Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებით შობილი ოპოზიცია ქურთთა რეგიონში


საარჩევნო მზადება ერაყის ქურთებით დასახლებულ რეგიონში
საარჩევნო მზადება ერაყის ქურთებით დასახლებულ რეგიონში
არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ერაყის ჩრდილოეთში, ქურთებით დასახლებულ რეგიონში, ქურთთა მმართველი პარტიები გაინაწილებენ პრეზიდენტის პოსტსა და პარლამენტის უმრავლესობას. თუმცა არჩევნების წინასწარი შედეგი იმასაც მოწმობს, რომ რეგიონში ასპარეზზე გამოდის ანგარიშგასაწევი ოპოზიცია, რომელსაც რეფორმისტული პროგრამა აქვს.

შაბათს ერაყის ჩრდილოეთში, ქურთთა ავტონომიაში, ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები მოწმობს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა მასოუდ ბარზანიმ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა რეგიონში გამართულ პირველ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში; ბარზანის ქურთთა დემოკრატიული პარტია და მისი მოკავშირე ქურთისტანის დემოკრატიული გაერთიანება კი ავტონომიურ პარლამენტში მანდატთა 55 პროცენტს მიიღებენ.

მაგრამ საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს ოპოზიციურმა პარტიებმაც. წინასწარი მონაცემების თანახმად, ე.წ. გორანი, ანუ „ოპოზიციური მოძრაობა ცვლილებებისათვის“ დაახლოებით 26 მანდატს მოიპოვებს ასადგილიან პარლამენტში. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ადგილობრივ პარლამენტში მოხვდება ოპოზიციური ქურთისტანის ისლამური ალიანსი, თუმცა ისინი გაცილებით სუსტად გამოვიდნენ არჩევნებში, ვიდრე ელოდნენ. საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამების დირექტორის მოადგილემ იოსტ ჰილტერმანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თუკი ოპოზიციური პარტიები პარლამენტის მანდატების ერთ მესამედს მოიპოვებენ, ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ სერიოზული ზეწოლა მოახდინონ მმართველ კოალიციაზე და ხელი შეუწყონ ოპოზიციის ანტიკორუფციული გეგმის განხორციელებას:


"არა მგონია, უკვე მიგვეღწია იმ ეტაპისთვის, რომ ოპოზიციას მმართველობა ჩამოერთმია ქურთისტანის დემოკრატიული პარტიისა და ქურთისტანის პატრიოტული კავშირისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, გორანის სიისა და ისლამისტების სახით, ქურთისტანის პარლამენტში ანგარიშგასაწევ ოპოზიციას ვიხილავთ. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან ორივე ამ ჯგუფმა საარჩევნო კამპანია კორუფციასთან ბრძოლასა და გამჭვირვალობაზე ააგო. ხოლო კორუფცია ქურთისტანში, ისევე, როგორც მთელ ერაყში, ფართოდ არის გავრცელებული."
ქურთებით დასახლებულ ავტონომიაში არჩევნების შედეგები ბევრწილად განსაზღვრა გააფთრებულმა წინააღმდეგობამ, რაც ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასა და ქურთებით დასახლებულ რეგიონებს შორის წარმოებს ნავთობით მდიდარი ტერიტორიების კონტროლის საკითხში და რაშიც ერთსულოვანია ქურთებით დასახლებული რეგიონის როგორც მმართველი კოალიცია, ისე ოპოზიცია.

ქურთთა ავტონომიის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ეთანხმება ბაღდადის პოლიტიკას, რომელიც ნავთობის მრეწველობის განვითარებას და მიღებული მოგების განაწილებას ეხება.
როგორც რადიო თავისუფლების ერაყულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა ერაყის პარლამენტის სპიკერმა აიად ალ სამარაიმ, ეს დისკუსია ცენტრსა და რეგიონს შორის იმდენად მწვავეა, რომ რამდენჯერმე ჩავარდა სასიცოცხლო მნიშვნელობის საკანონმდებლო ცვლილებები ენერგეტიკის საკითხებში და ამ დაპირისპირებამ, შესაძლოა, იანვარში დანიშნული ერაყის ეროვნული არჩევნების გადატანაც გამოიწვიოს.

თუმცა ქურთთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრი ნეშრივან ბარზანი ფიქრობს, რომ ქურთები ამ საკითხში მოქნილობას გამოიჩენენ და არსებული უთანხმოება შეიძლება გადაიჭრას:

"არჩევნების შემდეგ ჩვენ შეგვეძლება შევუდგეთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ჯერაც არსებობს ბაღდადსა და ირბილს შორის."

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ძალიან არის მონდომებული, რომ ხელი შეუწყოს ერაყის მთავრობისა და ქურთების ავტონომიის ხელმძღავნელობის პოლიტიკურ შერიგებას. ივლისის დასაწყისში ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ტელეფონით ელაპარაკა ქურთთა ლიდერს და მას დაპირისპირების მოგვარების აუცილებლობა შეახსენა. გასულ კვირაში ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ მალიკიმაც განიხილა არსებული ვითარება ბარაკ ობამასთან ვაშინგტონში შეხვედრის დროს. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერთ გეითსმა კი მისი მოულოდნელი ვიზიტის დროს ერაყში, 28 ივლისს, ღიად მოუწოდა ქვეყნის შიიტური, სუნიტური და ქურთული თემების ლიდერებს, ურთიერთობა 2011 წლამდე, ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გასვლამდე, მოაგვარონ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG