Accessibility links

პარლამენტის დროებითი კომისია გალის მოვლენებს ეხმაურება


პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ გალის რაიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. კომისიის განცხადებით, გალის რაიონში რუსი ოკუპანტების შესვლისა და მათი ადმინისტრაციულ საზღვარზე განლაგების შემდეგ ამ ტერიტორიაზე ეთნიკურ ნიადაგზე ადამიანის უფლებათა ხელყოფის ფაქტები, კერძოდ, მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები გახშირდა. კომისია მიიჩნევს, რომ შექმნილ პირობებში, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გააქტიურებას. კომისია აცხადებს, რომ ოკუპირებულ ზონებში ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად სასიცოცხლოდ აუცილებელია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ოპერაციების ახალი ფორმატის ჩამოყალიბება და აღნიშნულ ფორმატში ევროკავშირის როლის მნიშვნელოვანი გააქტიურება. როგორც ცნობილია, რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში, ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს, ზუგდიდიდან გალის რაიონში მიმავალი ავტობუსი და მიკროავტობუსი დააკავეს. 30-მდე მგზავრი, მათ შორის ჩვილებიც, ოტობაიას საბავშვო ბაღში ჰყავდათ დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ მათ აფხაზური პოლიციისგან გადაადგილების ნებართვა წინასწარ ჰქონდათ აღებული.
XS
SM
MD
LG