Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და ეუთო იმედგაცრუებულნი არიან ყირგიზეთის არჩევნებით


ყირგიზეთში, ფერად რევოლუციად წოდებული მოვლენა, რამდენიმე წლის წინ მოხდა, ორი დღის წინ, იქ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

ხელისუფლებაში ტიტების რევოლუციად წოდებული მოვლენის დროს მოსულ პრეზიდენტს, ბაკიევს, აკრიტიკებენ არჩევნების არასამართლიანად ჩატარებისათვის. ევროკავშირის შეფასებით, კენჭისყრა საერთაშორისო სტანდარტს არ აკმაყოფილებს. იმედგაცრუებას გამოთქვამს ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამო ეუთოც.

ეუთოს მეთვალყურეთა მისიის შეფასებით, არჩევნებმა არ აჩვენა წინსვლა და ყირგიზეთმა სტანდარტების თაობაზე ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, შვეცია, ყირგიზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ თავის განცხადებაში წერს, რომ აღნუსხულია ურნებში გაყალბებული ბიულეტენების ჩაყრის, არასწორი სიების, კენჭისყრაში ერთი და იმავე პირების რამდენჯერმე მონაწილეობის შემთხვევები.

საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგით კმაყოფილია, ამავე დროს კი, ოპოზიცია თავისი საჩივრების პასუხს მოელის კომისიისა და პროკურატურისგან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ტიმურ ლისოვსკიმ, ბაკიევის მიერ მოგროვებული ხმების რაოდენობისა და თითქმის 90 პროცენტის შესახებ პარასკევს გამოაცხადა. მოგვიანებით, ბიულეტენების დათვლის გაგრძელების შემდეგ, ამ მაჩვენებელმა იკლო და ახლა, წინასწარი მონაცემებით, 83 პროცენტზეა ლაპარაკი.
ბაკიევის მთავარი მეტოქე იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალმახბეკ ატამბაევი, სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, რომელმაც კენჭისყრის მსვლელობისას თავისი კანდიდატურა გამოიტანა და განაცხადა, რომ ხდებოდა ხმების მასობრივი გაყალბება და ზეწოლა მის საარჩევნო გუნდზე.

ის, ახლანდელი მონაცემებით, მეორე ადგილზე გავიდა. ოპოზიციამ შაბათს გაავრცელა ვიდეოჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც აშკარაა კენჭისყრის გაყალბება. ოპოზიციამ ასევე შაბათს გამოაცხადა, რომ აპირებს საპროტესტო გამოსვლების გამართვას, არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით.

ატამბაევის და ეუთოს შეფასებები არჩევნების მიმართ ერთმანეთს ემთხვევა. ეუთო იუწყება, სხვათა შორის, რომ მმართველი ძალა ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა ოპონენტებთან ბრძოლაში, ასევე მედიაში სარჩევნო კამპანიების მსვლელობისას.
ყირგიზეთში სამოქალაქო საზოგადოება აქტიურია. წლების წინ იქ საპროტესტო გამოსვლებს მაშინდელი მმართველის, ასკარ აყაევის, ჩამოგდება და მის ნაცვლად ბაკიევის არჩევა მოჰყვა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG