Accessibility links

logo-print

“შაჰსეი ვაჰსეი” მაჰმადიანთა - შიიტთა და სუნიტთა - დაახლოების ფონზე აღინიშნება


ავღანეთის შიიტი მაჰმადიანები ქაბულში აშურას დღესასწაულს აღნიშნავენ

ავღანეთის შიიტი მაჰმადიანები ქაბულში აშურას დღესასწაულს აღნიშნავენ

მთვარის კალენდრით, მუჰარამის მეათე დღეს აღნიშნავენ შიიტი მაჰმადიანები “შაჰსეი ვაჰსეიდ” წოდებულ აშურას დღეს, რომელიც, ფაქტობრივად, გლოვის დღეა. გლოვობენ იმამ ჰუსეინს, წინასწარმეტყველ მაჰმადის შვილიშვილს, მისი მოწამებრივი სიკვდილის დღეს. “შაჰსეი ვაჰსეის” აშურას შიიტები უწოდებენ. ეს გლოვის დღეს წარმოთქმული ტექსტის - “შაჰ ჰუსეინ, ვაჰ, ჰუსეინ”, “მეფე ჰუსეინ, ვაჰ, ჰუსეინ” - არასწორი, ყურით გაგონილი ვერსიაა და ასე შემორჩა ის ამ დღეს სახელად.

ამ დღეს შიიტები ხელით თუ ჯაჭვებით, ზოგჯერ კი ცივი იარაღით საკუთარ სხეულს ტკივილს აყენებენ და ამით სიმბოლურად იმ ტანჯვას განიცდიან, რომელიც ჰუსეინმა გადაიტანა, ევროპული კალენდრის მიხედვით, ქრისტეშობიდან 680 წელს. მაშინ იყო, რომ მოხდა უდიდესი განხეთქილება მაჰმადიანთა შორის და შიიტებად და სუნიტებად დაყოფა. ეს არ იყო უბრალო განხეთქილება. აშურას დღესთან დაკავშირებითაც ხდება ხოლმე ძალადობა. 4 იანვარს იმამ მუსა ალ ყადიმის მეჩეთთან, ბაღდადში, თვითმკვლელმა ქალმა თავი აიფეთქა. მართალია, პასუხისმგებლობა მომხდარზე არავის უკისრია, მაგრამ ვარაუდები მას სუნიტებს უკავშირებს.

აშურა, მოკლედ, სუნიტთა და შიიტთა დაპირისპირების დღეცაა, მაგრამ მაჰმადიანურ ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროის მოვლენების გამო ამ ორ, მამასისხლად წაკიდებულ, ფლანგს შორის დაახლოება შეინიშნება.

აშურას აღნიშნავენ შიიტები ერაყში, ქარბალაში, სადაც დაეცა ჰუსეინი. ქალაქში მლოცველებისთვის გზაზე საჭმელს ამზადებს ჰაჯჯა უმ ლატიფი, ხანში შესული ქალი, რომელმაც ჩვენი რადიოს ერაყულ რედაქციას უთხრა, რომ შიიტთა მდგომარეობა ამ ქვეყანაში, განსხვავებით წარსულისაგან, როცა, ჰუსეინის რეჟიმის დროს, იდევნებოდნენ, უკეთესია:

“იმამ ჰუსეინის სახელზე ყოველ წელს ვამზადებ ფლავს. ღვთის წყალობით, ყოველ წელს სულ უფრო მეტის გაკეთება გვიწევს. მადლობა ღმერთს, საკმარისად გვაქვს. ახლა ფლავის მომზადება შეგვიძლია, ადრე კი ჩუმად ვაკეთებდით, გვეშინოდა.”

დღეს ერაყში შიიტებს აღარ ეშინიათ. ბოლო წლებში ისტორიის განვითარებას რეგიონში სხვა ნიშანი დაეტყო. ზოგიერთი ექსპერტი შიიტებისა და სუნიტების კიდევ უფრო გამძაფრებულ დაპირისპირებას მოელოდა, მაგრამ რეგიონის ამბებში ჩახედული სწავლულები საპირისპირო ტენდენციაზე ლაპარაკობენ. ერაყის ომის შემდეგ იქ შიიტები მომძლავრდნენ, ირანის წინამძღოლობით, და ხდება ის, რაც ისლამის ორი ფრთის ურთიერთობაში იშვიათობაა: სუნიტები და შიიტები ერთი საქმის გარშემო გაერთიანებას იწყებენ. საუდის არაბეთში დაბადებული მაი იამანი, ანტროპოლოგი და პოლიტიკური ანალიტიკოსი, ამბობს:

“ერთობ საინტერესო ცვლილებასთან გვაქვს საქმე -განსაკუთრებით, ღაზის კონფლიქტის დაწყების შემდეგ. ეს არის ყველა ისლამისტის - შიიტია თუ სუნიტი - გაერთიანება ზომიერი, აშშ-ის მოკავშირე, არაბული რეჟიმების წინააღმდეგ.

ღაზის კონფლიქტმა უბრალო სუნიტებსა და შიიტებს, ასევე შეიარაღებულ ჯგუფებს შორის გამყოფი ზოლის ძვრა გამოიწვია. ზეწოლა სუნიტურ რეჟიმებზე, როგორიცაა ეგვიპტე და საუდის არაბეთი, რომლებიც ირანთან არიან დაპირისპირებული, ძლიერდება. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ მოვლენათა განვითარება თანხმობაშია ირანის ისლამური რევოლუციის იდეასთან. აიათოლა ხომეინის ლოზუნგი ასეთი იყო: არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი, -ისლამი. ირანსა და ერაყს შორის ომმა ეს მოლოდინი შეამცირა, მაგრამ ერაყში ჰუსეინის დამხობას შიიტების მოძლიერება მოჰყვა. ერაყის მთავრობას შიიტები აკონტროლებენ. ირანს მასზე გავლენა აქვს. ამას კი ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, კარგად იყენებს - შიიტ ჰიზბალაჰსაც ეხმარება და სუნიტ ჰამასსაც, ღაზაში. სამი წლის წინ აჰმადინეჟადის გამოთქმამ, რომ ისრაელი უნდა “აღიგავოს პირისაგან მიწისა”, შოკი მოჰგვარა დასავლეთს. მაგრამ ამ პოპულიზმმა ზემოხსენებულ ტენდენციას მეტი ბიძგი მისცა, ამბობს არაბი პოლიტოლოგი იამანი:

“თუკი პალესტინელთა საქმე ახლო აღმოსავლეთის მაჰმადიან არაბთა მაჯისცემაა, მაშინ ირანელები შეეცდებიან, როგორც ამათი დამცველები, საუდის არაბეთს, ეგვიპტეს და სხვა არაბულ რეჟიმებს ჩაენაცვლონ.”

როცა ჰამასი ისრაელის არმიას უპირისპირდება, ირანი, პალესტინელთა ამ სუნიტურ-ისლამისტური მოძრაობის მომხრე, ყველგან მხარდაჭერით სარგებლობს - მაშინაც კი, როცა ირანის სასულიერო რეჟიმი ძალზე არაპოპულარულია შინ. ასევე იყო ჰიზბალაჰთან დაკავშირებითაც, რომელიც მაჰმადიანთა შორის პოპულარული გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელთან 2006 წლის ომის შემდეგ გარიყული იყო. მას მერე ჰიზბალაჰმა ლიბანში წარმატებას მიაღწია და ახლა იქ მთავრობის ნაწილს წარმოადგენს. ირანი კი, ამ შიიტური გაერთიანების გამარჯვების შემდეგ, წარმატებით ტკბებოდა. ანალიტიკოსები მოელიან, რომ თუკი ჰამასისთვის ღაზის კონფლიქტი ასეთივე მოჩვენებითი გამარჯვებით დასრულდა, ეს თეირანის წისქვილზე დაასხამს წყალს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ კონფლიქტმა აჩვენა, რამდენად ფართოდ დგანან ირანის სუნიტები ჰამასის უკან. ჰამასთან დაკავშირებულ ეგვიპტელ მუსლიმთა საძმოს თავმჯდომარემ მოჰამედ მაჰდი აკეფმა კუვეიტის გაზეთს “ალ ნაჰარს “უთხრა, რომ მხარს უჭერს ირანელი შიიტების ქმედებას ახლო აღმოსავლეთში და რომ ირანი, რომელიც, ზოგიერთი ვარაუდით, ბირთვულ ბომბს ქმნის, უფლებამოსილია იქონიოს ატომური იარაღი.

ისრაელის ექსპერტი იოსი მეკელბერგი, რომელიც ლონდონში მუშაობს, ფიქრობს, რომ ირანმა წარმატებით მოირგო პალესტინელთა და ისლამისტთა დამცველის სამოსელი. რელიგიურმა განხეთქილებამ უკან გადაინაცვლა და ადგილი დაუთმო პოლიტიკას და იდეოლოგიას, მით უმეტს, რომ ბევრი არაეფექტიანად მიიჩნევს, აშშ-ის მხარდაჭერით, ეგვიპტისა და იორდანიის მოქმედებას პალესტინელთა სასარგებლოდ.

“გამყოფი ზოლი მათ შორის გადის, ვინც, ერთი მხრივ, რადიკალურ ისლამს ემხრობა, არ მოსწონს დასავლეთისა და უცხო ძალების ჩარევა, სურს ისლამური ფუნდამენტალიზმის და შარიათის გაძლიერება რეგიონში, და, მეორე მხრივ, ვისაც ან მხოლოდ ისეთი დიქტატურა სურს, როგორიც ეგვიპტე და ლიბიაა, ან იორდანიის მსგავსი რეჟიმი.”

ღაზის კონფლიქტმა დააბნია სუნიტი ლიდერი, ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი, რომელიც მძაფრად გააკრიტიკეს ისლამისტებმა იმის გამო, რომ კაიროში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ციპ ლივნის ღაზის კონფლიქტის დაწყებამდე შეხვდა. ისრაელის გაზეთი იუწყებოდა, რომ მუბარაკმა გასულ კვირაში ევროპელ ლიდერებს უთხრა, ისრაელმა უნდა დაამარცხოს ჰამასიო, რასაც ეგვიპტე უარყოფს. ეგვიპტელ მუსლიმთა საძმოს მეთაურმა, აკეფმა, ამის გამო მუბარაკი დაადანაშაულა ისრაელსა და ვაშინგტონთან ერთად ისრაელის ოპერაციის დაგეგმვაში. არაბული ლიგის თავმჯდომარემ, მუსამ, ცნობებს, რომ არაბული ქვეყნების მეთაურები ისრაელს ემხრობიან, დეზინფორმაცია უწოდა. მაგრამ არის მიზეზი, რატომაც არიან ასე შებორკილი და დაბნეული არაბი ლიდერები. ისინი ყველანი ეწინააღმდეგებიან ირანს, საფრთხეს გრძნობენ შეიარაღებულ ისლამისტთა ჯგუფების მხრიდან. ეგვიპტის შემთხვევაში, ეს “მუსლიმთა საძმოა”, რომელიც ჰამასს ეხმარება. როცა ჰამასმა ფათაჰი ღაზის სექტორიდან განდევნა, მუბარაკმა გონებამახვილურად შენიშნა: “ეგვიპტეს ახლა საზღვარი აქვს ირანთანო.” არაბი ანალიტიკოსი იამანი ამბობს, რომ სუნიტ ლიდერებს, რომელთაც ფართო ოპოზიცია ჰყავთ შინ, ახლა ღაზის სექტორის გამო თავის დაცვა უწევთ, რადგან ისლამურ სამყაროში ათასობით მაჰმადიანი ჰამასის მხარდამჭერ საპროტესტო გამოსვლებს მართავს:

“დღეს ხალხი აღარ განასხვავებს ერთმანეთისგან (და ამას ვხედავთ “ალ ჯაზირას” თუ სხვა ტელეარხების მიერ გადაცემული დემონსტრაციების ამსახველ კადრებში) შიიტურ ჰიზბალაჰს, სუნიტურ ჰამასს და სუნიტურ მუსლიმთა საძმოს. ხალხი საპროტესტო გამოსვლებს მართავს ოკუპანტების და იმ არაბი ზომიერი მმართველების წინააღმდეგ, ვისი ქმედებაც არაა ეფექტიანი. სინამდვილეში ისინი ამ ლიდერებისგან მოითხოვენ ან მოქმედებას, ან წასვლას.”

მართალია, შიიტები “შაჰსეი ვაჰსეის” აღნიშნავენ, მათი დაპირისპირება სუნიტებთან ადვილად დასაძლევი არაა. განხეთქილება ძველი და ღრმაა. არაერთ ლიდერს გამოუთქვამს უკმაყოფილება ირანის შიიტთა გავლენის გაზრდის გამო ახლო აღმოსავლეთში. მათ შორის, ოსამა ბინ ლადენსაც კი მკაცრად გაუკრიტიკებია თეირანი ამ მიზეზით. თეირანის სწრაფვა რეგიონალური გავლენის მქონე სახელმწიფო გახდეს, თეორიულად, ალ ყაიდის ლიდერსაც კი იმ ბანაკში მოაქცევს, რომელშიც ისრაელი, სუნიტი ეგვიპტელი ლიდერები და აშშ-ია. პარადოქსია, მაგრამ ამ დღეებში, ღაზის კრიზისის პერიოდში, ისლამს შიგნით არსებული განხეთქილების შემცირებას სპარსული სურნელის მქონე პოპულიზმი უწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG