Accessibility links

logo-print

ქართველი დამკვირვებლების ”შეუსრულებელი მისია”


მოლდავეთი: ერთ-ერთი საარჩევნო უბანი

მოლდავეთი: ერთ-ერთი საარჩევნო უბანი

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” 13 მეთვალყურე მოლდავეთიდან თბილისში ოთხშაბათს გამთენიისას დაბრუნდა. ორგანიზაციამ მოლდავეთში 2 გრძელვადიანი და 11 მოკლევადიანი დამკვირვებელი გაგზავნა. 11 კაციანი ჯგუფი კიშინიოვში 26 ივლისს გაფრინდა, 27-ში კი ცნობილი გახდა, რომ მისი წევრები მოლდავეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ ქართველ დამკვირვებლებს მოლდავეთის საარჩევნო კომისიის აკრედიტაცია არ ჰქონდათ. ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ევროპული ქსლის წევრია და მოლდავეთის არჩევნებზეც მათი მიწვევით გაემგზავრნენ დამკვირვებლები.

ლეილა ტოგონიძე და მაია ბიბილეიშვლი ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ისნისა და სამგორის რაიონების კოორდინატორები არიან. ისინი შედიოდნენ მოკლევადიანი დამკვირვებლების 11 კაციან ჯგუფში, რომელიც კვირას გაემგზავრა მოლდავეთში. რაიმე გართულების მოლოდინი წინასწარ არ ჰქონიათ. ”სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებს საქართველოს გარეთ არაერთ ქვეყანაში მიუღიათ მონაწილეობა არჩევნების მონიტორინგში - იქნებოდა ეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსლისა (”ენემო”) თუ ეუთოს ეგიდით, მათ შორის - უკრაინისა და შუა აზიის რესპუბლიკებშიც. მაია ბიბილეიშვილი ამბობს, რომ ზოგადი ინფორმაცია მოლდავეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ჰქონდათ, თუმცა ქვეყანაში რომ დამკვირვებლებს არ შეუშვებდნენ, ამას არავინ ელოდა.

ლეილა ტოგონიძის თქმით კი, კიშინიოვის აეროპორტში, ვიდრე, საერთო წესის მიხედვით, საზღვარზე პასპორტებს შეუმოწმებდნენ, ქართველ დამკვირვებელთა ჯგუფთან უშიშროების სამსახურის თანამშრომელი მივიდა და ვინაობა ჰკითხა. შემდეგ პასპორტები მოსთხოვა, რაზეც თავდაპირველად ჯგუფის წევრებმა უარი უთხრეს. ლეილა ტოგონიძე ჰყვება: ”თუ გხვდებათ ვინმეო. გვხვდებიანო, ვუთხარით და დაგვანება თავი. გამოჩნდა ხუთიოდე წუთში და ჩვენი გრძელვადიანი დამკვირვებლის - გიორგის - პასპორტი შემოიტანა: თვითონ მასაც გამოვართვი პასპორტი იმიტომ, რომ თქვენს შესახებ მას ჰქონდა მხოლოდ სია და აკრედიტაცია არ აქვსო და ჩვენთვის მაშინ გახდა ცნობილი, რომ აკრედიტაცია, ფაქტიურად, არ იყო.”

სავარაუდოდ, ამის შესახებ უშიშროების სამსახურისთვის წინასწარ იყო ცნობილი და ისინი ელოდნენ საქართველოდან 11 კაციანი ჯგუფის ჩასვლას. უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა მოგვიანებით საქართველოდან ჩასული ჯგუფის წევრებს აეროპორტშივე წარუდგინა ცესკოს მიერ აკრედიტებული მეთვალყურეების სია, სადაც მათი სახელები არ იყო. ამის შემდეგ მეთვალყურეები მოსაცდელ ზონაში გადაიყვანეს და მათთვის ყურადღება აღარავის მიუქცევია, საქართველოს მისიის წარმომადგენელთა გარდა. ჯგუფი საქართველოში ორ გრძელვადიან დამკვირვებელთან ერთად დაბრუნდა სტამბულის გავლით. პასპორტები მათ მხოლოდ სტამბულის აეროპორტში დაუბრუნეს.

როგორც გვიყვებიან, საქართველოდან ჩასული ჯგუფის წევრებს ბოლომდე სჯეროდათ, რომ ვითარება გაირკვეოდა და მათ მიეცემოდათ არჩევნებზე დაკვირვების საშუალება.

რაც შეეხება ქართველ დამკვირვებელთა აკრედიტაციას: ჩემი რესპონდენტის ინფორმაციით, ამ პროცედურულ საკითხზე ზრუნავდა ევროპული ქსელი, რომლის ეგიდითაც უნდა დასწრებოდნენ ქართველები არჩევნებს. იგივე ”ენემო” უზრუნველყოფდა მეთვალყურეთა მგზავრობასაც. როგორც ირკვევა, მოლდავეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბოლო წუთას უარი თქვა რიგ მეთვალყურეთა - მათ შორის, ქართველების - აკრედიტაციაზე, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, მოგვიანებით გაირკვევა. ამის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეებს ცესკოს აკრედიტაციის გარეშეც შეეძლოთ მოლდავეთში შესვლა და მეთვალყურეები უქმად არც აკრედიტაციის გარეშე, ანუ საარჩევნო უბნებზე შესვლის გარეშე, დარჩებოდნენ.

მოლდავეთიდან ქართველი დამკვირვებლების გამოძევების საკითხზე ოთხშაბათს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზეც იმსჯელეს.
XS
SM
MD
LG