Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონში საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულთა უმრავლესობა გათავისუფლებულია


ხიდი მდინარე ენგურზე, რომელიც გალისა და ზუგდიდის რაიონებს აკავშირებს
ხიდი მდინარე ენგურზე, რომელიც გალისა და ზუგდიდის რაიონებს აკავშირებს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველომ 24 ივლისს განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეების ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა 22 ივლისს დააკავა 27 ადამიანი, რომლებიც "აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და კონტრაბანდის ავტობუსით გადატანას ცდილობდნენ". რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს პრესმდივანმა ვასილი მალაევმა აფხაზ ჟურნალისტებს აცნობა, რომ დაკავებული ქართველები, რომლებიც "საქართველოში გადასვლას არსებული გამშვები პუნქტების გვერდის ავლით ცდილობდნენ", გალის უშიშროების განყოფილებას გადასცეს.

24 ივლისს განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. მან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 27 ადამიანის დაკავება გააპროტესტა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევად შეაფასა. ზუგდიდში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ სოფელ ოტობაიაში დაკავებული პირები 27 ივლისს, დილით, გაათავისუფლეს. კილანავას ინფორმაციით, მათ შორის არ არის ავტობუსის მძღოლი, რომელიც ამჟამად გალის იზოლატორში იმყოფება.

გასულ კვირაში მომხდარი ფაქტის შემდეგ ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმოსვლის რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არ დაადასტურეს იმ ადამიანებმა, რომლებიც 27 ივლისს გალის რაიონიდან ზუგდიდში ჩამოვიდნენ. მათ შორისაა სოფელ ნაბაკევის მკვიდრი ქალი, რომელმაც, როგორც თავად თქვა, ადმინისტრაციული საზღვარი დღეს უპრობლემოდ გადმოკვეთა.

სოფელ თაგილონში მცხოვრები ადამიანები ასევე ჰყვებიან, რომ ჯერჯერობით გადაადგილებას არც რუსები უშლიან ხელს და არც აფხაზები, თუმცა საზღვარზე თანხას ახდევინებენ: რუსი სამხედროები - სამ ლარს, აფხაზები კი - ორს. დღეს ზუგდიდში რამდენიმე ადამიანი ქალაქ გალიდანაც ჩამოვიდა. შუა ხნის ქალბატონმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მოსახლეობას ჯერჯერობით არ უშლიან გადაადგილებას.

გალის მცხოვრებნი იმასაც ამბობენ, რომ საკმაოდ არსებული ვითარების შესახებ ტელევიზიით გადაცემული ინფორმაცია ხშირად სინამდვილეს არ შეესაბამება. „ჩვენ ხომ იქ ვართ და უკეთ ვიცით, თუ სინამდვილეში რა ხდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გალელმა ახალგაზრდა ქალმა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები ადმინისტრაციულ საზღვარზე ჯერჯერობით კვლავ განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოძრაობენ, თუმცა დასძენენ, რომ მუდმივად აქვთ ვითარების უარესისკენ შეცვლის შიში.
XS
SM
MD
LG