Accessibility links

logo-print
25 ივლისს კულტურის სამინისტროს საქართველოს 60 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტის ფარგლებში, მათ წელსაც შეუძლიათ 1000 ლარის ღირებულების ახალი წიგნებით შეავსონ რაიონული ბიბლიოთეკები. ამ პროექტს კულტურის სამინისტრო, ”წიგნის სამყაროსთან“ ერთად, 2004 წლიდან ახორციელებს.

ახალ წიგნებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ბიბლიოთეკებს წიგნის სააგენტო ადგილზე მიუტანს. 25 ივლისს კულტურის სამინისტრო დასავლეთ საქართველოს ბიბლიოთეკარებს მასპინძლობდა, 26 ივლისს სპეციალური კატალოგიდან არჩეული წიგნების საყიდლად იქ აღმოსავლეთ საქართველოს ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები მივლენ: ” დღეს დასავლეთიდან გვყავს სტუმრები, ხვალ აღმოსავლეთიდან ველით. დავპატიჟეთ გამომცემლობები. მათგან ჩვენ 1000 ლარის ფარგლებში ვიყიდით ბიბლიოთეკებისთვის სასურველ ლიტერატურას და ადგილზე ჩავუტანთ”, - აცხადებს კულტურის მინისტრის მოადგილე მაკო ჭოღოშვილი.

სამინისტროს დარბაზში დაახლოებით 70-მდე გამომცემლობაა წარმოდგენილი. თითო რეგიონალურ ბიბლიოთეკას კულტურის სამინისტრო 1000 ლარით აფინანსებს იმისათვის, რომ წიგნების ფონდი ნაწილობრივ მაინც გადახალისდეს. წიგნის გავრცელების სამსახურის „წიგნის სამყაროს“ წარმომადგენელი ირაკლი სებისკვერაძე ამბობს, რომ თავიდან გამომცემლობები ასე აქტიურები არ იყვნენ,მაგრამ ნელ-ნელა მათი დაინტერესება გაიზარდა: ” 69 გამომცემელი შევკრიბეთ, რომელიც შევიდა კატალოგში. შეიქმნა ასევე კომპიუტერული პროგრამა, რომლის პრეცედენტიც აქამდე არ არსებობდა. ჩვენ მივიღებთ ყველა შეკვეთას გამომცემლობებისგან და უზრუნველვყოფთ ყველა ბიბლიოთეკაში ჩატანას. მესტიაშიც კი მივიტანთ.”

გამომცემლობა „სიესტას“ სიახლე წელს ისაა, რომ ახლად გამოცემულ იოსებ გრიშაშვილის წიგნს კულტურის სამინისტროსთან ერთად ბიბლიოთეკებს უსასყიდლოდ გადასცემს.“ სიესტას“ წარმომადგენელ ქეთი კიღურაძეს სხვა შეთავაზებებიც აქვს: “ვთავაზობთ სერიულ გამოცემებს, მაგალითად, მარკესის სერიას, ასევე თანამედროვე ქართული პოეზიის სერიას, კლასიკურ თარგმანებს და ასე ვუადვილებთ ბიბლიოთეკებს საქმეს”. ქეთი კიღურაძე გვეუბნება, რომ ე.წ. ბიბლიოთეკის ვაუჩერიზაციის პროექტი საინტერესოა როგორც გამომცემლებისთვის, ისე ბიბლიოთეკებისთვის.

წელს ახალი წიგნებით შეივსება რაჭის ერთ-ერთი, კერძოდ, ამბროლაურის ცენტრალური ბიბლიოთეკაც. საბიბლიოთეკო სამსახურის უფროსი გულნარა საღინაძე ამბობს, რომ მათთვის გამოყოფილი 1000 ლარით დაახლოებით 50 წიგნს იყიდის: ” მიმაქვს ძალიან საინტერესო საყმაწვილო ენციკლოპედია, იზა ორჯონიკიძის ლექსები, რჩეულიშვილის კრებული, გურამ დოჩანაშვილის ხუთტომეული, ძალიან მინდოდა...”

რაჭაში ბოლო დროს 24 ბიბლიოთეკა აღდგა. გულნარა საღინაძე ამბობს, რომ ხალხს ეს ძალიან უხარია, რადგან ბიბლიოთეკა დღემდე რჩება ისეთ ადგილად, სადაც ხალხი ერთმანეთს ხვდება, ინფორმაციას უცვლის.

წელს სიახლე იყო ისიც, რომ ზოგიერთი გამომცემლობა წიგნებს უფრო დაბალ ფასში ყიდდა, ვიდრე ისინი მაღაზიებში ღირს. თუნდაც 50 ახალი წიგნი რაიონების ბიბლიოთეკებისთვის იმას ნიშნავს, რომ მათ მკითხველი არ გამოელევათ. მით უმეტეს, რომ საქართველოს ბევრ რაიონსა და სოფელში ჯერ კიდევ არ არის ინტერნეტი. თუმცა წიგნს მაინც თავისი ხიბლი აქვს.
XS
SM
MD
LG