Accessibility links

logo-print

საქართველოში ევროკავშირის მისიას მანდატი გაუგრძელეს


ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი (მარცხნივ) გალის რაიონში ერთ-ერთი სტუმრობისას

ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი (მარცხნივ) გალის რაიონში ერთ-ერთი სტუმრობისას

ევროკავშირის მისიას საქართველოში მანდატი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდა. ამასთან დაკავშირებით ბრიუსელში გადაწყვეტილება 27 ივლისს იქნა მიღებული. როგორც ევროკავშირში აცხადებენ, მთავარი მიზანი მონიტორების საქართველოს ოკუპირებულ ზონებში შეშვებაა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ფარავდა და ფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, მაგრამ ევროპელ მონიტორებს არ ეძლევათ საქართველოს იმ ნაწილებში გადასვლის საშუალება, რომლებსაც რუსეთი - და მასთან ერთად სეპარატისტული რეჟიმები -აკონტროლებს.

მანდატი 2010 წლის სექტემბრამდე იქნა გახანგრძლივებული. გადაწყვეტილების მიღებისას ბრიუსელში, ევროკავშირის მინისტერიალზე, რუსეთს და მასთან ერთად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმებს მოუწოდეს, დაუშვან ევროპელი მონიტორები საქართველოს მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. მაგრამ მსგავსი მოწოდებები არ ჭრის საიმისოდ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში მანდატით დაკისრებული ფუნქციები სრულად აღასრულოს.

ეს არის საქართველოში უკვე ერთადერთი საერთაშორისო მისია მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალისხმევით დაიხურა გაეროს და ეუთოს სადამკვირვებლო მისიები ოკუპირებულ ზონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ევროკავშირის მონიტორები ამ ზონებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მხარიდან აკვირდებიან. ეთნიკური ქართველების შევიწროების ფაქტებს იქ ვეღარავინ აღწერს. მდგომარეობა კი კიდევ უფრო მძიმეა. ახლახან რუსმა ოკუპანტებმა დააპატიმრეს გალის რაიონის მკვიდრი ქართველები, როცა ისინი ზუგდიდიდან გალის რაიონის მიმართულებით ავტობუსებით გადაადგილდებოდნენ. გავრცელებული ცნობებით, მათ დააპატიმრეს ორი ავტობუსის 30 მგზავრი, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრებს თან ჰქონდათ აფხაზური მილიციის ნებართვა გადაადგილებისთვის. მოგვიანებით რუსმა ოკუპანტებმა მგზავრების ნაწილი მათი ახლობლების მიერ ფულის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ოკუპირებულ ზონებთან ადმინისტრაციულ საზღვრებზე რუსი მესაზღვრეები ჩადგნენ. ევროკავშირის მისიისთვის მანდატის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტისას ბრიუსელში გაკეთდა კიდევ ერთი მოწოდება მხარეების მიმართ: შეასრულონ აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და გაიყვანონ ჯარები აგვისტოს ომამდელ პოზიციებზე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი შენდება რუსეთის სამხედრო ბაზები. რუსი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთი არ წავა ამ ტერიტორიებიდან. მიუხედავად ამ ყველაფრისა და მიუხედავდა იმისა, რომ ვერ ხერხდება ევროკავშირის მონიტორების დაშვება ოკუპირებულ ზონებში, მისიას საქართველოში უმნიშვნელოვანეს ფაქტორად განიხილავენ და მიიჩნევენ, რომ მისიის არსებობა განსაზღვრავს იმას, რომ საქართველოს სიღრმეში რუსეთი ვეღარ აწყობს სერიოზულ ინციდენტებს, პასუხისმგებლობის საქართველოსთვის დაკისრების მიზნით.

მისია ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში კმაყოფილები არიან ევროპელი მონიტორების მუშაობით, მაგრამ არსებობს ერთგვარი პროგრამა მაქსიმუმი. მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია განმარტავს:”თქვენ იცით, რომ, საბოლოო ჯამში, ამ მისიის საფუძველზე ყველაფრის ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში, რომელიც განლაგდება ეტაპობრივად.”

ამ იდეას რუსეთი ეწინააღმდეგება და შეეწინააღმდეგება კიდეც. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებაში არა აქვთ ილუზია, რომ ამ იდეის რეალიზაციისთვის რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა შედეგებს ახლო მომავალში გამოიღებს. ახლო პერსპექტივისთვის საქართველოში შესაძლებლად მიიჩნევენ ევროკავშირის მისიის ტექნიკურად გაძლიერებას და მისიის გახსნას ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებისთვის, თუკი ამის თაობაზე მიღწეული იქნება შეთანხმება. გასულ კვირაში საქართველოს ხელისუფლებაში დაადასტურეს, რომ არის გარკვეული საწყისი ეტაპის კონსულტაციები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ცნობად მიიღო საქართველოს სურვილი მისია გაფართოვდეს. ასევე გასულ კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა თბილისში, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა: ” ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მისიის გაფართოება-გაძლიერებას მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.”

7 ივლისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მანდატი კიდევ ერთი წლით გაუგრძელდა. ეს არ ნიშნავს, რომ, რაიმე მნიშვნელოვან საკითხზე - მაგალითად, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოსთვის მისიის გახსნის თაობაზე - პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მომდევნო ერთი წლის მანძილზე შეუძლებელი იქნება მანდატში ცვლილებების შეტანა. ცვლილებები ტექნიკურად შესაძლებელია, თუკი იქნება საამისო შეთანხმება.
XS
SM
MD
LG