Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს “მორალური უპირატესობის” ხვედრითი წილი


ანტისამთავრობო გამოსვლების ერთი ეპიზოდი
ანტისამთავრობო გამოსვლების ერთი ეპიზოდი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, საქართველოში დემოკრატიის და უსაფრთხოების მდგომარეობაზე მსჯელობდნენ თურქეთში, სადაც 23 ივლისს ორი ქვეყნის წამყვანი ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ერთობლივ სემინარზე. როგორც ჩვენთან საუბარში ექსპერტებმა გია ნოდიამ და თორნიკე შარაშენიძემ განაცხადეს, დემოკრატიის თვალსაზრისით ბოლო წლებში არის უკუსვლა, თუმცა ვითარება არც ისე ტრაგიკულია.

გია ნოდია
შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ქვეყნების დახმარება საქართველოსათვის გრძელდება, თუმცა დასავლელ ლიდერებს ძალიან უჭირთ დაუსაბუთონ საკუთარ მოსახლეობას, თუ რატომ უნდა დაეხმარონ შორს მყოფ საქართველოს, რომელიც ევროპელებისათვის არ არის ევროპის ნაწილი და თანაც ომი აქვს რუსეთთან. იმისათვის, რომ ეს დახმარება არ შეწყდეს, საქართველომ განუწყვეტლივ უნდა აჩვენოს პროგრესი და თავისი მორალური უპირატესობა რუსეთთან შედარებით - ეს არის საქართველოს გარკვეული მორალური კაპიტალიო, - ამბობს გია ნოდია.

მაგრამ სად არის ეს პროგრესი? ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, ბოლო წლებში საქართველო სულ უფრო მეტად კარგავს დემოკრატიის ნიშნებს. ამას ემატება დემონსტრაციებისა და მიტინგების კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელსაც ოპოზიციამ უწოდა “სამი უკან გადადგმული ნაბიჯი დიქტატურისაკენ”. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დირექტორი თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამ კანონის მიღებისას აჩქარდა.

თორნიკე შარაშენიძე ხელისუფლებას ურჩევს, მოიშოროს შიში, რომელიც მათივე რევოლუციური გამოცდილებით იყო გამოწვეული. ყველა რევოლუციით მოსულ მთავრობას აქვს შიში, რომ მას რევოლუციით გაისტუმრებენ, მაგრამ საქართველოში რევოლუციების დრო დასრულდა, - ფიქრობს თორნიკე შარაშენიძე.

თორნიკე შარაშენიძე
დემოკრატიის თვალსაზრისით, მდგომარეობას საქართველოში პრობლემატურად მიიჩნევს გია ნოდია, თუმცა მკვლევარი ფიქრობს, რომ მანიფესტაციებისა და შეკრებების კანონის გამკაცრებას დასავლეთი გაგებით მოეკიდება.

გია ნოდიას თქმით, ისეთი სიმწვავის პოლიტიკური კრიზისი, როგორიც აპრილ-მაისში იყო, შემოდგომაზე მოსალოდნელი აღარ არის. იმედი, რომ რადიკალური საპროტესტო კამპანიით ხელისუფლების შეცვლა მოხდებოდა, აღარ არსებობს.

ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ არასაპარლამენტო ოპიზიცია ან მართლაც დაიღალა, ან ტაქტიკას ცვლის. პარასკევს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბოლო საინფორმაციო მიტინგი გამართა რუსთაველის პროსპექტზე, მანამდე კი მიიღო გადაწყვეტილება აეღო დარჩენილი საკნები და გაეხსნა მოძრაობა რუსთაველის გამზირზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG