Accessibility links

logo-print

კიშინიოვის აეროპორტში საქართველოს მეთვალყურეთა დელეგაცია დააკავეს


კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ 11-კაციანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც მოლდავეთის დედაქალაქში საქართველოდან ჩავიდა 29 ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მეთვალყურეობის მიზნით. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ეკა სირაძე-დელონემ რადიო თავისუფლებას უთხრა, მოლდავეთში არ შეუშვეს მხოლოდ საქართველოდან მივლენილი მეთვალყურეები, და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს საზღვრის გადაკვეთისას პრობლემები არ შექმნიათ. დაკავების ოფიციალურ მიზეზად მოლდავეთის ხელისუფალნი დამკვირვებლების მხრიდან მოლდავეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის აკრედიტაციის არქონას ასახელებენ. მაგრამ ეკა სირაძე-დელონეს თქმით, მოლდავეთის საზღვრის გადასაკვეთად საქართველოს მოქალაქეებს არ სჭირდებათ მოლდავეთის ცესკო-ს აკრედიტაცია, რადგან ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. საგანგებო პრესრელიზში „სამართლიანი არჩევნები“ შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სთხოვს პასუხისმგებელ ორგანოებს მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიღებული ცნობების თანახმად, სამშაბათს დილით დელეგაციის წევრებს თბილისში დააბრუნებენ.
XS
SM
MD
LG