Accessibility links

logo-print
შიდა ქართლში ხორბლის მოსავლის აღება დაიწყო იმ მიწებზე, რომელიც ადგილობრივმა გლეხებმა შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით დაამუშავეს. წლევანდელ ალოობას აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ტრადიციის თანახმად, ადგილობრივმა გლეხებმა სტუმრებს ხორბლის თავთავები აჩუქეს. აგვისტოს ომის დროს სოფელ ნადარბაზევის მინდვრებში რუსმა სამხედროებმა დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა განალაგეს და იქვე დაბანაკდნენ. გასვლის წინ კი, ყანები დაწვეს, რის გამოც, ადგილობრივი მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა. შარშან ყანა დაეწვა ვიტალი დოდაშვილსაც, რომელსაც ნოემბერში ამერიკელებმა მიწის მოხვნა და ხორბლის დათესვა საკუთარი ფინანსებით შესთავაზეს. ახლა ნადარბაზეველი გლეხი ჰექტარზე 4 ტონა მოსავლის აღებას ვარაუდობს.

რეგიონში ამერიკული დახმარება 7000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. USAID-მა შიდა ქართლში ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და სოფლის მეურნეობაში რისკების შესამცირებლად 20 მილიონი დოლარი დახარჯა. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ გლეხებს პრობლემა არც მოსავლის ჩაბარებისას შეექმნებათ.

ნადარბაზევში ჩასულმა აშშ-ის ელჩმა ჯონ ტეფტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის მთავრობა პირობას ასრულებს და ომის დროს დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას განაგრძობს. ელჩის თქმით, კონფლიქტის ზონაში USAID-ი მალე დახმარების ახალ ეტაპს დაიწყებს. შარშან საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და მისმა კონტრაქტორმა კომპანია „CNF“-მა საზღვრისპირა სოფლებში მუშაობის დაწყება უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისა და გაუნაღმავი მინდვრების გამო ვერ შეძლეს, თუმცა ცხინვალთან ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას ხეხილის შესაწამლი მასალებით დაეხმარნენ. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მიწის დამუშავებას სექტემბრიდან უკვე საზღვრისპირა სოფლებშიც დაიწყებენ.
XS
SM
MD
LG