Accessibility links

logo-print

ქართულმა კინოგაქირავებამ იყოჩაღა - ალმოდოვარი ეკრანებზე გამოვა


პედრო ალმოდოვარი

პედრო ალმოდოვარი

ივლისის ბოლოს საქართველოში აღდგება ახალი ევროპული ფილმის მსოფლიო პრემიერის ტრადიცია, რომელიც შარშან, აგვისტოს ომის შემდეგ, მიივიწყეს - თბილისის კინოეკრანებზე გამოდის პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმი ”შეწყვეტილი ამბორი”. ეს სურათი ჯერ მხოლოდ შვიდ ქვეყანაში უჩვენეს.

არის კიდევ მერვე ქვეყანაც - ჩეხეთი; ”შეწყვეტილი ამბორი” ივლისის დასაწყისში უჩვენეს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, თუმცა ჩეხეთის ეკრანებზე სურათი მხოლოდ სექტემბერში გამოვა, გერმანიაში - აგვისტოში, შეერთებულ შტატებში კი - წლის ბოლოს. ქართულმა კინოგაქირავებამ აშკარად იყოჩაღა და ბევრ ქვეყანას დაასწრო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპული ფილმების მსოფლიო პრემიერები თბილისში დიდი ხანია სწორედ ზაფხულში ეწყობა, როცა ქალაქი ცარიელია; კინოთეატრ ”ამირანის” დირექციას ადრეც უთქვამს ჩვენთვის, რომ ზაფხულში ალმოდოვარის მოყვარულები უფრო რჩებიან დედაქალაქში, ვიდრე ჰოლივუდის ბლოკბასტერების თაყვანისმცემლები. რატომ ხდება ასე, ვერ გეტყვით და, ალბათ, არც უნდა იყოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი - ფაქტია, რომ დედაქალაქის ეკრანებზე დიდი ესპანელი რეჟისორის იმ ფილმის პრემიერა შედგება, რომელიც საკმაოდ თბილად მიიღეს კანში, თუმცა ”შეწყვეტილ ამბორს” არც ერთი პრიზი არ ერგო... ფილმს, რომელსაც ალმოდოვარის ზოგიერთი მოყვარული რეჟისორის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევს, სხვები კი ამბობენ, ესპანელი ”კინოხულიგანი” დაბერდა, დაიღალა და მისი სტილი მანერულობაში გადაიზარდაო.

უნდა გაგაფრთხილოთ, ალმოდოვარის ახალი ფილმი ბევრად უფრო სენტიმენტალურია, ვიდრე მისი ადრეული სურათები... არც იუმორია იმდენი და არც ამ ესპანელისთვის დამახასიათებელი შოკისმომგვრელი ეპიზოდები. უფრო მეტიც, ჯერ კიდევ შარშან, საფრანგეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ალმოდოვარი ამბობდა, რომ მომავალშიც მხოლოდ ქალები იქნებიან მისი ფილმების მთავარი პერსონაჟები...მაგრამ ”შეწყვეტილი ამბორის” გმირი მამაკაცია - უსინათლო კინორეჟისორი, რომელიც, მას შემდეგ, რაც ავტოკატასტროფაში მოხვდა, დაკარგა შეყვარებული, დაკარგა მხედველობა, სიუჟეტებს იგონებს იაფფასიანი საპნის ოპერებისათვის.

პედრო ალმოდოვარს საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ზაფხულის თბილისში ”შეწყვეტილი ამბორის” პრემიერის წარმატება თუ წარუმატებლობა აუცილებლად იმოქმედებს ევროპული კინოს მომავალზე საქართველოში: თუკი ”შეწყვეტილი ამბორი” ისეთივე წარმატებით უჩვენეს, როგორც ალმოდოვარის სხვა ფილმები, არის შანსი, რომ ევროპული ფილმების მსოფლიო პრემიერების ტრადიცია თბილისში კვლავაც გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG