდა რუსეთზე საუბრისას. ჩვენი კოლეგის რწმენით, ეს შემთხვევით არ მომხდარა: როცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს პოლიტიკური კურსია და არა შემთხვევითობა. ბაიდენმა განმეორებით განაცხადა, რომ აშშ არასოდეს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და სხვებსაც მოუწოდებს არ აღიაროს ისინი. ბაიდენმა აგრეთვე დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანებისაკენ საქართველოს მისწრაფების მიმართ. თუმცა, შეგვახსენებს უიტმორი, როცა ვიცე-პრეზიდენტი რუსულ საფრთხეზე ლაპარაკობდა, იქვე აღნიშნავდა ხოლმე, რომ პრობლემა სამხედრო ძალით ვერ მოგვარდება: “საქართველო და უკრაინა რუსეთიდან მომდინარე საფრთხესთან გამკლავებას შეძლებენ იმით, რომ გაძლიერდებიან ეკონომიკურად, გააღრმავებენ თავიანთ დემოკრატიას, განამტკიცებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს - საქართველოს შემთხვევაში, განამტკიცებენ ენერგეტიკულ დემოუკიდებლობას და ენერგეტიკულ ქმედითუნარიანობას - უკრაინის შემთხვევაში”.
XS
SM
MD
LG