Accessibility links

ევროკავშირი მოლდავეთში გადამწყვეტი არჩევნების მოლოდინშია


საარჩევნო ბილბორდი მოლდავეთში

საარჩევნო ბილბორდი მოლდავეთში

მოლდავეთში ოთხშაბათს საპარლამენტო, განმეორებითი, არჩევნებია. 5 აპრილის არჩევნებს საპროტესტო გამოსვლები და ძალადობა მოჰყვა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ კენჭისყრა განმეორდებოდა. ევროკავშირი მოლდავეთის ამ არჩევნებს გადამწყვეტ გამოცდად მიიჩნევს. ევროკავშირის აღმოსავლეთში პარტნიორობის პროგრამა ექვს პოსტსაბჭოთა, პროდასავლური ორინეტაციის, სახელმწიფოზე ვრცელდება და მათ ევროკავშირში ეკონომიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. მოლდავეთის კომუნისტური მთავრობა კი პოლიტიკურ დათმობებს ითხოვს, როგორიცაა უვიზო მოგზაურობა და მხარდაჭერა რუმინეთთან დაპირისპირებაში.

მოლდავეთის შემთხვევა ააშკარავებს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ძლიერ და სუსტ მხარეებს, აჩვენებს რა, რომ კავშირი წარმატებულია დიაგნოზის დასმაში, მაგრამ უუნაროა, როცა საქმე მხარდაჭერას თუ ჩარევას ეხება. ევროკავშირის აღმოსავლეთში პარტნიორობის პროგრამაში, რომელიც მაისის შემდეგ მოქმედებს, გარდა მოლდავეთისა, რომელიც უმცირესია მათ შორის, ჩართული არიან, ბელორუსია, უკრაინა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

მოლდავეთი უშუალოდ ესაზღვრება ევროკავშირის წევრ რუმინეთს, რომელთანაც ენობრივი და კულტურული ერთობა აქვს. მოლდავეთივეა ქვეყანა, სადაც, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლის სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოფილ საბჭოთა სივრცეში “ყველაზე იოლ” გაყინულ კონფლიქტთან გვაქვს საქმე. მაგრამ რამდენად იზიარებს კიშინიოვი ევროკავშირის ფასეულობებს? ცხადია, ახლა ევროკავშირი არჩევნებს და მის შემდგომ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. რას მოელის ევროკავშირი მოლდავეთისგან? ამაზე ევროკომისიის წარმომადგენელი ამადეუ ალტაფაი ამბობს:
“რასაც ამ არჩევნებისგან, რომელიც 29 ივლისს გაიმართება, მოველით, ისაა, რომ ხელისუფლებამ და ყველა პოლიტიკურმა წამყვანმა ძალამ აჩვენოს, რომ დემოკრატიის მხარეს არიან. მოქმედი ინსტიტუციები და მოქმედი დემოკრატია გადამწყვეტია მოლდავეთის და მთელი რეგიონის მომავლისა და სტაბილურობისთვის.”



არჩევნების მიმართ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები იმედით არიან განწყობილი. მაგრამ ბევრმა მკაცრად გააკრიტიკა კომუნისტური ხელისუფლების მოქმედება 5 აპრილის კენჭისყრის შემდეგ. მოლდავეთში ევროკავშირის საგანგებო წარგზავნილი, კალმან მისეი, ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს საინტერნეტო გვერდზე, ინტერვიუში, ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიის ატმოსფერო მოწამლულია მთავრობის წარმომადგენლებისა და ოპოზიციოენრი პოლიტიკოსების დაუნდობელი ურთიერთბრალდებებით.” მისეი ევროკავშირის ადრინდელ განცხადებას იმეორებს, რომ შვიდი აპრილის ძალადობამ გამოავლინა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა. მისივე თქმით, მასმედიის თავისუფლება და ხარისხი გაუარესდა. ევროკავშირის დიპლომატები პირად საუბრებში არ მალავენ, რომ კიშინიოვმა არ შეასრულა დანაპირები და არ გამოიძია აპრილის ამბები. მიუხედავად მთავრობის დაპირებისა, რომ სახელმწიფოს ხელში მყოფი მედიის გამოყენების საშუალებას მისცემდა ოპოზიციას, მმართველი კომუნისტური პარტია განაგრძობს კამპანიას კერძო, მის ხელში მყოფი, ტელეარხის გზით.

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის, შვეციის, საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმაც თქვა ორშაბათს, რაც მოხდა, აღარ უნდა განმეორდესო:

“არ გვსურს იმის განმეორების ხილვა, რაც აპრილში მოხდა და იმედი გვაქვს, მოლდავეთის ხელისუფლები ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ და გვიჩვენებენ, რომ მზად არიან წინსვლისთვის იმ ევროპული გეგმის მიხედვით,რომელსაც ერთად ვახორციელებთ.”



ევროკავშირი მიესალმა მოლდავეთის მიერ საარჩევნო კანონში შეტანილ მცირე ცვლილებებს. პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი საკმარისად იყო მოწადინებული ევროკავშირთან სასაუბროდ და არაერთი სტუმარი ჩავიდა იქ ბრიუსელიდან. თუმცა თვითონ ვორონინი ევროკავშირს არ სწვევია, მისი ვიზიტი იქ ამ თვის დასაწყისში ჩაიშალა. ეს აჩვენებს, მიაჩნიათ ევროკავშირში, რომ მას პრობლემები აქვს რუმინეთთან, რომელსაც მოლდავეთის მთავრობამ ბრალად დასდო აპრილის მოვლენების დროს მის საქმეებში ჩარევა. ამავე დროს, ის ორჯერ იყო მოსკოვში. მოლდავეთის განხეთქილება რუმინეთთან, რაც გამოიხატა კიშინიოვის მიერ რუმინეთის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღებით, ბუქარესტის ნაბიჯის საპასუხოდ, გაეცა რუმინეთის პასპორტები მოლდაველებეზე, ხელს უშლის ევროკავშირს მომრიგებლად გამოვიდეს მთავრობასა და რუმინეთის მიმართ მეგობრულად განწყობილ ოპოზიციას შორის. კიშინიოვი სთხოვს ევროკავშირს, ჩაერიოს ამ უთანხმოებაში, მაგრამ ეს ჩარევა არ მოხდება, ევროკავშირის საშინაო პოლიტიკისა და იმის გამო, რომ ყველა 27 ქვეყანას იქ ვეტოს უფლება აქვს. რუმინეთთან დაძაბულობა, ევროკავშირის პერსპექტივიდან, მხოლოდ აისბერგის წვერია. ამ გართულებისგან დამოუკიდებლად, ევროკავშირი შეეცადა მოლდავეთში არსებულ კრიზისზე თავისი პასუხი ეჩვენებინა, როგორც შეთანხმებული და ეფექტიანი. ამავე დროს, ბრიუსელში ამბობენ, რომ კრიზისი აღმოსავლეთის პარტნიორობას და რეგიონალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი საგარეო პოლიტიკაში ერთადერთ იარაღად დიალოგს მიიჩნევს და, შესაბმისად, არ ძალუძს, რეალურ ხელისუფლებას ზურგი შეაქციოს. ის, ჩაურევლობის პრინციპიდან გამომდინარე, ნეიტრალურია და ისღა დარჩენია, თამაშის წესები აღიაროს, თქვას, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია და ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს აღარ ეხება.

თვითონ სამეზობლო პოლიტიკა მოიკოჭლებს, რადგან არაერთი შეზღუდვა აქვს. ის მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ ინტეგრაციას გულისხმობს და სიტყვას არ ამბობს წევრობაზე.

ამ ყველაფრის შედეგად, კონკრეტულად მოლდავეთის შემთხვევაში, ევროკავშირის შეფასებები დეკლარაციული ხასიათისა იყო. ივნისში საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოახერხეს მხოლოდ იმის თქმა, რომ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობა მიუღებელია. მაგრამ რა მოხდება, თუკი მოლდავეთის მთავრობა კვლავ ძველებურად მოიქცევა, არაა ცხადი. რადიო თავისუფლების ამ შეკითხვაზე, ევროკომიის წარმომადგენელმა ამადეუ ალტაფაიმ გვიპასუხა, რომ იქნება რეაქცია, მაგრამ ვერ დააკონკრეტა, რა სახის:

“მოლდავეთის ხელშია, დაუმტკიცოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მას შეუძლია იყოს სტაბილური დემოკრატია. სხვა დანარჩენი უკვე ამას მოსდევს. შედეგები გამოჩნდება სტაბილურობაში, მოქალაქეთა კეთილდღეობასა და, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროკავშირი, თანამშრომლობაში.”
ევროკავშირს, სანქციის სახით, შეეძლებოდა აღმოსავლეთთან პარტნიორობიდან მოლდავეთის გაწვევა. მაგრამ ეს იქნებოდა ნაბიჯი, - ამაზე ბრისულეში ხმამაღლა ვერავინ ლაპარაკობს, -ტოლფასი ევროკავშირის აღიარებისა, რომ ის უმწეოა. ასევე ხელფეხშეკრულია ევროკავშირი იმის გამო, რომ მოლდავეთი კატასტროფულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია. მთავრობის ქმედებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ყოველგვარი გარე დახმარება. კიშინიოვი სავალუტო ფონდიდან არაფერს იღებს. ამ დროს კი მოსკოვმა კიშინიოვს 500 მილიონი აღუთქვა და აქედან ნახევარი უკვე გამოუყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბრიუსელში ოპტიმისტურად არიან განწყობილი, სულ მცირე, ერთ საკითხში. ეს არის საკითხი სეპარატისტული დნესტრისპირეთისა, რომელზეც ევროკავშირის საგანგებო წარგზავნილი მოლდავეთში, მისეი, აცხადებს, რომ ეს კონფლიქტი შედარებით ადვილად მოსაგვარებელია - მისი სტატუსის შესახებ მოლაპარაკება განახლდება, რაწამს კიშინიოვში ახალი მთავრობა იქნება.
XS
SM
MD
LG