Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის, ჩამოსვლამდე ქართულ პრესაში არაერთ ვარაუდს ნახავდით ამ ვიზიტის შესახებ. შუა კვირიდან კი უკვე ბაიდენის გამონათქვამების ანალიზი და იმის შესახებ ვარაუდები დაიწყო, თუ რას მოუტანს საქართველოს ეს ვიზიტი.

20 ივლისის ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე ამბობდა, რომ ბაიდენი ორი ურთიერთდამაბალანსებელი გზავნილით ჩამოვიდოდა საქართველოში: ”ალბათ, ხელისუფლებისადმი გზავნილი იქნება ძალზე მკაფიოდ მიმანიშნებელი იმისა, რომ საქართველომ ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა და დათქმების გარეშე უნდა შეძლოს დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღება და რომ თბილისს არც მოსკოვი უშლის ხელს და არც სხვა ვინმე, რათა თანამედროვე, დასავლური ყაიდის დემოკრატიული ინსტიტუტები შეიქმნას, თუნდაც, არჩევნების გარემოს თვალსაზრისით, რათა არასოდეს დაისვას კითხვები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. მეორე გზავნილი ოპოზიციისადმი კი, შესაძლოა, შემდეგი შინაარსისა იყოს: თუკი ასეთი გარემო იქნება და იქნება გარანტიები სამართლიანი არჩევნებისთვის, მაშინ, შესაბამისად, უნდა დაელოდონ კიდეც მომავალ არჩევნებს ან ხელი შეუწყონ ამ პროცესებს და, თუ საჭირო იქნება, ამ კუთხითა და მიზნით, ითანამშრომლონ კიდეც ხელისუფლებასთან.”

”24 საათში” ბაიდენის უკრაინაში ჯერ კიდევ მიმდინარე და საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე 20 ივლისის სტატიას ასე ასათაურებდა: ”მისია რუსული ინტერპრეტაციის წინააღმდეგ”. ოთხშაბათის ”ვერსია” პარლამენტში გამართულ დებატებს აკავშირებდა ბაიდენის ვიზიტთან. პირველ გვერდზე წაიკითხავდით: ”პოლიტკასტინგი ბაიდენისთვის, ანუ გამოდებატებულები-2”. ამავე დღეს ”რეზონანსმა” პირველ გვერდზე დაბეჭდა ჯოზეფ ბაიდენისადმი ქართული მედიის მიმართვა, რომელშიც ჟურნალისტები მას ქართული მედიის პრობლემებით დაინტერესებას სთხოვენ.

21 ივლისის ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია, ბაიდენის თბილისში ვიზიტისას დაგეგმილ აქციაზე საუბრობდა:

”იყო რამდენიმე ჩვენი კოლეგის მხრიდან გამოთქმული მოსაზრება, რომ არ ჩატარებულიყო ეს აქცია. არგუმენტად სახელდებოდა ის, რომ შეიძლებოდა ამ აქციას ანტიამერიკული განწყობის ელფერი შეეძინა - ხელისუფლებას მოენათლა, რომ ეს არის ანტიამერიკული საპროტესტო განწყობა და ეს ცუდად იქნებოდა ასახული. მე ვფიქრობ, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად შემოგდებული თემა. მხოლოდ მე არ გამიჩნდა განცდა იმისა, რომ ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რომ ეს აქცია არ გამართულიყო. საკნების აღების თემა, რომელიც ასევე იქცა საკმაოდ დიდი დებატების თემად, პრაქტიკულად დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილს ძალიან უნდოდა ბაიდენს რუსთაველზე საკნები არ დახვედროდა, ანუ მას უნდოდა იმის დემონსტრირება, რომ პროტესტი დამთავრდა, რომ ეს იყო ქარიშხალი ჭიქაში, რომელსაც გაგრძელება აღარ აქვს.”

ხუთშაბათიდან ქართული პრესა ჯოზეფ ბაიდენის პირველი გამონათქვამების ციტირებასა და ანალიზს შეუდგა: ”აშშ აგრძელებს თქვენს გვერდით დგომას”, ”ბაიდენის საიდუმლო გეგმა. რა უდევს ”თბილისურ პორტფელში” აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს?”, ”ჩვენ არასდროს მიგატოვებთ” - ასეთია სათაურები.

ხუთშაბათის ”რეზონანსი” წერდა: ”ძალიან საინტერესოა, რატომ ჰგონია ხელისუფლებას, რომ, თუკი ბაიდენი საკმაოდ სწრაფად მიმავალი მანქანის ფანჯრიდან რაიმე ოპოზიციურ ლოზუნგს მოჰკრავდა თვალს, ეს ქვეყნის იმიჯზე ცუდად იმოქმედებდა და საგანგებოდ მიყვანილი ახალგაზრდების მიერ დროშების ქნევა - არა.”

”ყველა სიახლე” ბაიდენის ”საიდუმლო გეგმის” შესახებ წერდა, ანუ ცდილობდა გაერკვია, რა წინადადებებით ჩამოვიდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში.

23 ივლისის ”ალია” კი ქართველ პოლიტიკოსებს ეკითხებოდა, რა შთაბეჭდილება დატოვა მათზე პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ოფიციალურ სადილზე ჯოზეფ ბაიდენის გამოსვლამ. ლეიბორისტი გიორგი გუგავა: ”მან უსურვა ქართულ სახელმწიფოს წარმატება. მაგრამ ეს წარმატება განპირობებული იქნება მხოლოდ იმით, თუ სააკაშვილი მოსცილდება ამ ქვეყანას”; რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი: ”რაც შეეხება ”ვარდების რევოლუციაზე” აქცენტს, ამაში ხელისუფლებისათვის საამაყოს ვერაფერს ვხედავ. როცა 6 წლისთავია რევოლუციიდან და კიდევ ამ რევოლუციაზეა საუბარი, ეს იმას ნიშნავს, რომ მაინცდამაინც დიდი ძვრები არ განხორციელებულა.”

”24 საათმა” ხუთშაბათს პირველი გვერდი დაუთმო ბაიდენის ვიზიტისა და მისი თანმხლები აქციების შესახებ ინფორმაციას. ”საქართველოს რესპუბლიკა” პირველ გვერდზე ჯოზეფ ბაიდენის ბიოგრაფიას სთავაზობდა მკითხველს.

პარასკევის ”ვერსია”, პირველი გვერდი: ”ბაიდენმა ოპოზიციას ”კანტროლკა” დაახალა!” - ავტორის აზრით, ოპოზიციის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომ სააკაშვილს ”ხელს აღარავინ ართმევს” და რომ საქართველოდან მის წასაყვანად მსოფლიოს რომელიმე ლიდერი ჩამოვა თბილისში, გაქარწყლდა: ”ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტით უკვე ყველაფერი ნათქვამია და, როგორც იტყვიან, ბაიდენმა ოპოზიციას ”კანტროლკა” დაახალა!”

პარასკევის ”რეზონანსში” ბაიდენის მიერ საქართველოს ”უპრეცედენტო მხარდაჭერაა” აღნიშნული და მის მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებზე წერენ. გაზეთს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ეუბნება: ”საინტერესო პასაჟი იყო ის, რომ საქართველოს შიდა რეფორმების განხორციელება ახალი თაობის მიერ უნდა მოხდეს. მას არ უთქვამს, რომ ეს აუცილებლად პრეზიდენტის პარტიის შემთხვევაში უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით ბაიდენის შტაბეჭდილებებს ვერ გავიგებთ, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, როგორც ადრე, ამერიკა ახლაც მიიჩნევს, რომ წინააღმდეგობებში იხვეწება დემოკრატია.”

პარასკევის ”24 საათი”: ”აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრებით კმაყოფილი დარჩა როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია”. გაზეთი ბაიდენის გამოსვლის ტექსტს აქვეყნებს.

24 ივლისის ”ახალ თაობას” პოლიტოლოგი მალხაზ მაცაბერიძე ეუბნება: ”ამერიკის ხელისუფლება თვითონ შეეცდება გაერკვეს სიტუაციაში თავისი ანალიტიკოსების მეშვეობით.”

შაბათის ”ალია” ცდილობს გაარკვიოს რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის, რომ თბილისში ლესელიძის ქუჩას ბაიდენის ქუჩა უნდა დაერქვას. გაზეთის კორესპონდენტს ძველი თბილისის გამგებელი ეუბნება, რომ საკითხს საკრებულო განიხილავს. ”ალიაშივე” წაიკითხავთ კონსტანტინე გამსახურდიას კომენტარს ბაიდენის ვიზიტისას ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებზე: ”ბუნებრივია, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ყოველთვის მოქმედ ხელისუფლებას დაუჭერს მხარს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს კავკასიის რეგიონში, კერძოდ, საქართველოში, სასიცოცხლო ინტერესები.”

25 ივლისის ”ახალ თაობაში” ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიასთან ინტერვიუ იბეჭდება. დავითაია ამბობს: ”ამ ვიზიტის შემდეგ პროვოკაციებია მოსალოდნელი. სასწრაფოდ შეიკრიბნენ რუსეთის დუმის დეპუტატები. ეს იმიტომ ხდება, რომ რუსეთმა საკმაოდ მკაცრი მესიჯები მიიღო.”

”რეზონანსში” კი ბაიდენის ვიზიტის შესახებ კონსტანტინე ჟღენტის მოსაზრება ქვეყნდება, სათაურით ”რას დაგვპირდა და რას შეგვისრულებს ჯოზეფ ბაიდენი”. ავტორის აზრით, ”იმას, თუ რა დოზით გაუწევს რუსეთი ანგარიშს ობამას რჩევას და ბაიდენის განცხადებას ჩვენს გვერდით დგომის თაობაზე, ვერავინ გაზომავს” და, თუ რუსეთისგან სასურველი თანამშრომლობის მისაღწევად დასჭირდა და რუსეთმა სანაცვლოდ საქართველოს საკითხში დათმობა მოითხოვა, აშშ რაღაც საკითხებში დათმობაზე წავა, რადგან ”აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში ამჟამად მთავარი სწორედ „რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვაა”. ეს დაადასტურა თუნდაც ზუსტად ბატონ ბაიდენის ვიზიტების სინქრონულად ტაილანდში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ქალბატონ ჰილარი კლინტონის, შეხვედრებმა“, - წერს შაბათის ”რეზონანსის” სტატიის ავტორი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG