Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ეწიათ სამხედრო ამბოხის ბრალდებით დაკავებულ სამხედროებს?


მიხეილ სააკაშვილი მუხროვანის აჯანყების მონაწილე ჯარისკაცებს ხვდება
მიხეილ სააკაშვილი მუხროვანის აჯანყების მონაწილე ჯარისკაცებს ხვდება
მუხროვანის ამბოხის ბრალდებით დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. 2009 წლის 5 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეგრეთ წოდებული „მუხროვანის ამბოხის“ ორგანიზების ბრალდებით, გენერალი კობალაძე, პოლკოვნიკი ოთანაძე და ოთხ ათეულამდე სამხედრო მოსამსახურე დააკავა. იმავე პერიოდში, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, დააპატიმრეს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაიაც, რომელმაც გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა, თუმცა სულ ახლახან გაზეთ „ჯორჯიან ტაიმსში“ გამოქვეყნდა პატიმრის ღია წერილი, სადაც ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ჩვენება ძლიერი ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მისცა. ჯიმშერ რეხვიაშვილმა სცადა იმის გარკვევა, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და რა პირობებში იმყოფებიან სამშობლოს ღალატში ბრალდებული ოფიცრები.

მუხროვანის ამბოხში, რომელიც, გამოძიების ვერსიით, მიზნად ისახავდა ნატოს წვრთნების ჩაშლასა და ხელისუფლების დამხობას, 500-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, თუმცა, საერთო ჯამში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მხოლოდ ოთხ ათეულამდე ოფიცერი მიეცა. ვიდრე ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილ გენერალსა და ოფიცრებს დააკავებდნენ, ტელევიზიებმა გაავრცელეს ოპერატიული მასალა, რომელშიც, შსს-ს წარმომადგენლის შოთა უტიაშვილის თქმით, საუბარია იმაზე, რომ ამბოხებულთა ერთ ნაწილს პირდაპირი კავშირი ჰქონდა რუსებთან და მათგან დავალებებსა და ფულს იღებდა. ამბოხებაში ეჭვმიტანილი ოფიცრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამხედრო ნაწილის დატოვებამდე დააკავეს. რამდენიმე საათში მუხროვანში შინაგან საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტი სააკაშვილიც ჩავიდნენ.

„კობალაძეს არ უნდა ებოგინა თავისუფლად საქართველოში ამდენხანს, ოთანაძე არ უნდა ყოფილიყო თავისუფალი...“

მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებული კობა კობალაძე პოლიციამ 5 მაისს საკუთარ სახლთან დააკავა. რაც შეეხება პოლკოვნიკებს კობა ოთანაძესა და გია კრიალაშვილს, რომლებიც საზოგადოებამ 2001 წელს ასევე მუხროვანის სამხედრო ნაწილში მომხდარი ამბოხით გაიცნო, ისინი თითქმის ორი კვირის განმავლობაში იძებნებოდნენ. 21 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც ადგილზე გარდაიცვალა გია კრიალაშვილი, კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე კი დაიჭრნენ, თუმცა საზოგადოების ნაწილმა არ დაიჯერა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ამბოხის ვერსია. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ყარყარაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ავადმყოფების ხელშია.

ამბოხის მოწყობაში ეჭვმიტანილი სამხედროების გარდა, მაისში ასევე დააკავეს ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, რომელსაც ბრალი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო წაუყენეს. დაკავებიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაისაიას აღიარებითი ჩვენება და სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გაავრცელა.

ვახტანგ მაისაია: „2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში დამავალეს საათობრივად მიმეწოდებინა მასალა და ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმარებისა და დანაყოფების პოზიციების მითითებით, რაშიც, პრემიის სახით, „ბაზის ბანკში“ ჩემს ანგარიშზე ჩარიცხეს 3 000 ევრო“. მოგვიანებით ვახტანგ მაისაიას ჩვენების საფუძველზე დააკავეს ნატოში საქართველოს ყოფილი სამხედრო ატაშე და თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის უფროსი პოლკოვნიკი ბატკუაშვილი, თუმცა 16 ივლისს ”ჯორჯიან ტაიმსში” გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური ნიშნით იდევნება და სრულ უნდობლობას უცხადებს მისი დანაშაულის მამხილებელ მასალებს. მაისაიას თქმით, ჩვენება ძლიერი მორალური და ფსიქიკური ზეწოლის შედეგად მისცა და ამიტომ იმ სამი პირის გათავისუფლებასაც მოითხოვს, რომლებიც მისი ჩვენებების საფუძველზე დააკავეს. წერილში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ, შესაძლოა, მის სიცოცხლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საფრთხე ემუქრებოდეს. ადვოკატი ნათია კორკოტაძეც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩვენება ზეწოლით მისცა:

„აიძულეს, რომ გამოძიებისთვის სასურველი ჩვენება მიეცა. მოგეხსენებათ, მოდულის შენობაში როცა ხვდება პიროვნება, რა ზეწოლას განიცდის. ოქრუაშვილსაც კი აღიარებითი ჩვენება მიაცემინეს. ამდენად, არაა გასაკვირი, ვახტანგ მაისაიამაც რომ ვერ გაუძლო.“ ნათია კორკოტაძის თქმით, ვახტანგ მაისაიას წინასწარი პატიმრობის ვადა ერთი თვით გაუგრძელეს. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ ვახტანგ მაისაიას არ ეძლევა საქმეში არსებული მასალების სრულყოფილად გაცნობის საშუალება. იმის გამო, რომ დოკუმენტების ნაწილი სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს, გამოძიება უარს ამბობს ქსეროასლების გაცემაზე.

ვახტანგ მაისაიას ბრალდების საქმეს ასევე ყურადღებით აკვირდებიან სახალხო დამცველის აპარატში. ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ შესწავლის პროცესშია მაისის თვეში ამბოხისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაპატიმრებულთა ყველა საქმე. კობა ოთანაძის ადვოკატ ზურაბ ჯორჯაშვილის თქმით, წინასწარი გამოძიება ხუთ ივლისს დასრულდა, სასამართლო განხილვა კი 21 აგვისტოს დაიწყება.

„ამ ეტაპზე შეზღუდვა არ გვაქვს. მასალებს ვეცნობით და ყველაფერი ხელმისაწვდომია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს“, განაცხადაზურაბ ჯორჯაშვილმა, რომლის თქმითაც, კობა ოთანაძეს ბრალი სამი მუხლის მიხედვით აქვს წაყენებული: სამხედრო ამბოხის ორგანიზება, იარაღის უკანონო შეძენა და ხელისუფლების დამხობის მცდელობა. ამასთან, კობა ოთანაძისა და რამდენიმე ათეული სხვა სამხედრო პირის ბრალდების საქმე გაერთიანდა. ყველაზე ცნობილი ბრალდებული გენერალი კობა კობალაძეა, რომლის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ, მტკიცებულებების თვალსაზრისით, წინასწარი პატიმრობის ორი თვის განმავლობაში თითქმის არაფერი შეცვლილა:

„პრაქტიკულად მტკიცებულებები არ არსებობს, ვინაიდან ერთადერთი მოწმის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ კობალაძეს შეხვდა რესტორან „არაგვში“, არ დასტურდება ეჭვშეუვალი ალიბის გამო, ანუ არ ყოფილა იქ. ეს არის მის მიმართ წაყენებული ძირითადი ბრალდება, რომელსაც დაამატეს იარაღის უკანონო შენახვა, - იგულისხმება უკანასკნელი ომიდან გამოყოლილი ხელყუმბარები. კობალაძეს ჰქონდა 18 ოფიციალურად გაფორმებული იარაღი და, ბუნებრივია, ეს ვერ იქნებოდა ბრალდების საგანი.“


გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ხანგრძლივი შიმშილობისა და ომის დროს მიღებული ჭრილობების გამო, გენერალ კობალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა. ამასთან, გენერლის მსგავსად, ამბოხში მონაწილეობას არც სხვა ბრალდებული სამხედროები აღიარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლო საქმის განხილვას 21 აგვისტოს დაიწყებს. შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, მოსამართლე ჯემალ კოპალიანს ერთი თვე აქვს იმისათვის, რომ გაარკვიოს, რა მოხდა 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის სამხედრო ნაწილში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG