Accessibility links

logo-print

ახლად აშენებულ დასახლებაში დევნილებს პრობლემები აქვთ


ახალი დასახლება სოფელ მოხისთან

ახალი დასახლება სოფელ მოხისთან

აგვისტოს ომის შედეგად დევნილებისთვის ქარელის რაიონის სოფელ მოხისთან ახალი დასახლების მშენებლობა შარშან, შემოდგომაზე, დასრულდა. ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანები კოტეჯებში ზამთარში შეასახლეს. დევნილები იძულებულნი იყვნენ სველი კედლები და იატაკი ღუმელებით გამოეშროთ. მოგვიანებით გამომშრალი კედლები დაიბზარა და ნალესი ჩამოცვივდა, იატაკმა კი დეფორმაცია განიცადა. ნაპრალები იმდენად გაფართოვდა, რომ, დევნილების თქმით, იქიდან ქვეწარმავლები ამოდიან.

სოფელ მოხისში ჩასახლებული დევნილები სასმელი და სარწყავი წყლის დეფიციტზეც საუბრობენ. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ წყლის ჭაბურღილი კი დაამონტაჟა, მაგრამ წყალი არასაკმარისია და თან უხარისხო, რამაც განსაკუთრებული პრობლემა ჰაერის ტემპერატურის მატებისას შექმნა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე თამაზ გვიმრაძე კოტეჯებში შექმნილი მდგომარეობის გამო პასუხისმგებლობას იმ კომპანიებს აკისრებს, რომლებმაც მოხისის დასახლება ააშენეს. მისივე განცხადებით, სამშენებლო კომპანიამ ყველა ხარვეზი უნდა გამოასწოროს. რაც შეეხება სასმელ წყალს, გვიმრაძის თქმით, ის შემოწმებულია და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

სოფელ მოხისის დევნილთა დასახლებაში ფრონეს ხეობიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანები ცხოვრობენ. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თუ პრობლემების მოგვარება დროულად არ დაიწყო, დევნილთა ყოველდღიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
XS
SM
MD
LG