Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიზნით სტუმრობს რუსეთის პატრიარქი უკრაინას


მარცხნიდან: პატრიარქი კირილე, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ვოლოდიმირი
მარცხნიდან: პატრიარქი კირილე, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ვოლოდიმირი
პატრიარქი კირილე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, ათი დღით სტუმრობს უკრაინას. ვიზიტისას, რომელიც ორშაბათს დაიწყო, კირილე პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდა. უკრაინაში ბევრი ეჭვობს, რომ ერთმორწმუნე ეკლესიის მეთაურის იქ ჩასვლა იმდენად სასულიერო სფეროს არა, რამდენადაც კიევზე მოსკოვის პოლიტიკური გავლენის გაფართოებას უნდა ემსახურებოდეს. უკრაინაში მართლმადიდებელი უწყება ორად არის გახლეჩილი: ერთი რუსეთის საპატრიარქოს ემორჩილება, მეორე კი, უკრაინის ორთოდოქსული ეკლესია, - კიევის პატრიარქატს.

მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი უკრაინაში ისტორიულ-რელიგიურ ადგილებს ეწვევა. ამ მოგზაურობის მწვერვალი იქნება დღე, როცა კირილე პატივს მიაგებს დიდ მთავარს ვლადიმირს, რომელიც პირველი იყო კიეველ რუსთა შორის, ვინც, გადმოცემის თანახმად, 988 წელს ბიზანტიელების ხელით ქრისტიანული წესით მოინათლა, რასაც კიევის რუსეთის გაქრისტიანება მოჰყვა.

მაგრამ კირილე უკრაინაში მხოლოდ სალოცავად არ ჩასულა. ბევრი ეჭვობს, რომ პატრიარქს რუსეთის გავლენის გაფართოება სურს უკრაინაზე, რომელიც კვლავ საკუთარი თავის, როგორც ერთიანი დამოუკიდებელი ერისა და სახელმწიფოს, ძებნაშია. თვად კირილემ კი განაცხადა, რომ მეზობელ სახელმწიფოში ჩამოსვლა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, ლოცვას. ეს სიტყვები მან ორშაბათს ვლადიმირის ძეგლთან წარმოთქვა კიევში: “მე ჩამოვედი დნეპრისპირეთში როგორც მლოცველი, რათა შევეხო ჩვენი ეკლესიის ამ ათასწლიან ისტორიას.”

პატრიარქი კირილე
კირილემ უკრაინის ეკლესიის მედიას მოგზაურობის დაწყებამდე უთხრა, რომ სურს შეხვდეს მორწმუნეებს მთელ ქვეყანაში. ის აპირებს გაესაუბროს თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს; პირველად უკრაინაში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის “წმინდა სინოდის” სხდომასაც გამართავს. კირილე, განსხვავებით რუსეთის პრეზიდენტ მედვედევისგან, “ჰოლოდომორის” - მე-20 საუკუნის 30-იან წლებში მოსკოვის პოლიტიკით გამოწვეული შიმშილობის - მსხვერპლთა მემორიალთან მივიდა პრეზიდენტ იუშჩენკოსთან ერთად. მაშინ შიმშილით მილიონობით უკრაინელი დაიხოცა, რაც, ფაქტობრივად, უკრაინელი ერის გენოციდს ნიშნავდა. ამას კი მოსკოვი უარყოფს. რუსეთის პატრიარქი ამ დღეებში ჩავა დონეცკში, უპირატესად ეთნიკური რუსებით დასახლებულ ქალაქში; ასევე ესტუმრება ყირიმის ნახევარკუნძულს და აპირებს აგრეთვე იმოგზაუროს დასავლეთ უკრაინაში.

ეს ყველაფერი ზედმეტი ეჩვენებათ უკრაინელ ნაციონალისტებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მოსკოვის პატრიარქატი გახლეჩილი უკრაინული ეკლესიის დიდ ნაწილს აკონტროლებს, და იქვე დასძენენ, რომ რუსეთის ეკლესიას რუსეთის მთავრობასთან მჭიდრო კავშირები აქვს. ორშაბათს კიევში, როგორც რადიო თავისუფლების კიეველმა კორესპონდენტმა გვითხრა, მობილიზებული იყო 6000-მდე მილიციელი. სწორედ მათი ჩარევით იქნა თავიდან აცილებული ჯვრის ტარების დროს, ვლადიმირის ძეგლიდან ეკლესიამდე, შეხლა-შემოხლა უკრაინელ ნაციონალისტებსა და პრორუსულ კაზაკებს შორის.

უკრაინელი ნაციონალისტების აზრით, რუსეთს რელიგიის გამოყენება სურს თავისი პოლიტიკური და კულტურული გავლენის გასაძლიერებლად უკრაინაში. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ნატოს წევრობის თემა, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება და რაზეც კრემლმა კვირასაც განაცხადა, რომ უკრაინის ხალხის ნებაა გასათვალისწინებელი ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე ფიქრისას. ეკლესიას რაც შეეხება, პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ კირილეს ჩასვლამდე თავისი სურვილი გამოთქვა, უკრაინის მართლდმადიდებელი ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყოსო. ორშაბათს ეკლესიის ერთობის თემას შეეხო რუსეთის პარტიარქიც, თუმცა მან იქვე მოსკოვის და კიევის ერთიანობაც ახსენა.

“მოვუხმობ ამ წმინდა მიწებზე გასხივოსნებულ წმინდანთა წინამძღოლობას. მათთან ერთად ვილოცებ უკრაინის კეთილდღეობისა და აყვავებისთვის, მშვიდობისა და მოქალაქეთა შორის თანხმობისთვის, მონათესავე, დნეპრის წიაღიდან წამოსული ჩვენი ხალხების მეგობრობისა და ძმობისთვის, ჩვენი ურღვევი სულიერი და საეკლესიო ერთიანობისთვის”.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია სიდიდით ვერ შეედრება კირილესადმი დაქვემდებარებულ სამწყსოს. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინაში 1100 ეპარქია აქვს. მოსკოვთან ამ ურთიერთობაში წონასწორობის შეტანის მიზნით, ნაციონალისტურად განწყობილი უკრაინელები ახალ გზებს ეძებენ. მათ გადაწყვიტეს მხარდაჭერა მოიპოვონ ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომე პირველისგან.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG