Accessibility links

logo-print

კლინტონი: უკრაინამ და საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ნატოში შესვლა


ტელეკომპანია „ენ-ბი-სის“ პოპულარულ გადაცემაში „შეხვედრა პრესასთან“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აშშ-რუსეთის ურთიერთობაზეც ილაპარაკა და, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველო და უკრაინაც ახსენა. კერძოდ, კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვა“ სულაც არ ნიშნავს, თითქოს ამერიკა ამბობდეს, რომ რუსეთს 21-ე საუკუნეში შეუძლია საკუთარი გავლენის სფერო ჰქონდეს აღმოსავლეთ ევროპაში. „ეს არის პოზიცია და პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ უარვყოფთ“, - აღნიშნა კლინტონმა. - „ამასთანავე, ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ერთ დროს საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, ახლა აქვს უფლება, როგორც თავისუფალ, სუვერენულსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, აირჩიოს ესა თუ ის გაერთიანება, რომელში გაწევრიანებასაც მოისურვებს. ასე რომ, თუ უკრაინა და საქართველო ერთ დღეს დააკმაყოფილებენ ნატოს მოთხოვნებს და ამ კავშირში შესვლის სურვილი ექნებათ, ეს მათი გადასაწყვეტი უნდა იყოს.“ ჰილარი კლინტონმა დასძინა, რომ აქტიურად არის ჩართული რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვის“ პროცესში და თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ერთად სათავეში უდგას ორმხრივ კომისიას, რომელიც ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე იმუშავებს. „რუსებმა იციან, რომ ჩვენ არაერთი შეკითხვა გვაქვს მათი პოლიტიკის ზოგიერთის ასპექტის გარშემო. და მათაც აქვთ შეკითხვები ჩვენი მისამართითო, დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
XS
SM
MD
LG