Accessibility links

რუსეთში ერთი სქესის ადამიანები ქორწინების უფლების მოპოვებისთვის იბრძვიან


ორ ირინას ოჯახის შექმნა ოფიციალურად სურს

ორ ირინას ოჯახის შექმნა ოფიციალურად სურს

რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც ჰომოსექსუალობა ტაბუა. ამის მიუხედავად, იქაურ მოქალაქეთა შორის მოიპოვებიან ისეთები, თავისი სქესის ადამიანებთან ერთად ოჯახის შექმნა რომ სურთ. ასეთია 30 წლის მოსკოველი ქალი ირინა ფედოტოვა-ფეტი, რომელსაც სექტემბრისთვის დიდი გეგმები აქვს. მას კანადაში გამგზავრება და იქ თავის ძველ პარტნიორზე, 32 წლის ირინა შეპიტკოზე, დაქორწინება სურს. შემდეგ კი ორივე ირინა მოსკოვში რუსეთის მთავრობასთან ბრძოლას აპირებს, რათა აღიარებინოს მათი კავშირი, როგორც ოფიციალური ქორწინება.

ირინა ფედოტოვა-ფეტმა და ირინა შეპიტკომ სოჭში გაიცნეს ერთმანეთი ოთხი წლის წინ. მათივე თქმით, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. მალევე შეპიტკო მოსკოვში გადასახლდა, რათა ეცხოვრა ფედოტოვა-ფეტთან ერთად, რომელიც თავიანთ კავშირს ოჯახს უწოდებს.

“ჩვენ, გოგოების წყვილი, ერთად ვცხოვრობთ დიდი ხანია, ხუთი წელია ერთად ვართ, ყველა ჰეტეროსექსუალური წყვილის მსგავსად. ჩვენი ურთიერთობა ქორწინებაა. ჩვენ ყველაფერი ერთი გვაქვს, დასვენება და სხვა. ჩვენ ოჯახი ვართ, მაგრამ დაქორწინების უფლება წართმეული გვაქვს.”

გოგოები - ერთი შავ, მეორე კი თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი - გამოცხადდნენ მოსკოვის ერთ-ერთ ქორწინების სახლში, უცხოელ ჟურნალისტთა მთელი გუნდის თანხლებით, და ითხოვეს მათი კავშირის სახელმწიფო წესის თანახმად გაფორმება. თავიდან დაბნეულმა მოხელეებმა მათი განცხადება მიიღეს, მაგრამ გაფორმებაზე უარი თქვეს. არც იყო ეს მოულოდნელი რუსეთში, სადაც ჰომოსექსუალთა უფლებებს საზოგადოებისა და კანონმდებლობისგან მცირე მხარდაჭერა აქვს. კანადაში წასვლა სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს გოგოებმა. მათ იმედი აქვთ, რომ ამ ქვეყანაში ქორწინებას რუსეთი აღიარებს. კანადა, ნორვეგიის მსგავსად, მსოფლიოში გამონაკლისს წარმოადგენს: იქ უცხოელ ჰომოსექსუალ წყვილებს დაქორწინების უფლება აქვთ. ირინა ფედოტოვა-ფეტი ამბობს, რომ “ვინმემ როდისმე უნდა დაიწყოს. ჩვენ რუსეთში პირველი ნამდვილი წყვილი ვართ, რომელიც იბრძვის ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების აღიარებისთვის. იმედია, ჩვენ შევქმნით პრეცედენტს და ჩვენს მაგალითს სულ უფრო მეტი ადამიანი მიბაძავს.”

მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც ჰომოსექსუალებმა მოახერხეს მიეღწიათ ქორწინების ნებართვისთვის - ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები შეზღუდვებით. აშშ-ში, მაგალითად, 50-დან მხოლოდ 5 შტატშია ასეთი გამონაკლისი დაშვებული. რუსეთის კანონში ოჯახის შესახებ ამაზე ლაპარაკი არ არის. ფედოტოვა-ფეტს და შეპიტკოს არა აქვთ იმედი, რომ რუსეთი მათ კავშირს ქორწინებად აღიარებს და უკვე მზადება დაიწყეს ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოში საჩივრის შესატანად. საფრანგეთში ადვოკატიც კი მონახეს, რომელიც მათ იურიდიულ მხარდაჭერას გაუწევს. ორი ირინას მსგავსი მცდელობა უკვე
ორი ედუარდი: მურზინი (მარცხნივ) და მიშინი
ჰქონდათ ჰომოსექსუალ მამაკაცებს, ორ ედუარდს, - მიშინს, ჰომოსექსუალ აქტივისტს, და მურზინს, ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველს. ვერც მათ მოახერხეს მეგობრობის ქორწინებად გაფორმება. მურზინმა გვითხრა, რომ ფედოტოვასა და შეპიტკოს შემთხვევა სხვა უმცირესობებსაც შეახსენებს, რომ საჭიროა უფლებისთვის ბრძოლა:

“უმცირესობისადმი დამოკიდებულებით შეგიძლიათ იმსჯელოთ სახელმწიფოს ცივილიზებულობაზე. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იქით, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების უფლების რეალიზება მოხდეს. ამისთვის მეც ვიბრძვი, თუმცა ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის ადამიანი ვარ.”

რუსეთში ამ ტიპის უმცირესობის უფლებებისთვის ბრძოლა სულ უფრო გამოაშკარავდა ბოლო წლებში - არაერთხელ გაიმართა ჰომოსექსუალთა მსვლელობა, რასაც პოლიციის ძალადობა მოჰყვა. ერთ-ერთ ასეთ მსვლელობაში, ევროვიზიის კონკურსის დროს, მონაწილეობდა ირინა ფედოტოვა-ფეტი, რომელსაც მილიციელებმა სცემეს და შემდეგ 12 საათით დააპატიმრეს. ახლა, ფედოტოვას თქმით, ის და მისი მეგობარი, თუ მომავალი მეუღლე, მას მერე, რაც გადაწყვიტეს, დაქორწინდნენ, შეურაცხყოფისა და მუქარის წერილებს იღებენ.

“გვწერენ, “თქვენ, შეშლილო ლესბოსელებო, ნორმალური კაცი არ გყოლიათ არასოდეს... წესიერად ცხოვრებაში არავის, ისა რა ჰქვია ...ბოდიშს გიხდით, და იქამდე, რომ ისეთები, როგორიც თქვენ ხართ, უნდა განადგურდნენ, მოისპონო: ჩვენთან ჰომოფობიის მოტივები ხომ ერთი და იგივეა.”

რუსეთში ჰომოსექსუალობის, როგორც უწოდებენ ხოლმე, დეკრიმინალიზაცია, ანუ გამოცხადება, რომ ის არაა დანაშაული, 1993 წელს მოხდა. საზოგადოების გამოკითხვების თანახმად, ძლიერია ცხოვრების ამ წესისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. რუსეთში თვით გართობის მრეწველობაშიც არ არსებობენ აღიარებული ჰომოსექსუალები. ამ ორიენტაციისა ერთადერთი მომღერალი ბორის მოისეევია. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მზარდი გავლენის მქონე ინსტიტუცია ამ ქვეყანაში, წინააღმდეგია ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებისა, ის ჰომოსექსუალობას ცოდვად მიიჩნევს. ამ ეკლესიის წარმომადგენელმა, ვსევოლოდ ჩაპლინმა, ჩვენს რადიოს უთხრა, ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის უნდა ხდებოდეს, ისტორია გვასწავლის, რომ ჰომოსექსუალობას ადამიანისთვის ბედნიერება არ მოაქვსო. ჰომოსექსუალური მიდრეკილების პირთა რიცხვი რუსეთის დიდ ქალაქებში იცვლება, რადგან მათი საზოგადოება იზრდება და უფრო ომახიანი ხდება. თუმცა, გვითხრა ფედოტოვა-ფეტმა, ამ პირთა სქესობრივი ორიენტაცია კვლავ დამალულია:

“თუკი ადამიანს კარიერის გაკეთება სურს, წარმატების მიღწევა, მალავს თავის ორიენტაციას. მე ბევრი “ცისფერი” მეგობარი მყავს, საკმაოდ წარმატებულიც. ისინი საზოგადოებას ნორმალურ მამაკაცებად აჩვენებენ თავს, ცოლებს ირთავენ. თუკი ჰომოსექსუალი ხარ, გარიყული ხარ.”
XS
SM
MD
LG