Accessibility links

logo-print

ცივი ომი და კამათი სამზარეულოში


ნიკიტა ხრუშჩოვი ტაშს უკრავს რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც სიტყვა წარმოთქვა "ამერიკულ გამოფენაზე".

ნიკიტა ხრუშჩოვი ტაშს უკრავს რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც სიტყვა წარმოთქვა "ამერიკულ გამოფენაზე".

50 წლის წინ, 1959 წლის 24 ივლისს, საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში გაიხსნა გამოფენა, რომელიც შუაგულ ცივ ომში დაპირისპირებულ მხარეთა შორის დაახლოების სიმბოლოდ აღიარეს: ეს იყო “ამერიკის ეროვნული გამოფენა” და მის ყველაზე ცნობილ ეპიზოდად ითვლება “კამათი სამზარეულოში” თვით ნიკიტა ხრუშჩოვისა და რიჩარდ ნიქსონის მონაწილეობით.

ექსპოზიცია, რომელსაც 50 წლის წინ ერთად ეწვიენ მწვავე იდეოლოგიურ დაპირისპირებაში ჩართულ მხარეთა უმაღლესი რანგის წარმომადგენლები - ამერიკელმა ინჟინრებმა ააგეს. ეს იყო ფუტურისტული ესთეტიკის პავილიონები, გაფორმებული ამერიკული ხელოვნების ნიმუშებით და სავსე ამერიკული სამომხმარებლო მრეწველობის პროდუქტებით.

მოსკოვში ივლისის პაპანაქება სიცხის მიუხედავად, ორ მილიონზე მეტი დამთვალიერებელი მიაწყდა სოკოლნიკის პარკს სარეცხი მანქანების, მოქრომვილი ავტომაქანების, პოლაროიდის ფოტოაპარატებისა და ისეთი სახლის მოდელის სანახავად, რომელშიც ჩვეულებრივი, რიგითი ამერიკული ოჯახი ცხოვრობდა. გამოფენის მთავარი დიზაინერი, ჯერი მეისი ირწმუნება, რომ ამერიკელების მიზანი არ ყოფილა საბჭოთა მოქალაქეების განცვირფება და არც მათი დარწმუნება კაპიტალიზმის უპირატესობაში - უბრალოდ გვინდოდა გვეჩვენებინა, როგორ ვცხოვრობთო: „დასანანია, რომ საკმარისი ფული არ გვქონდა - რაც ტიპური პრობლემაა ამერიკული გამოფენებისთვის“, იხსენებს მეისი. „სათანადოდ არ ვიყავით დაფინანსებული. სულ 3,6 მილიონი დოლარი გვქონდა მოსკოვში ჩვენი ამოცანის შესასრულებლად მაშინ, როცა ერთი წლით ადრე ბრიუსელში შეერთებული შტატების პავილიონს, რომელიც ზომით სოკოლნიკის პარკის მესამედი იყო, 14 მილიონი დოლარი გამოუყვეს.”

გამოფენა მაინც უაღრესად წარმატებული გამოდგა: ხალხი ოთხსაათიან რიგში იდგა ამერიკული პავილიონების დასათვალიერებლად. მაშინ 16 წლის მოსკოველი ტატიანა სტეპანოვა იხსენებს, ყველაფერი იმდენად ამაღელვებელი და საინტერესო იყო, რომ ერთი პავილიონიც არ გამომიტოვებია - ტრაქტორები რომ იყო, იმ პავილიონშიც კი ვიყავიო.

რაც შეეხება ზემოხსენებულ, ყველაზე გახმაურებულ ეპიზოდს: ამერიკული ექსპოზიციის გახსნის დღეს, 1959 წლის 24 ივლისს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი და საბჭოთა კავშირის ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი, წინასწარ დაუგეგმავად - ამდენად მათი დელეგაციებისთვის მოულოდნელად - შეჩერდნენ ამერიკული სამზარეულოს მოდელთან და მაინცდამაინც იქ შეუდგნენ კამათს თავიანთი ქვეყნების ტექნოლოგიურ მიღწევებზე: კამათი იქვე, ამერიკულ ტელესტუდიაშიც გაგრძელდა. ნიქსონი ირწმუნებოდა, რომ შეერთებული შტატები ლიდერობს ფერადი ვიდეოფირის შექმნის პროცესში: “ეს მიუთითებს მზარდი კომუნიკაციის შესაძლებლობებზე და ეს მზარდი კომუნიკაცია ჩვენ ბევრ რამეს გვასწავლის. გასწავლით თქვენც! რადგან, ასეა თუ ისე, ყველაფერი არ იცით.”

მაგრამ ხრუშჩოვი პოზიციებს არ თმობდა - აცხადებდა, ჩვენ უფრო მეტ დარგში გვაქვს უპირატესობა. და, ამას გარდა, ამერიკელები ფერად ვიდეოფირს მარტო პროპაგანდისთვის გამოიყენებთ, ხალხს სიმართლეს არ ეტყვითო: “მე რაც მაქვს სათქმელი, მარტო თქვენ გადაგითარგმნეს, ამერიკელი ხალხი კი ამას ვერასოდეს მოისმენს” - ეს სიტყვები საბჭოთა ლიდერმა წარმოთქვა ამერიკელ სტუმართან კამათისას, რომელიც, თავისთავად იმის გამო, რომ გაიმართა - მეტად მნიშვნელოვან ფაქტად აღიარეს.

მოსკოვში ამერიკული გამოფენის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი „პეპსი კოლას“ უკავშირდება.

ცივი ომის დაძაბულობით გამოწვეულმა შიშმა აშშ-ის ბევრ კომპანიას უარი ათქმევინა საბჭოთა კავშირში ჩასვლაზე - თუნდაც გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. ამ კომპანიებს შორის იყო „კოკა კოლა“. სამაგიეროდ, შანსით ისარგებლა „პეპსიმ“. კომპანიის მაშინდელი ხელმძღვანელი დონალდ კენდალი იხსენებს რიჩარდ ნიქსონთან საუბარს გამოფენის გახსნის წინა საღამოს: “ნიქსონს ვუთხარი, ‘პეპსი’ ხრუშჩოვს უნდა დავაჭერინო ხელში, რადგან შინ ბევრი პრობლემა მაქვს-მეთქი. მიპასუხა - ნუ დარდობ, მოგიყვან ხრუშჩოვსო.”

მართლაც - მეორე დღეს ნიქსონი და ხრუშჩოვი „პეპსი კოლის“ დახლსაც მიადგნენ: კენდალმა ხრუშჩოვს ორი ჭიქა მიაწოდა და უთხრა, ერთში ამერიკული „პეპსია“, მეორეში - აქვე, მოსკოვში დამზადებულიო. ხრუშჩოვმა ორივე გასინჯა და გამარჯვებულად მოსკოვური გამოაცხადა:

კენდალი გვიყვება: “და ხრუშჩოვმა დაიწყო ‘პეპსის’ ჩამორიგება იქ, ხალხში. თან ამბობდა ‘კარგი პეპსი’ გასინჯეთო. ჩვენი სარეკლამო სლოგანი მაშინ ასე ჟღერდა ‘იყავი გახსნილი, დალიე პეპსი’. და აი, მთელს მსოფლიოში გარვცელდა ხრუშჩოვის სურათი, როგორ არიგებს ‘პეპსის’: ფოტოსურათს ახლდა წარწერა, ხრუშჩოვი გახსნილობას სწავლობსო.”

საბოლოოდ კენდალმა საქმე მიიყვანა ლამის სენსაციურ ხელშეკრულებამდე, რომელიც საბჭოთა კავშირში „პეპსი კოლის“ მასობრივ წარმოებას ითვალისწინებდა. მაგრამ წარმატებული გამოფენის შედეგები მალე აღარავის ახსოვდა - ცივ ომში დაპირისპირებულთა დაახლოებას უცებ მოუღო ბოლო ამერიკული U2-ის ტიპის ჯაშუში თვითმფრინავის ჩამოგდებამ 1961 წელს. ხოლო მომდევნო წელს, კუბის კრიზისმა მხარეები ატომური ომის პირას მიიყვანა და ურთიერთობა 1970 წლამდე აღარ გაუმჯობესებულა.

თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ ეს არ აკნინებს ლეგენდარული ამერიკული გამოფენის მნიშვნელობას. ასეთთა შორის არის ჯეკ მეისი, ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ მოსკოვში მოწყობილი “ამერიკული გამოფენის” მთავარი დიზაინერი: „მოხდა მნიშვნელოვანი რამ: ერთმანეთთან ლაპარაკი დავიწყეთ. ეს დიდი მიღწევა იყო!“
XS
SM
MD
LG