Accessibility links

logo-print

სტუმრის სტუმრები


ჯოზეფ ბაიდენი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

ჯოზეფ ბაიდენი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტი საქართველოში, ხელისუფლებასთან ერთად, საგანგებოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ოპოზიციისთვისაც. ოთხი ლიდერი, რომლებთან შეხვედრაც ბაიდენმა ისურვა, ფორმალურად გამოეყო ოპოზიციის ლიდერთა დიდ ჯგუფს და დაწინაურდა. ამ არჩევანით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა არაორაზროვნად გამოხატა საკუთარი ქვეყნის დამოკიდებულება საქართველოს ოპოზიციური სპექტრის მიმართ. შესაბამისად, ჩვენც, საქართველოს მოქალაქეებმა, ახალი თვალით უნდა გადავხედოთ ამ ოთხეულს.
გიორგი თარგამაძე

დავიწყოთ გიორგი თარგამაძით. სავარაუდოდ, მომავალ არჩევნებში იგი მარტოობისთვის არის განწირული, რადგან პარლამენტის წევრობაზე დათანხმებით მან მკვეთრად გაიმიჯნა თავი არასაპარლამენტო ოპოზიციისგან. ასე რომ, გიორგი თარგამაძეს იმ ამომრჩევლის იმედად მოუწევს დარჩენა, რომელიც მისი პარტიის პარლამენტში ჯდომას ამართლებს და არაფრად აგდებს ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან თარგამაძის გვარის უდიერად ხსენებას. ქრისტიან-დემოკრატები კონცენტრაციას კონკრეტული საკითხების ირგვლივ ცდილობენ, რაც მათ დადებით იმიჯს უქმნის როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილის თვალში. ამას ემატება იდეოლოგია, რომელიც იმდენადვე აქტუალური ხდება არჩევნების პერიოდში, რამდენადაც არააქტუალურია არჩევნებიდან არჩევნებამდე. ასეა თუ ისე, ბაიდენთან სტუმრობის შემდეგ, გიორგი თარგამაძე ამერიკისთვის საინტერესო ლიდერების ნუსხას მიემატა.

ირაკლი ალასანია
შემდეგი ლიდერი, რომელიც ჯოზეფ ბაიდენმა შეხვედრაზე მიიწვია, ირაკლი ალასანიაა. მისი მთავარი ნიშა ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგია. ალასანია უკვე სამი პარტიის მიერ აღიარებული ლიდერია და არ არის გამორიცხული, სხვა ზომიერი პარტიებიც მიიმხროს. ოღონდ, უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსის მიმართ მაინც გაცილებით მეტის მოლოდინი არსებობდა მაშინ, როდესაც მან გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე უარი თქვა და სამშობლოში დაბრუნდა. ირაკლი ალასანია ჯერჯერობით სუსტ, მაგრამ რეიტინგულ და სამომავლო რესურსის მატარებელ პროამერიკელ ლიდერად რჩება. ამიტომ, მასზე არჩევანის შეჩერება არავის გაჰკვირვებია.

ნინო ბურჯანაძე
ჯოზეფ ბაიდენის შემდეგი სტუმარი ნინო ბურჯანაძეა. მისი მიწვევაც ბუნებრივია სამი მიზეზით: მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის გამო; მისი კავშირების გამო დასავლეთის სახელმწიფოების უმაღლეს სახელისუფლო წრეებში; მის მიერ ქართულ პოლიტიკაში დაკავებული ინდივიდუალური ნიშის გამო. ნინო ბურჯანაძე ის ლიდერია, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკებებში აზრს ვერ ხედავს და მასთან ბოლომდე დაპირისპირების ტაქტიკას ირჩევს. პარტიები, რომლებიც პრეზიდენტს მწვავედ უტევენ, ადრე თუ გვიან, სავარაუდოდ, სწორედ ნინო ბურჯანაძის ბანაკში აღმოჩნდებიან. ირაკლი ალასანიასგან განსხვავებით, დროთა განმავლობაში ბურჯანაძის რეიტინგი იზრდება. ოღონდ, მის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების რიცხვი ჯერ კიდევ მეტისმეტად დიდია საიმისოდ, რომ ყოფილმა ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თავი ოპოზიციის წარმატებულ ლიდერად იგრძნოს. ამიტომაც, ბაიდენთან ოპოზიციონერის რანგში სტუმრობა ბურჯანაძისთვის საჭიროც იყო და საპატიოც.

ლევან გაჩეჩილაძე
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ყველაზე საინტერესო სტუმარი, ჩემი აზრით, მაინც ლევან გაჩეჩილაძეა. იმის მიუხედავად, რომ გაჩეჩილაძემ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 28%-ის მხარდაჭერა მოიპოვა, მოგვიანებით განვითარებულ პროცესებში მან ვერ მიაგნო ინდივიდუალურ პოლიტიკურ ნიშას და ვერც საკუთარი პარტია შექმნა. ამიტომ, ირაკლი ალასანიასგან და ნინო ბურჯანაძისგან განსხვავებით, ლევან გაჩეჩილაძე ჩამოყალიბდა პოპულარულ, მაგრამ უპერსპექტივო ლიდერად. ჯოზეფ ბაიდენის სტუმართა შორის მოხვედრამ გაჩეჩილაძის პოლიტიკურ ფიგურას ახალი სიცოცხლე შესძინა. კახა თარგამაძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ და არცთუ მკაფიოდ გამოკვეთილი პროდასავლური იდეოლოგიის ფონზე, ლევან გაჩეჩილაძე კვლავ რჩება აშშ-ის მიერ აღიარებულ გამორჩეულ ოპოზიციურ ლიდერად. სავარაუდოდ, მისი ფუნქცია იქნება, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ძალებით, რომელსაც ჰქვია „დაიცავი საქართველო!“ გააძლიეროს ზემოთ ნახსენები ლიდერებიდან ერთ-ერთი: გიორგი თარგამაძე, ირაკლი ალასანია ან ნინო ბურჯანაძე.

ახლა საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს ვიცე-პრეზიდენტის არჩევანი პოლიტიკური სპექტრის გადანაწილებაზე და, კერძოდ, სად მოძებნიან საკუთარ ადგილს ის ლიდერები, რომლებიც ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრაზე ვერ მოხვდნენ. ეს დღეს მთავარი კითხვაა ოპოზიციური სპექტრის მიმართ.
XS
SM
MD
LG