Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამართლიანი არჩევნების“ მეთვალყურეები თბილისში დაბრუნდნენ


ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მეთვალყურეები, რომლებსაც მოლდავეთის ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ნება არ დართო, კიშინიოვიდან საქართველოში დაბრუნდნენ. "სამართლიანი არჩევნების" 11 მეთვალყურე მოლდავეთში ორშაბათს დილით ჩაფრინდა, მაგრამ, ამ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის აკრედიტაციის არქონის საბაბით, ისინი დააკავეს. "სამართლიანი არჩევნების" პრესრელიზის თანახმად, ორგანიზაციის 11 წარმომადგენელი ერთი დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდა კიშინიოვის აეროპორტში და მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუმინეთში საქართველოს საელჩოსა და ორგანიზაციის - "საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" - ჩარევით მოხერხდა დაკავებულთა საქართველოში გამგზავრება. მეთვალყურეები თბილისში ღამის 3 საათზე ჩამოფრინდნენ. იმის თაობაზე, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები კიშინიოვში, „სამართლიანი არჩევნები“ საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებს. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მოლდავეთში ოთხშაბათს გაიმართება, რვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG