Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 27 ივლისი 2009


27 ივლისის გაზეთ ”რეზონანსის” დამატება ”მთელი კვირა” აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ პირველ გვერდზე კონფლიქტის ზონის სოფლებიდან რეპორტაჟს ბეჭდავს. ”როდესაც ერგნეთში გადამწვარ სახლებს უყურებ, გრჩება შთაბეჭდილება, რომ აქ წლებია აღარავის უცხოვრია”, - ვკითხულობთ სტატიაში. თუ რა მდგომარეობაშია ქართული სოფლები დვანი და ერგნეთი და როგორ ცხოვრობს იქ ხალხი, ამ რეპორტაჟიდან შეიტყობთ.

გაზეთი ბეჭდავს ინტერვიუებს არასაპარლამენტო ოპოზიციის ორ ლიდერთან - ლევან გაჩეჩილაძესა და სალომე ზურაბიშვილთან. ამერიკის ვიცე- პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას გაჩეჩილაძე აცხადებს, არა მგონია, სადმე, რომელიმე ქვეყანაში, აშშ-ის ვიცე- პრეზიდენტი ე.წ. ქუჩის ოპოზიციას ხვდებოდესო. ბაიდენს არ შეხვედრია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ინტერვიუში ამბობს: ”ჩემი გამოტოვება ”მარიოტში” გამართულ შეხვედრაზე ამ ხელისუფლების დამსახურებაა და, გარკვეულწილად, ამერიკის ელჩისაც. ალბათ, ყველა გაიგებს, რატომ არ აძლევდა ხელს ჩემი მონაწილეობა არც სააკაშვილთან დიალოგში, არც ჩემი მინისტრის მოადგილეობა და არც ბაიდენთან შეხვედრა. არ აწყობთ.” ”მთელი კვირა ”ასევე ბეჭდავს ინტერვიუს ოპოზიციისგან გამიჯნულ პარტია ”თავისუფლების” ლიდერ კონსტანტინე გამსახურდიასთან. წაიკითხავთ სტატიას იმის შესახებ, თუ რა ახალი სკანდალი აგორდა ტელეკომპანია „202“-ისა და რამიშვილ-კოხრეიძის საქმის გარშემო.

გაზეთ ”ვერსიას” პირველ გვერდზე ”ლეიბორისტების” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, სიტყვები გამოაქვს.ინტერვიუს ნათელაშვილთან მესამე გვერდზე იხილავთ და იქვე გაიგებთ, შევლენ თუ არა ”ლეიბორისტები” მათ მიერ ”პარაზიტების პარლამენტად” მონათლულ საკანონმდებლო ორგანოში.

გაზეთი გთავაზობთ რეპორტაჟს ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებიდან. რეპორტაჟი ცხადყოფს რა დონეზეა დღეს საქართველოში ბიუროკრატია. წაიკითხავთ ინტერვიუს ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი მელაშვილთან, რომელიც ვარაუდობს, რომ ოპოზიციას ხელისუფლებაზე მეტად უკვე ”ფორუმის” რეიტინგი უშლის ნერვებს. ვრცელ სტატიას ქართული ეკონომიკის მანკიერებათა შესახებ კი მეხუთე გვერდზე იხილავთ.

გაზეთ ”ახალი თაობის” მთავარი თემა თბილისის მერის მომავალი არჩევნებია: ”ვინ იქნება მერი - უგულავა, გეგენავა თუ კერვალიშვილი?” - ასეთია პარლამენტარ გია ცაგარეიშვილთან ინტერვიუს სათაური.

დეპუტატის მანდატის აღდგენის ინიციატივაზე საუბრობს ”რესპუბლიკელი” ვახტანგ ხმალაძე, რომლის აზრით, მსგავსი ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში სრულიად მიუღებელია. ”ახალი თაობა” გთავაზობთ ასევე ინტერვიუებს სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილთან, პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილთან. 27 ივლისის ნომრიდან გაიგებთ, რომ თბილისის ფილარმონიის დარბაზს, შემდგომ რემონტისა, რომელიც წელიწადი და რვა თვე გრძელდებოდა, ნანი ბრეგვაძე ოქტომბერში გახსნის.

გაზეთი ”24 საათი” ორშაბათის ნომერს ხსნის სტატიით ”სილა რუსეთს”. საქართველოში ბაიდენის ვიზიტის შეფასებები და რუსული გამოხმაურებები სტატიაში ერთადაა თავმოყრილი. გაზეთი მოგითხრობთ ასევე სტამბულში გამართულ ”დიიფ ფარფლის” კონცერტზე, სადაც ლეგენდარული ჯგუფის სოლისტი იან გილანი ქართველ ფანებს ჯერ შეხვდა, შემდეგ კი, შოუს დროს, საგანგებოდ მიესალმა. ქართველებმა კი მათ 20 წლის წინ თბილისში, მის ქორწილზე, გადაღებული ფოტოები გადასცეს.

”კვირის პალიტრის” ორშაბათის ტრადიციულ ნომერში ცოტა ხნის წინ მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალებზეა საუბარი. 7 წლის გიორგი იმერლიშვილი გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს და შემდეგ მოკლეს.- ”მანიაკი თუ გამომძალველი” - ასეთი სათაური აქვს სტატიას, საიდანაც უფრო მეტს შეიტყობთ.

„კვირის პალიტრა“ ბეჭდავს ინტერვიუს ირაკლი ალასანიას მეუღლესთან, ნათია ფანჯიკიძესთან:

”იმ ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, ირაკლი გაეროს გალაქული იატაკიდან მოხვდა პოლიტიკაში, მინდა ეს ყველაფერი იცოდნენ”, - ამბობს ნათია ფანჯიკიძე და მეუღლის პოლიტიკურ წარსულსა და ზოგადად თავიანთ ურთიერთობაზე საუბრობს.

”ცხინვალს ქალაქი აღარ ეთქმის, ორმოა, დიდი ბნელი ორმო” - ამ სათაურით სტატიას ”კვირის პალიტრა” მეექვსე გვერდზე გთავაზობთ და მასში საუბარია ცხინვალში არსებულ მდგომარეობაზე ომიდან ერთი წლის შემდეგ.

პოლიტიკური თემატიკით და ბევრი კითხვის ნიშნიანი სათაურით დატვირთული ნომერი აქვს დღეს ”ქრონიკას”.

”რაზე ისაუბრეს დავით ბაქრაძემ და ჯოზეფ ბაიდენმა დახურულ კარს მიღმა?”, ”რატომ აარიდა თავი „ქრონიკის“ კითხვებს მიხეილ მაჭავარიანმა?”, ”როგორ გაიგეს ბაიდენის ნათქვამი ქართველმა პოლიტიკოსებმა?”, ”რაზე შეთანხმდნენ კახა შარტავა და პალიკო კუბლაშვილი?” - ეს „ქრონიკის“ 27 ივლისის ნომრის მთავარი კითხვებია. გაზეთი გთავაზობთ ასევე ვრცელ ინტერვიუს შალვა ნათელაშვილთან.

”ნაციონალური კლანი - ნავთობში. ვინ ვისი მამა, შვილი, ცოლისძმა, ბიძა, ქვისლი და მეზობელია საქნავთობ „სამგორში“?” სვამს კითხვას „ქრონიკა“ სტატიაში, რომელსაც ვრცლად მე-18 გვერდზე წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG