Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატებმა სახალხო დამცველის კანდიდატურები დაასახელეს


სოზარ სუბარი, საქართველოს სახალხო დამცველი
სოზარ სუბარი, საქართველოს სახალხო დამცველი
საქართველოს 16 სექტემბრიდან ახალი სახალხო დამცველი ეყოლება. სწორედ 16 სექტემბერს ეწურება უფლებამოსილების ვადა სოზარ სუბარს, რომელიც ომბუდსმენის მოვალეობას 2004 წლიდან ასრულებდა. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ უკვე დაასახელეს მათთვის მისაღები კანდიდატურები: უმცირესობას ომბუდსმენის თანამდებობაზე დეპუტატ დიმიტრი ლორთქვიფანიძის ხილვა სურს, უმრავლესობის რჩეული კი 32 წლის იურისტი, საქართველოში ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის მენეჯერი, გიორგი ტუღუშია.

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, პარლამენტი სახალხო დამცველს ირჩევს თანამდებობაზე მყოფი დამცველის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 და ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა. სწორედ ამ ვადების დაცვით, საპარლამენტო უმცირესობამ ომბუდსმენის თანამდებობაზე კოლეგა, დიმიტრი ლორთქიფანიძე, დაასახელა. დეპუტატ ნიკა ლალიაშვილის თქმით, უმცირესობა ბოლო დრომდე მხარს უჭერდა სოზარ სუბარს, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავად განაცხადა შეთავაზებაზე უარი.

„შესაბამისად, ჩვენი არჩევანი დიმიტრი ლორთქიფანიძეზე შევაჩერეთ,“ უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკა ლალიაშვილმა, „ის არის კვალიფიციური, კარგად ჩახედული ამ სფეროში და იმედი გვაქვს, რომ თავს გაართმევს.“

დიმიტრი ლორთქიფანიძეს მხარს, როგორც უკვე ვთქვით, საპარლამენტო უმცირესობა უჭერს, თუმცა, ცხადია, სახალხო დამცველის დასამტკიცებლად ოპოზიციურ ფრაქციებს მანდატების რაოდენობა არ ეყოფათ. საქმე ისაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ 28 ივლისს გამართულ სხდომაზე გიორგი ტუღუშის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

„ბატონი გიორგის კანდიდატურა შეირჩა მისი გამოცდილებით როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ კუთხით თანამშრომლობით. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული კანდიდატურა.“ - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის თქმით, გიორგი ტუღუშის კანდიდატურას ომბუდსმენის თანამდებობაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარადგენს. გიორგი ტუღუშს, რომელიც წლების განმავლობაში ეუთოში ადამიანის უფლებათა ოფიცრად მსახურობდა, დადებითად ახასიათებენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის თამარ ხიდაშელის თქმით, ბოლო წლებში გიორგი ტუღუში საქართველოში ევროკავშირის პროექტის მენეჯერად მსახურობდა.

„ნამდვილად კომპეტენტურია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, თუმცა როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი, მე ის არ მინახავს. გიორგი ტუღუში ნანახი გვყავს როგორც კარგი მენეჯერი, როგორც კარგი ექსპერტი“, განუცხადა თამარ ხიდაშელმა რადიო თავისუფლებას.

რაც შეეხება მოქმედ სახალხო დამცველს, კანონი სოზარ სუბარს აძლევს საშუალებას მეორე ვადით დარჩეს თანამდებობაზე, თუმცა ამისთვის საჭიროა დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა, რაც, სოზარ სუბარისადმი მმართველი პარტიის დამოკიდებულების გათვალისწინებით, გამორიცხულია. მაინც რას უწუნებს უმრავლესობა მოქმედ სახალხო დამცველს?
გიორგი გაბაშვილი: „სახალხო დამცველი არის კიდევ ერთი პოლიტიკოსი, ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებებით, რომლის უკან ხშირად დგას მოარული ხმები და ჭორები.“

ამგვარი კრიტიკით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, როგორც წესი, ომბუდსმენის ანგარიშის განხილვისას გამოდიოდნენ, თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატებისგან განსხვავებით, სოზარ სუბარს არასოდეს აკლდა საზოგადოების მხარდაჭერა. თავად სოზარ სუბარი კი ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვას 2009 წლის 16 სექტემბრის შემდეგაც გააგრძელებს, თუმცა მოღვაწეობის კონკრეტული სფერო ჯერ არ აურჩევია. რადიო თავისუფლების არქივში შემორჩენილია სახალხო დამცველის ხმის ჩანაწერი, სადაც სოზარ სუბარი იმ თემებს ჩამოთვლის, რომელთა ინტენსიურმა ხსენებამ და ანგარიშიდან ანგარიშში გადატანამ ხელისუფლება განსაკუთრებით გააღიზიანა:

„ის, რომ გირგვლიანი 2006 წელს მოკლეს; ის, რომ რობაქიძე 2005-ში მოკლეს და დღემდე საქმეები არაა ბოლმდე მისული - ეს არ უნდა ახსენოს სახალხო დამცველმა? გელაშვილს სცემეს, მაგრამ საქმე არაა გახსნილი და რა მნიშვნელობა აქვს, როდის სცემეს? ამიტომ მე ამ საქმეებს ვახსენებ ყოველთვის, ყოველ ჯერზე, სანამ ვარ სახალხო დამცველი და მას შემდეგაც, როცა აღარ ვიქნები სახალხო დამცველი. მე ვარ ხალხის დამცველი და არა მთავრობის დამცველი!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG